კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არტისტი, მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი - ნინო რამიშვილი 1910 წლის 19 იანვარს ბაქოში დაიბადა. დამთავრებული აქვს იტალიელი ბალეტმეისტერის, მარია პერინის მიერ დაარსებული საბალეტო სკოლა თბილისში. 1927 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში; ასრულებდა პარტიებს ქართულ ოპერებში. 1936-1945წწ. საქართველოს ფილარმონიის ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; მან გასული საუკუნის 40-იან წლებში, მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად, შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის წამყვანი მოცეკვავე 1972 წლამდე თავად იყო. 1985 წლამდე გახლდათ ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ანსამბლს შემოვლილი აქვს მსოფლიო - ყველგან ტრიუმფითა და დიდებით. ემიგრაციაში მყოფი გრიგოლ რობაქიძე სუხიშვილების კონცერტს რომ დაესწრო, თქვა: ეს არის "ქართული გენია, როკვით განფენილი."
სალვადორ დალი ანსამბლის კოსტიუმებზე გაგიჟდა. "სუხიშვილების" უნიკალურ კოსტიუმებზე კი მხატვარი, სოლიკო ვირსალაძე მუშაობდა.
სოლიკო ვირსალაძე, თავდაპირველად, ნინო რამიშვილისთვის და ილიკო სუხიშვილისთვის ქმნიდა სასცენო კოსტიუმებს, შემდეგ კი, ის სუხიშვილების ანსამბლის უცვლელი დიზაინერი იყო. აჭარულის, სამაიას, აფხაზურის, ჯეირანის, ხორუმის, სიმდის კოსტიუმები მისი შექმნილია. როგორც თავად დიდი ხელოვანი იხსენებდა, როცა ანსამბლისთვის კოსტიუმებზე დავიწყეთ მუშაობა, ფული არ გვქონდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდიო.
ნიუ-იორკში, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის რეპეტიციაზე, მოულოდნელად სალვადორ დალი აღმოჩენილა. თურმე, ესპანელი მხატვარი, ქართული ცეკვის კოსტიუმებმა ისე აღაფრთოვანა, რომ ყვიროდა: სად არის მხატვარი, ის გენიოსია!. მხატვარი კი არსად ჩანდა. ხელოვანი, რომელმაც მარტო სალვადორ დალი კი არა, მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. მან ქართული თეატრალური მხატვრობის მთელი ეპოქა შექმნა.
ნინო სუხიშვილი: სოლიკო, ბებიას და ბაბუას, 60 წელი ედგა გვერდით. ის მათთვის ოჯახის წევრიც იყო. მისნაირ მოკავშირეს, საკუთარი იდეის განხორციელებაში, ნინო და ილიკო სხვას, ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურად მონაწილეობდა და პირველი კოსტიუმებიც ანსამბლისათვის საკუთარი ხელით გააკეთა - უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგან შორიდან აბრეშუმის და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა."

ნინო დისციპლინის მოყვარული და მკაცრი ხელმღვანელი იყო..
ილიკო - წესების დამრღვევების შუამავალი ნინოსთან.. თუ ვინმეს რამე უნდოდა ჯერ ილიკოსთან მიდიოდნენ, რომ მკაცრ ნინოსთან შუამავლობა გაეწია.
ილიკოს ბოლო წლებში გული აწუხებდა. ინფარქტიც ორჯერ ჰქონდა გადატანილი. ექიმებმა გვიან ჭამა აუკრძალეს, არადა, უყვარდა თურმე - გურმანი ყოფილა. ნინო ძალიან უფრთხილდებოდა ქმარს, სულ აკონტროლებდა, დალია თუ არა წამალი, ან ზედმეტად ხომ არ დაიტვირთა. უშლიდა ჭამასასაც, მით უფრო - საღამო ხანს.
ერთხელაც, კონცერტია და სადაცაა ნინო უნდა გავიდეს სცენაზე. ყოველი გამოსვლის წინ ისე ღელავდა ხოლმე, თითქოს პირველად გადიოდა საცეკვაოდ.
ამ დროს მას ყველაფერი ავიწყდებოდა. ამით ისარგებლა ილიკომ და გარეთ გაიპარა, რესტორანში შევიდა, კარგა გვარიანად ივახშმა და დაბრუნდა..
ნინო შეწუხებული დახვდა, ქმარს საყვედურიანი მზერით შეხედა. ილიკომ იფიქრა, არ მიხვდეს, რომ გარეთ ვიყავი და მისი გამოსვლისთვის არ მიყურებიაო და ქება-დიდება შეაგება ცოლს:
- რა დიდებული იყავი, ჩემო კარგო, როგორც ყოველთვის, მშვენივრად იცეკვეო.
- რა მშვენივრად, ადამიანო, მე ხომ დღეს წავიქეცი სცენაზე, - აღმოხდა თავისი მარცხით აღშფოთებულ ნინოს.
ილიკო არ დაიბნა და მიუგო:
- სამაგიეროდ, როგორ წამოხტი?!!
***
ნინო რამიშვილი 2000 წლის სექტემბერში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილიშვილისთვის, ნინოსთვის უთქვამს: შენ არ იცი, რა ცოტაა 90 წელი.
როდესაც ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდნენ, ურჩევდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, ის კი გამუდმებით ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა - "თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, მე ისინი ძალიან ძვირი დამიჯდა! "
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
01/19/2026