საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართველმა ხალხმა გმირულად იბრძოლა თავისუფლების აღსადგენად. მართალია უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, ძალიან ბევრის თავგანწირვა ამაო არ ყოფილა. ახლა რასაც ვიხსნებთ, არის კიდევ ერთი მაგალითი თავისუფლებისთვის უწყვეტი ბრძოლის. ამას წინათ სვანეთის აჯანყება გავიხსენეთ, ახლა კი ხევსურეთის აჯანყებაზე გიყვებით. საუკუნის წინ მთაში რუსულ -ბოლშევიკური ოკუპაცია არ მიიღეს.
1922 წლის აგვისტო-სექტემბერში ანტისაოკუპაციო აჯანყება დაიწყო კახეთსა და ხევსურთშიც. ესეც ნამდვილი სახალხო გამოსვლა იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკის სოლომონ ზანდასტანიშვილის მოგონებების თანახმად:

ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც შეფიცულებთან ერთად გასული იყო ტყეში და იატაქვეშეთა „სამხედრო ცენტრის“ განკარგულებას ელოდა, ხევსურები ძალას ატანდნენ, ოკუპანტებთან ბრძოლა დროულად დაეწყო. იმის შიშით, რომ ხალხი თავისთავად არ გამოსულიყო და ამით საქმე არ დაზიანებულიყო , ქაქუცა ჩოლოყაშვილი კახეთიდან მთიულეთში გადავიდა.

ანტისაოკუპაციო პარიტეტულ კომიტეტში კი ( დამოუკიდებლობის კომიტეტში ) ნაადრევად მიიჩნიეს აჯანყების წამოწყება და ხევსურებს და ჩოლოყაშვილს დახმარებაზე უარი უთხრეს.
აჯანყებულების ამოცანა ხევსურეთში ოკუპანტების არ შეშვება, მისთვის პირველი სერიოზული დარტყმის მიყენება და აქედან მთელი ერის გასანთავისუფლებელი ლაშქრობის წამოწყება იყო. სხვა შეფიცულებთან ერთად პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს ხევსურეთში ახლდნენ:
თომა ბალიაური და ახალგაზრდა სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი.


ორივემ განსაკუთრებული როლი შეასრულა ხევსურეთის აჯანყებაში: ბალიაურმა ქისტებთან მოლაპარაკებაში, მიხა ხელაშვილმა კი უკან დახევის ოპერაციაში.
აჯანყებულებმა პირველ ეტაპზე რუსეთის საოკუპაციო ჯარი ხევსურეთში არ შეუშვეს, ის სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს. ცენტრიდან დახმარება ისევ არ ჩანდა. ქაიხსორო ჩოლოყაშვილმა სცადა ბრძოლაში ქისტების ჩართვა, მოლაპარაკებებცი წარმატებითაც აწარმოა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. რუსებმა თბილისიდან დამხმარე ძალები მიიღეს და ხელმეორე შეტევაზე ძალიან დიდი უპირატესობით წამოვიდნენ. აჯანყება დამარცხდა, თუმცა კი ქაქუცამ, მისმა რაზმმა და მთელმა ხევსურეთმა გმირულად და ბოლომდე იბრძოლეს. რუსები ხევსურეთში შევიდნენ და გადაწვეს ძირძველი სოფლები: ბუჩუკურთა, უკანახო, აკუშო, ბისო და ხადუ.

ეს მაშინედი გმირი ბერდიხა წიკლაურია, 96 წლის ასაკაში გადაღებული მისი ფოტო შემონახულია ივანე ლიქოკელის წიგნში „ხევსურები და ქაქუცა.“
ძმები თათარ და ჩაჩაურ ლიქოკელები, ესენიც ამბოხების მონაწილეები ყოფილან.

გადაწვა- გაძარცვა აოხრების მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმმა ხევსურები მაინც ვერ დამოირჩილა, მხოლოდ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო იქ საბჭოთა სტრუქტურების რეალური ამოქმედება.
მოგვიანებით დამარცხდა 1924 -ის დიდი აჯანყებაც. არადა, ამ აჯანყების ერთ-ერთმა მეთაურმა კოტე ანდრონიკაშვილმა ბოლშევიკ ჯალათებს ე.წ. სასამართლოს უთხრა:

„კიდევაც გავიმარჯვებდით,თუ არა საბედისწერო შეცდომა. ესაა ჭიათურაში თითქმის ერთი დღით ადრე გამოსგლა. ამან გადაწყვიტა აჯანყების ბედი. ამ გარემოებამ გააფრთხილა ხელისუფლება მიეღო დროზე ზომები და ჩვენი მთავარი ამოცანა - ვაზიანში მყოფი მთელი ამიერ-კავკასიის არტილერიის აღება –– ვერ შესრულდა. ამ ამოცანის შესრულება კი ჩვენ უტყუარი გამარჯვების შანსს მოგვცემდა.“
კოტე ანდრონიკაშვილი დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მიუსაჯეს დახვრეტა, რაც შეუცვალეს 10 წლიანი პატიმრობით და სასტიკი იზოლაციით. სავარაუდოდ, 1937 - 38 წლების რეპრესიებს შეეწირა. ზუსტად რომელი გულაგში დასრულდა მისი სიცოცხელ, ამის შესახებ ცნობები არ არსებობს.
1922–1924 წლების ანტისაოკუპაცია აჯანყებები ნათლად აჩვენებს საქართველოს მაშინდელი საზოგადოების აქტიურობას და თავდადებულობას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ადგილობრივი ლიდერებისა და უბრალო ხევსურების გმირული მოქმედებები წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, მიუხედავად ცენტრალური კომიტეტის მხარდაჭერის არქონისა. აჯანყება დამარცხდა, თუმცა ეროვნულ ცნობიერებას გმირულ წინააღმდეგობად შემორჩა. თავისუფლებისთვის ხევსურების საუკუნის წინანდელი ბრძოლა დღესაც შთამაგონებელია.
03/27/2026