Logo

„თავი ხელში აიყვანე“ - რა შეცდომებს ვუშვებთ დეპრესიის მქონე ადამიანებთან

„თავი ხელში აიყვანე“ - რა შეცდომებს ვუშვებთ დეპრესიის მქონე ადამიანებთან

09/13/2026

ტექსტის ზომა

როდესაც ჩვენთვის ახლობელი ადამიანი დეპრესიას ებრძვის, დახმარების სურვილი ბუნებრივად ჩნდება. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად სწორია მეთოდი, რომლითაც მისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას ვცდილობთ.

„თავი ხელში აიყვანე“, „ცოტა გაისეირნე და გადაგივლის,“ - საუკეთესო სურვილებით ნათქვამი მსგავსი ფრაზები, დეპრესიასთან მებრძოლი ადამიანისთვის ხშირად განსხვავებულად ჟღერს და აფიქრებინებს, რომ ის, რასაც განიცდის, საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის.

სამწუხაროდ, დეპრესია კი ცუდ ხასიათზე ყოფნა ან ნებისყოფის ნაკლებობა არ არის. ეს მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ენერგიაზე, ძილზე, მადაზე, კონცენტრაციაზე, ყოველდღიურ საქმიანობასა და იმ საგნების მიმართ ინტერესზეც კი, რომლებიც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა.

ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომად სწორედ პრობლემის გაუფასურებას ასახელებს:

„რა შეცდომები შეიძლება დავუშვათ, როდესაც სხვა ადამიანებს, სხვადასხვა მენტალური პრობლემის დროს დახმარება სჭირდებათ?
„თავი ხელში აიყვანე“, „შენ რატომ ნერვიულობ?“, „რა გაქვს სანერვიულო?“ - ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ფრაზებია, რაც ნებისმიერი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება უთხრა. ნუ ეცდებით მის დარწმუნებას, რომ „სანერვიულო არაფერი აქვს,“ - ამბობს ფსიქიატრი.

დეპრესიის დროს ადამიანის განცდები ყოველთვის პირდაპირ არ არის დაკავშირებული გარეგნულ გარემოებებთან. შესაძლოა მას ჰქონდეს ოჯახი, სამსახური, მეგობრები და ყველაფერი კარგად მიდიოდეს, მაგრამ მაინც განიცდიდეს მძიმე დეპრესიულ სიმპტომებს. ამიტომ ფრაზა - „ყველაფერი გაქვს, რატომ ხარ დეპრესიაში?“ დახმარება არ არის. პირიქით, ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა დანაშაულის განცდაც გაზარდოს.

ასევე ნუ მოითხოვთ პაციენტისგან, რომ ის უბრალოდ „გამხიარულდეს“... არასწორია მოწოდებები - „გადი გარეთ“, „გაერთე“, „მეგობრებს შეხვდი“, „სპორტი დაიწყე“. ფიზიკური აქტივობა, სოციალური კონტაქტი და ყოველდღიური რუტინა მართლაც შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ დეპრესიის მკურნალობის მარტივ რეცეპტად მათი შეთავაზება არასწორია.

ფსიქიატრები ამბობენ, რომ დეპრესიული ადამიანების დახმარების საუკეთესო გზა მათთვის მოსმენაა.
ნუ იჩქარებთ რჩევების მიცემას, უბრალოდ მოუსმინეთ მას...

როდესაც ადამიანი თავის მდგომარეობაზე გვესაუბრება, ხშირად ავტომატურად გამოსავლის ძებნას ვიწყებთ. სინამდვილეში კი მას შესაძლოა იმ მომენტში რჩევაზე მეტად მოსმენა სჭირდებოდეს. არ არის აუცილებელი ყველა კითხვაზე პასუხი გვქონდეს. ზოგჯერ ბევრად მნიშვნელოვანია ვუთხრათ: „მესმის, რომ ძალიან გიჭირს.“ „შენთან ვარ.“ „მინდა მოგისმინო.“ „რა შემიძლია ახლა შენთვის გავაკეთო?“

ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდის (Mental Health Foundation) რეკომენდაციით, საუბრისას მნიშვნელოვანია ადამიანმა თავად განსაზღვროს, რამდენის თქმა სურს. არ უნდა ვაიძულოთ დეტალების მოყოლა, არ უნდა შევაფასოთ მისი განცდები და არც საკუთარი ძალებით ვეცადოთ მისთვის დიაგნოზის დასმას.

დეპრესიის მქონე ადამიანს ყოველთვის ვერ ვეტყვით სიტყვებს, რომლებიც მაშინვე უკეთ აგრძნობინებს თავს. მაგრამ შეგვიძლია არ გავაუფასუროთ მისი განცდები, არ მოვთხოვოთ „თავის ხელში აყვანა“ და არ დავტოვოთ მარტო.

ზოგჯერ ყველაზე სწორი დახმარება სწორედ ყველაზე მარტივი ფრაზით იწყება - „მე შენთან ვარ. მითხარი, როგორ შემიძლია დაგეხმარო.“

გუგა სიხარულიძის თქმით, სწორედ ეს არის მთავარი განწყობა, რომელიც ადამიანს ასეთ დროს უნდა დავანახოთ.

„ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შეგვიძლია ადამიანს ვუთხრათ, მაინც არის ის, რომ ის მარტო არ არის ამ ბრძოლაში, რომ მას აქვს ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა და ჩვენ ვართ მასთან,“ - გვირჩევს ფსიქიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

გუგა სიხარულიძედახმარებადეპრესიაფსიქიატრია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026