
10/04/2026
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 72 წლის გახდებოდა. ძალიან ადრე დატოვა სამზეო, 53 წლის ასაკში, მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლო. მისი შინაგანი დრო და სივრცე - რეალურს ვერ დაემთხვა, აცდა, დაიკარგა; თავი ვეღარ დაინახა იმ დროებაში, რაშიც უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა და... წასვლა არჩია.
მხრები რომ ჩამოყარა და დეპრესიას დანებდა, სიკვდილს თვალებში საკუთარი ნებით ჩახედა. როგორც ჩანს, ამ საქციელით ადამიანად არყოფნის სევდაზე დაკვირვება სცადა...

2011 წელს ლელა ჯიყაშვილმა, მის მიერ ჩაწერილი გოდერძის მონათხრობი ამბები, მემუარებად აქცია და წიგნად - "გუდამაყრელი იები" - გამოსცა. გენიალურმა რეჟისორმა და მწერალმა, თავისი ცხოვრების სხვადასხვა ისტორია, ჟურნალისტს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უამბო.
გთავაზობთ ამ წიგნიდან ამონარიდს, სადაც ჩოხელი იმ მძიმე ეპიზოდზე ჰყვება, როდესაც დეპრესიაში მყოფმა, მონასტერში თვითმკვლელობა სცადა.
"თავი რო მოვიკალი"
"ერთი პერიოდი, იცი, რა ახლოს ვიყავი სიკვდილთან? არავითარი შიში არ მქონდა. როგორც ქრისტიანი უნდა იყოს ერთი სახლიდან მეორეში გადასვლისას. ახლა ბევრს ვფიქრობ - შვილები, ახლობლები, ნათესავები... ის რო მეორედ... თან მაგრად მეშინია.
როგორ არ მეშინოდეს, ლელა, მაგრად მეშინია. შენ აზრზე არ ხარ, თავის მოკვლა რა არი. ღმერთმა ნურც მოგიყვანოს მაგის აზრზე. სიკვდილის წინაშე ვდგევარ. რაღაცა საშინელების წინაშე, თან მეორედ, თან ყველაფერი გააზრებული მაქ.
პირველად რომანტიკაც კი ურევია. თავის მოკვლაში რა რომანტიკა უნდა ერიოსო... რაღაცა შეუცნობელია და გადადიხარ შეუცნობელში.
მოძღვრის გულისთვის წამიყვანეს ქოზიფას მონასტერში, ღმერთო მაპატიე, საყვედურს ვერ ვეტყვი...
- გამანებეთ თავი, - ვეუბნებოდი, ვგრძნობდი, არ შემეძლო.
წავყევი...
მთელი ზამთარი ცუდად ვიყავი. იმ სამყაროსაც (მონასტერს) ვერ შევეწყვე. ძალით ვიდექი წირვაზე. ბოლო ძალებით. ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ... ამაოდ.

მითხრეს, ღამე უნდა ეზიაროო. წირვაზე ისევ ფეხზე ვიდექი. უკვე ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. ხატს რომ ვუყურებდი, ქრისტე რაღაცნაირად მეჩვენებოდა. ერთი ბერი იყო, იმას ვუთხარი: - ძალიან ცუდად ვარ-მეთქი, - და წავედი კელიაში.
იქ ბოლო ერთი კვირა ამეკვიატა თავის მოკვლა (არა, აქაც გავიფიქრე ერთ-ორჯერ).
უძილობისგან მაგრად ვიყავი შეწუხებული. ღამეები ვერ ვიძინებდი, რაღაცები მელანდებოდა.
ღმერთს ვუთხარი, თუ დამეძინება, აღარ მოვიკლავ თავს-მეთქი. ჰოდა, ჩამძინებია. რო გავიღვიძე, პირველად ის დავინახე, რო პურის ნატეხი იყო იქვე... რო შევხედე ცუდად ვიგრძენი თავი.
ფანჯარაში გავიხედე. ის ბერი მიდიოდა, რომელიც მემეგობრებოდა. ვიფიქრე, თუ ეს წავიდა, ვისთანღა უნდა დავრჩე-მეთქი.

პირველად გულში რო ჩავირტყი, წავიქეცი და ვიკრუნჩხებოდი. ვთქვი: აჰა, მოვა ეხლა სიკვდილი და ვაკვირდებოდი იმას, როგორ გადავალ იმ სამყაროში. ეგ მაინტერესებდა, იმ სამყაროში როგორ გადავიდოდი...
ხის ჯვარი იყო. იმ ხის ჯვარზე დავწექი - სადმე სხვაგან არ წავიდე, ისევ ჯვართან ახლოს ვიყო-მეთქი. ვიწექი ერთი ოცი წუთი ასე და ხელები და ფეხები მეკრუნჩხებოდა. რო არ მოვკვდი, ავდექი... მერე ღვიძლში, ელენთაში, კუჭში ვირტყამდი. ვიცოდი, სად უნდა დამერტყა. დანაც კი ჟანგიანი ავიღე, ვიცოდი, რო ჟანგიანზე პერიტონიტი ეწყებათ ხოლმე.
იმდენად ვიყავი სხვა ტკივილისგან გაწამებული, ეგ ტკივილი იმ ტკივილთან არაფერი იყო... იმ მთავარი ტკივილის სახელი არ ვიცოდი... მაშინაც ეგრე მეყინებოდა ყველაფერი, როგორც ეხლა. ტვინში, ეტყობა, სისხლი არ ამდიოდა...
მერე ვიღაცამ შემოაღო კარი, ასეთ დღეში რომ მნახა, რა დაემართებოდა. საჩქაროდ აიღო ფურცელი და კალამი და ანდერძს თუ რა ჰქვია... მონანიებას მაწერინებდა მომაკვდავს: უწმინდესს რას ეუბნებიო, ერს რას ეუბნებიო. უნდოდა, მოესწრო, რომ ცოდვებით არ წავსულიყავი...
იქ ექიმს რა უნდოდა. სადღაც მთებში ვიყავით. ოთხი საათი უნდოდა სიარულს რაიონამდე. ისე ვიყავი გაყინული, ეტყობა, რო მთლად სისხლად კი დავიცალე.
ეგ მახსოვს, რო მოვიდნენ ვიღაც ახალგაზრდა ბერები. გაგიჟებულები იყვნენ, - ეს რა მოხდაო.
იმათმა წამომიყვანეს საავადმყოფომდე. გზაზე გავითიშე და ნიშადურით მომაბრუნეს. მახსოვს, მეხვეწებოდნენ: არ მოკვდე, გოდერძ, არ მოკვდეო.
ერთ-ერთი ბერი ყოფილა ყოფილი ექიმი. თავზე მედგა... როგორ წვალობდნენ, ხან მაბრუნებდნენ ნიშადურით, ხან წყალს მასხამდნენ.
ქარელში მიმიყვანეს.
გზაში რაც იყო, მახსოვს ბუნდოვნად.
გადარჩენა
სიკვდილისა არ შემშინებია, რა...
როგორ ვირტყამდი დანას! ესე გავამაგრებდი ხოლმე დანიან ხელს კედელთან და შევეხეთქებოდი. არ შემშინებია. ხუთი ჭრილობა მოვიყენე.
ოპერაციის შემეშინდა. დედა ელენეს ხმა მესმოდა, რომ ტიროდა: გადაარჩინეთ, გადაარჩინეთო, - ევედრებოდა ყველას. მობილურზე ურეკავდნენ.
- ხუთი შემავალი ჭრილობა აქო, - ექიმმა უთხრა.
მე ვუთხარი:
- რო მოვკვდები, სახლში ნუ მიმასვენებთ-მეთქი.
რაღაცა იმ სახლში მისვლა აღარ მინდოდა. და რა მითხრა, იცი, ექიმმა?
- არ გრცხვენია, გოდერძი, სიკვდილის გეშინია?! მე შენს ვაჟკაცობაზე, შენს მოთხრობებზე ვარ გაზრდილი. ნუ გეშინიაო.
მერე თან ამ ბერების მრცხვენოდა, ეს რა ჩავიდინე, ამათ როგორ დასწყდებათ გული-მეთქი, - ვფიქრობდი.
საწყლები, იცი, როგორ მიყურებდნენ? თან არაფერი რო არ შეუძლიათ.
მაგრამ მეტი გზა რომ არ იყო, რა მექნა-მეთქი, მიტრიალებდა თავში ეს აზრი...
თბილისის საავადმყოფოში მოვედი აზრზე.
მითხრეს, გარეთ ბევრი ხალხია მოსული, შენზე დარდობენო. უცნობები და ნაცნობები შემოდიოდნენ.
მე ვეღარ ვხედავდი. ნარკოზისგან დამბრმალი ვიყავი.
მითხრეს, პატრიარქს ულოცია ჩემთვის, მერე გამოსულა და უთქვამს: - ნუ გეშინიათ, გოდერძი გადარჩებაო.
მაგრამ მინდოდა კი ესეთი გადარჩენა?
იცი, როგორ ცუდად ვარ? ღამე ისევ ვერ ვიძინებ. ბევრი წამალი უბრალოდ, მთიშავს. ძილი არ ჰქვია იმას. წამალი გავა - გავიღვიძებ საშინლად დაღლილი.

პატრიარქი
პატრიარქი მართლა სხვანაირია. თუკი საქართველო დღეს სუნთქავს, მართლა ღვთის სამსახურიდანაა და პატრიარქის ხელით აკეთებს ღმერთი ამას. რო ამბობდნენ, ღმერთი მოუვლენდა მხსნელს საქართველოსო, მოვლენილია პატრიარქი. თანაც თბილია და დიდი სიყვარული აქვს.
მეძახდა ხოლმე... მიბარებდა. სულ გვერდით მისვამდა ხინკალს მაჭმევდა. პატრიარქმა იცის, რომ ხინკალი მიყვარს. აბა, მე და გოდერძის ხინკალი მოგვიტანეთო, - იტყოდა. მოიტანდნენ ხინკალს...
- აი, მე ორი ცალი შევჭამე, ორი ცალი შენ უნდა შეჭამოო, - მეტყოდა ხოლმე.
არადა, ისე მიჭირდა ჭამა. სულ ხელები მიკანკალებდა, წვენი არ გადმომესხას ხინკლიდან-მეთქი... ჩემთვის წამება იყო პატრიარქის თვალწინ ჭამა, მერიდებოდა ძალიან... თანაც გვერდით დამისვამს ხოლმე. ცოტა მოშორებით რო იჯდე, სულ სხვაა.

თავი რო მოვიკალი, იმის მერე საავადმყოფოდან რო გამოვედი, მითხრა, მოდი, ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრეო.
თან ყველაფერი მაჩვენა: ეს წიგნები მაქვსო, წაიკითხავო. სხვაგან შემიყვანა, აქო ხატებს ვწერ, მიყურე ხოლმე, როგორ ვწერო. ბაღში ჩავიდეთ ხოლმე, იქ ყვავილები მაქვს - მოვრწყოთო. ჩემთვის ვფიქრობდი, რა იქნებოდა, პატრიარქთან რო მეცხოვრა!
მაინც არ წავედი. ცუდად ვიქნებოდი. ჩემი უბედურება, იცი, რა არი? იმედი მაქვს გადაწურული. მივხვდი, რო კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები.
ამ ზაფხულსაც შევხვდი ფასანაურში პატრიარქს.
- როგორ ხარო, - მკითხა, მერე თვითონვე მითხრა, - არა ხარ ცუდადო.
დარდი რო შემატყო, მითხრა: - აბა, მაშ, მე რა ვქნაო... ეტყობა, თვითონ უფრო იყო ცუდად.
პატრიარქთან ისეთი განცდა მაქვს, ხმას ვერ ვიღებ. თვითონ რაღაცას მელაპარაკება, მე რა ვუთხრა, არ ვიცი. მიყვება მეორედ მოსვლაზე, მეორე ჟამზე, კინოს გადაღებაზე.
ძალიან მოსწონდა "ლუკას სახარება". ლუკას სახარებისნაირი ფილმები გვინდა ჩვენო.

ვყოფილიყავი რა, მეცოცხლა რა, თან გამეხარა, რა იქნებოდა!
მეც მინდა ყოჩაღად ვიყო. კი არ მშურს. განა ბოღმა მაქ, მეც მინდა, რო კარგად ვიყო. რო ვეღარა ვარ, მოვრბივარ, რო დავწვე, იქნებ მოვკვდე. არ ვკვდები.
კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. "გველისმჭამელი" რო იყო, იმანაც ხო იცოდა ჩიტების, ბალახის ენა და მერე დაკარგა... აი, ეგრე ვარ. გრძნობა დავკარგე, სიტყვის თქმის უნარი.
გალობენ ჩიტები, ჩემს გულში გალობა კი არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს...
აღარც ჩოხში მინდა..."

გააზიარე სტატია