
09/20/2026
ბავშვი ტირის, ბრაზობს, ვერ ჩერდება, მშობელს კი იმ მომენტში არც ხანგრძლივი ახსნა შეუძლია და არც მოთმინების უსასრულო მარაგი აქვს.
ასეთ დროს, ტელეფონში ჩართული მულტფილმი ან საყვარელი ვიდეო ხშირად ყველაზე სწრაფი გამოსავალია.
რამდენიმე წამში ბავშვი მშვიდდება და ოჯახიც თითქოს ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

სწორედ ამიტომ იქცა ტელეფონი ბევრი მშობლისთვის ერთგვარ „ციფრულ საწოვარად“. თუმცა მეცნიერები ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელია ბავშვის ემოციების რეგულირებისთვის ეკრანის გამოყენება.
სულ ახლახან Journal of Communication-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა გააანალიზეს პროექტ M.E.D.I.A.-ს მონაცემები, რომლის ფარგლებშიც ბავშვების განვითარებას ექვს ეტაპად, დაახლოებით 2,5 წლიდან 7,5 წლამდე აკვირდებოდნენ.
მკვლევრებს აინტერესებდათ, რა კავშირი არსებობდა ბავშვის რთული ემოციების დასამშვიდებლად ეკრანის გამოყენებასა და ე.წ. აღმასრულებელ ფუნქციებს შორის.
აღმასრულებელი ფუნქციები ტვინის იმ უნარების ერთობლიობაა, რომლებიც ბავშვს ეხმარება, შეაჩეროს იმპულსური რეაქცია, გადაერთოს ერთი სიტუაციიდან მეორეზე, მოერგოს შეცვლილ გარემოებებს და პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე გზა მოსინჯოს.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოგნიტურ მოქნილობასა და საკუთარი იმპულსების შეკავების უნარს, ანუ უნარებს, რომლებიც ბავშვობის ადრეულ წლებში აქტიურად ვითარდება.

ბავშვების დაახლოებით 87%-ში ეკრანის გამოყენებასა და აღმასრულებელ ფუნქციებს შორის ორმხრივი კავშირი გამოვლინდა. ანუ საქმე მხოლოდ იმას არ ეხებოდა, რომ მშობელი ბავშვს ხშირად აძლევდა ტელეფონს და ეს შესაძლოა მის თვითრეგულაციაზე მოქმედებდა. იმას, თუ რამდენად ხშირად მიმართავდა მშობელი ტელეფონს მის დასამშვიდებლად თავად ბავშვის თავისებურებებიც განსაზღვრავდა.
ანუ ერთგვარი წრე ჩამოყალიბდა - ბავშვს უჭირს იმედგაცრუებასთან, გაბრაზებასთან ან სურვილის გადადებასთან გამკლავება, ამიტომ მშობელი უფრო ხშირად აძლევს ეკრანს. ეკრანი ბავშვს სწრაფად ართობს და ემოციური აფეთქებაც წყდება, მაგრამ ასეთ მომენტებში მას ნაკლები შესაძლებლობა რჩება, სხვა გზებით ისწავლოს დამშვიდება.
ეს, თავის მხრივ, კვლავ ზრდის ალბათობას, რომ შემდეგ რთულ სიტუაციაში მშობელს ისევ ტელეფონი დასჭირდება.

კვლევის ხელმძღვანელი ჯეინ შოუკროფტი სწორედ ამას უსვამს ხაზს: ბავშვები გავლენას ახდენენ მშობლების ქცევაზე და მშობლების ქცევაც, თავის მხრივ, ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს.
ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან რთულად დასამშვიდებელი ბავშვის მშობლისთვის მხოლოდ რჩევა - „ნუ მისცემ ტელეფონს“, შეიძლება არც სამართლიანი იყოს და არც განსაკუთრებით გამოსადეგი.
მშობელმა, რომლის შვილიც შედარებით მარტივად მშვიდდება, შესაძლოა ტელეფონის დახმარება იშვიათად დასჭირდეს. მაგრამ თუ ბავშვს ძლიერი ემოციური რეაქციები აქვს, ხშირად ბრაზდება, უჭირს მოცდა ან ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა, ტელეფონი მშობლისთვის სწრაფ და ეფექტურ ინსტრუმენტად იქცევა.
ამერიკის პედიატრიის აკადემია ურჩევს ოჯახებს, რომ ეკრანი ბავშვის დამშვიდების ერთადერთ საშუალებად არ იქცეს. თანამედროვე რეკომენდაციებში აქცენტი სწორედ სხვადასხვა, ეკრანისგან დამოუკიდებელი ემოციური რეგულაციის უნარის გამომუშავებაზე კეთდება.
ალტერნატივა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს.
1-2 წლის ასაკში ბავშვის თვითრეგულაციის უნარი ჯერ ძალიან შეზღუდულია. მას ზრდასრულის დახმარება სჭირდება - ჩახუტება, მშვიდი ხმა, ხელში აყვანა, ყურადღების გადატანა რეალურ საგანზე, მოძრაობა ან მშვიდი მუსიკა. ხშირად სასარგებლოა იმის შემოწმებაც, ხომ არ არის ტირილის მიზეზი შიმშილი, დაღლილობა ან ზედმეტი სტიმულაცია.

2-5 წლის ასაკში უკვე შეიძლება ემოციისთვის სახელის დარქმევა - „ვხედავ, რომ გაბრაზდი“, „გეწყინა, რადგან ახლა წასვლის დროა“.
პატარა ბავშვისთვის გრძელი ახსნა საჭირო არ არის. ორი მარტივი არჩევანი, ნელი სუნთქვის თამაში, წყლის დალევა, რამდენიმე წუთით წყნარ კუთხეში ყოფნა, ხტუნვა ან სირბილი ზოგჯერ გაცილებით ეფექტურია.
ამერიკის პედიატრიის აკადემიაც ურჩევს მშობლებს, ბავშვის ძლიერი ემოციის დროს თავად შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაარქვან განცდას სახელი და დაეხმარონ მას დამშვიდების სხვა გზის პოვნაში.
სკოლის დაწყების ასაკში ბავშვი უკვე შეიძლება თავადაც ჩავრთოთ პროცესში: „რა დაგეხმარება ახლა? - ცოტა მარტო ყოფნა, ჩახუტება, მუსიკა თუ გასეირნება?“ ამ ასაკში თანდათან უნდა ვისწავლოთ პრობლემის განხილვაც მას შემდეგ, რაც ძლიერი ემოცია გადაივლის.

და ბოლოს, მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ ბავშვს ტელეფონი არსოდეს უნდა მივცეთ. ეკრანის ერთჯერადი გამოყენება თვითრეგულაციის უნარს არ „აფუჭებს“. თვით ამერიკის პედიატრიის აკადემიაც აღნიშნავს, რომ არის სიტუაციები მაგალითად, ხანგრძლივი მგზავრობა ან სამედიცინო პროცედურა, როდესაც ეკრანი ბავშვის ყურადღების გადასატანად სრულიად პრაქტიკული ინსტრუმენტია.
გააზიარე სტატია