ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პოეტი, როგორც დეპუტატობის კანდიდატი;
საქართველო, როგორც თავისუფლების კანდიდატი;
შესანიშნავი პოეტი ტარიელ ჭანტურია, როგორც პოეტი და როგორც მოქალაქე, მუდამ „იდგა იქ, სადაც ქარიშხალია,“ და რადგან საქართველო ოცდაათ წელზე მეტია პოლიტიკურ შტორმშია, მასაც მოუწია პოლიტიკაში თავისი სიტყვის გამოცდა. მართალია, მაშინ პოეტისგან პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა მცდელობის დონეზე დარჩა, ღირდა შესანიშნავ პოლიტიკურ ანდერძად, რომელიც ამ ამბიდან შემოგვრჩა და რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.
ეს მოხდა 1990 წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პიკზე. საქართველოს რესპუბლიკის კომუნისტურმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს არჩევნები დანიშნა, რომელიც უცნაური სისტემით უნდა ჩატარებულიყო. მრავალპარტიულობა აკრძალული რჩებოდა, თუმცა „კონკურენციის“ ილუზიის შესაქმნელად, უზენაესი საბჭოს არჩევნებში „დამოუკიდებელი კანდიდატების“ მონაწილეობა დაუშვეს.
ოპოზიციის ნაწილმა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ეს არჩევნები ბოიკოტით ჩაშალა, ბოიკოტისტების მოთხოვნა მრავალპარტიული არჩევნები იყო. მაგრამ, ახლა ჩაშლილი არჩევნების „დეპუტატობის კანდიდატებს“ ვიხსენებ. ისტორიამ შემოგვინახა იმ ინტელექტუალთა საპროგრამო სიტყვები ( ნოდარ წულეისკირი, თამაზ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია და სხვები), ბოიკოტს რომ არ მიემხრნენ და საბჭოურ არჩევნებში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისკვეთებით დააპირეს შესვლა. ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობაში იყო განსხვავებული გზები, ქვეყნის ერთგული შვილებიც — განსხვავებული გზებით იყვნენ ჩართულები ერთი მიზნისთვის ბრძოლაში.
ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ჭანტურია ამ დროს გაზეთ „მამულის“ რედაქტორი გახლდათ, უკვე მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის პრემია და, რაც მთავარია, მკითხველის უსაზღვრო სიყვარული.
დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ჭანტურია — 1990 წელი
„ჩვენ — დეპუტატობის კანდიდატები ვართ, საქართველო — თავისუფლების კანდიდატია! და ჩვენ, დეპუტატობის კანდიდატებს, შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ერთი პროგრამა: თავისუფლების კანდიდატს მივცეთ ჩვენი ხმაც, თავისუფლებაც და, თუ საჭირო შეიქმნა — სისხლიც.“
1990 წლის მარტში ტარიელ ჭანტურია, ცხადია, არ გვთავაზობდა ბიუროკრატიულ დაპირებებს. მისი მაშინდელი პოლიტიკური განაცხადიც პოეტური იყო, ლაღი, ღირსეული, თავისუფალი, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე და რკინისებურად მყარი:

„საერთოდ, როცა საქმე წინასაარჩევნო პროგრამას ეხება, მწერლისა და საზოგადო კაცის მდგომარეობა მომგებიანად გამოიყურება – მას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რადგან ყველაფერი – რაც აწუხებს, რაც აფიქრებს, ვინ უყვარს, ვინ სძულს, რა მიზანი ამოძრავებს, რას ემსახურება – მის წიგნში წერია. გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არც მე ვარ! თუ ჩემს ამომრჩეველს ჩემი ერთი წიგნისთვის მაინც გადაუვლია თვალი, დარწმუნდება, რომ ჩემი პროგრამა – მინიმუმიცა და მაქსიმუმიც – საქართველოა, მისი სრული სუვერენიტეტია, დამოუკიდებელი და ბედნიერი სამშობლოა! აღარ ვამბობ მშობელი კუთხის სამსახურზე, რაც ყოველ ღირსეულ მოქალაქეს – დეპუტატსაც და მის ამომრჩეველსაც – ერთნაირად ევალება.
ლანჩხუთი ან ყვარელი რომ განთავისუფლდეს, ჯერ უნდა საქართველო განთავისუფლდეს! თელავი ან ოზურგეთი რომ აშენდეს, ჯერ უნდა საქართველო აშენდეს! ამიტომ პირველი თავისუფალი პარლამენტის ამოცანა გლობალური ეროვნული პრობლემების გადაწყვეტაა და არა მოდიდებული ღელის მიერ მიტაცებული ხიდის რესტავრაცია (ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ დეპუტატმა მის ამომრჩეველზე და კუთხეზე არ იფიქროს და იზრუნოს);
ჩემი ნდობით აღჭურვილ პირად ვთვლი უკლებლივ ყველა ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, მომცემს თუ არა რომელიმე მათგანი ხმას, და გულწრფელად მადლობას მოვახსენებ სუფსის საავადმყოფოს კოლექტივს და „ღვთის შვილთა ასოციაციას!“ – სწორედ მათ წამოაყენეს ჩემი კანდიდატურა.
„დეპუტატი ხალხის მსახურია!“ – მახსოვს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ყალბი ფრაზა! თუ ამირჩიეს, მე ვიქნები ჩემი კუთხის და ხალხის მსახური, საქართველოს მსახური. თუ არ ამირჩიეს, მე ვიქნები ის, ვინც ვარ – ჩემი კუთხის და ხალხის მსახური, საქართველოს მსახური! – საქართველოსი, რომელიც თავისუფლების კანდიდატია!“
გავიდა 36 წელი. საქართველო კვლავ იმავე ბრძოლაშია, კვლავ თავისუფლების კანდიდატია და პოლიტიკაში ჰაერივით და წყალივით სჭირდება ერთგული მსახურები, რომელთა პროგრამა – მინიმუმიცა და მაქსიმუმიც – საქართველოა.
ტარიელ ჭანტურიას 1990 წლის წინასაარჩევნო განაცხადი დარჩება მარადიულ შეხსენებად იმისა, რომ სამშობლოს სიყვარული ყველა პოლიტიკურ პროგრამაზე მაღლა დგას და რომ დეპუტატობა, შესაძლოა, იყოს ინსტრუმენტი ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივი ვალის ბოლომდე მოსახდელად და მეტი არაფერი.
ესეც 1990 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ლექსი

07/09/2026