კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ესე უნდა ვთქვა, (ტიპმა) საერთოდ შეცვალა ბალეტის ლექსიკა" - წერს ბალერონ შვილზე - გიორგი ფორცხიშვილზე მამა, ქორეოგრაფი, გელა ფოცხიშვილი და Ted Brandsen-ის "კარმენიდან" ნაწყვეტის ვიდეოს აზიარებს.

გიორგი ფოცხიშვილი "მონოლოგში" - "მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას" - თავის თავზე ჰყვება.
ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი რომ ქართველი ბალერონია, უკვე საამაყო ფაქტია. პროფესიულ ინსპირაციად ქორეოგრაფი ბაბუის და მამის შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანს მიიჩნევს. ჯორჯ ბალანჩინთან მუშაობას ინატრებდა. არის ლაღი და შრომისმოყვარე. მის ცეკვაში ქართული ემოციურობა და გამომსახველობა ჩანს, მისი გმირები არიან უფრო მიწიერი, ვიდრე ჰაეროვანი, თუმცა სილაღე გასდევთ...



გიორგი ფოცხიშვილი: ცეკვა სიარულთან ერთად დავიწყე. ბაბუამ, მოცეკვავე გელოდი ფოცხიშვილმა ჩამოაყალიბა ფოცხიშვილების დინასტია. მე მის ხელში გავიზარდე. ლაპარაკი და ცეკვა ერთ დროს ვისწავლე. ქართული ცეკვა, ქართული ხალხური სიმღერა, ზოგადად ხელოვნება, იმდენად ჩვენი კულტურის ნაწილია, რომ დიდი შანსი იყო, მეც იგივე გზას დავდგომოდი. მთლიანად ქართული ცეკვის ბაზა მაქვს. დედა, ბალერინა მაია კიკნაძე, მამა ქორეოგრაფი - გელა ფოცხოვშილი, ბაბუა - ჩემი პედაგოგები იყვნენ. ბალეტი ჩვენს ოჯახში დედამ შემოიტანა. ქართულ ცეკვას ბალეტის შესწავლა დავუმატე. ძალიან დამაინტერესა. როდესაც ბალეტის კუთხით გადავწყვიტე განვითრება, ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელში შევედი. ნინო ანანიაშვილი მსოფლიო ბალეტის დიდი ფიგურაა. როდესაც მისგან ინფორმაციის მიღება გინდა, მოლოდინი და სიხარული გაქვს. განვითარებაში დამეხმარა. საქართველოში, საბალეტო სასწავლებელში, ზუსტად შვიდი წელი გავატარე. კლასში ერთი ბიჭი ვიყავი. დარბაზში გამოკეტილი ვიყავი მასწავლებელთან, ვიქტორია კუზნეცოვასთან ერთად, რომელმაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. უილიამ პრადი დამეხმარა, რომ მეპოვა მამაკაცის როლი ბალეტში.
მერე ქალბატონი ელენე გლურჯიძის მიწვევით ლონდონის საზაფხულო სკოლაში გავემგზავრე, რომელიც ევროპული საბალეტო სკოლების ანალოგია. იმდენად მომეწონა ლონდონის საზაფხულო საბალეტო სკოლა, რომ უკვე ევროპაში სასწავლებლების ძებნა დავიწყე. და ვიპოვე კარგი სასწავლებელი და მსოფლიო დონის თეატრი. ასე გამოჩნდა ამსტერდამი.

გამიმართლა, ჩემებს, ფოცხოშვილების სამეფო ნაციონალურ ბალეტს ტურნე ჰქონდა მთელს ჰოლანდიაში. მე მოვახერხე და რამდენიმე კონცერტში ვიცეკვე და დავპატიჟე თეატრის დირექტორი... ადაპტაციაში ქართული ცეკვა დამეხმარა. აღმოაჩინეს, რომ სცენაზე სულ სხვანაირად შემეძლო თავის წარმოჩენა. ჩემს მიმართ ინტერესიც იმ დღიდან გაიზარდა, როცა მნახეს, როგორ ვცეკვავდი სცენაზე.
პირველი ჩემი სცენაზე გასვლა იყო კოვიდ 19-ის პერიოდში. ლაივსტრიმით აჩვენებდნენ, პირდაპირ ეთერში. დარბაზში მაყურებელი არ მჯდარა. შემდეგ უკვე პროფესიონალებთან ერთად, ერთი სული მქონდა მაყურებლის წინ როდის გავიდოდი. ღელვა იყო. თუ არ ღელავ, ესე იგი არ გაინტერესებს. რაც უფრო ღელავ, მით უფრო პასუხისმგებლიანად უდგები.
ახლა იგივე პროგრამით ვხსნით, რითიც პირველად ვიცეკვე, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია. კოვიდის შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი მთავარი პარტია. ვერ დავიჯერე, რომ ასეთ თეატრში მთავარი პარტია ახალმისულმა შევასრულე.

მეხუთე წელია თეატრში ვარ. მთელი დღე დარბაზში მიწევს ყოფნა. დილით მოვდივარ. თეატრში ვსაუზმობ. ყველაფერს აქ ვაკეთებ. ვამზადებ პარტიებს არა მხოლოდ იმაზე, რასაც ამსტერდამში ვცეკვავ, არამედ მაქვს ბევრი მიწვევები და უნდა მოვამზადო.
სპექტაკლი უკვე შვებაა, დაბადებაა...
პირველი პრემიერის მერე გასახდელში ვიჯექი და არ მჯეროდა, ვახ, ეს მართლა მოხდა-მეთქი?
ბედნიერი ვარ, რომ "დონ კიხოტი", "რომეო და ჯულიეტა", "გედების ტბა", "რაიმონდა" ჩვენს თეატრს აქვს რეპერტუარში და ამ დიდი ბალეტების ცეკვა მიწევს.

ჩვენ, ქართველებს, ფეთქებადი ხასიათი გვაქვს და ეს ჩანს სცენაზე. ევროპაში მეტი ჩარჩოა. ორივე სტილის გაერთიანება საუკეთესოა.
როგორი თავდაჯერებითაც პირველ გასვლაზე ვიყავი, მინდა იგივე ტემპით გავაგრძელო. წამყვან სოლისტად გახდომა, იმ დიდი გეგმის ნაწილი იყო, რაც რამდენიმე წლის წინ დავისახე.
ყველაზე კარგი გართობაა, დასვენების დღეს, სადილად მეგობრებთან ერთად წასვლა, ლუდი, ღვინო. რთული კვირის შემდეგ კარგი გასართობია. კლასიკური მუსიკა კარგია, მაგრამ მედიტაციისთვის გჭირდება საკლუბო მუსიკა. ბიძაჩემი დიჯეია და მასწავლა. ელექტრონული მუსიკა განტვირთვაში მეხმარება. ეს ჰობი მაქვს.
ჩემი დიდი ინსპირაცია არის სამი ადამიანი - ბაბუა, მამა და ვახტანგ ჭაბუკიანი... ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემთვის მაინც ქართველთან, ჯორჯ ბალანჩინთან მუშაობაა ოცნება...

ქალბატონმა ნინომ და მთელმა გუდმა მკითხეს, როდის მქონდა თავისუფალი დრო და მეორე დღესვე ჩანიშნეს ორი სპექტაკლი - "ჟიზელი" და "დონ კიხოტი". სასიამოვნო იყო ჩემი ჩამოსვლა. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ბილეთი ვერ მივეცი.
ქართველი მაყურებლის ასეთმა სიყვარულმა, კიდევ ერთხელ მომაჯადოვა. ეს დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, ჩავიდე და ბევრჯერ ვიცეკვო თბილისში. ქართველ მაყურებელს შეუძლია ემოციის ხარჯზე, სპექტაკლის შუაში, აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვოს. აქ დამთავრებას ელოდებიან და მერე ფეთქდებიან. ქართველები ვერ ითმენენ და ტაშს უკრავენ. ქართულ პუბლიკას ვერავის შევადარებ. ემოციურები ვართ. სპექტაკლის მერე ასობით ადამიანი შემორბის სცენაზე.
თბილისი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ამსტერდამში როგორიც ხარ, ისეთ გარემოს იპოვი. იპოვი სიმშვიდესაც და სიგიჟესაც. მომწონს აქაურობა. კონცენტრირებული ვარ აქაურობით ვისიამოვნო. იმედი მაქვს, კარგ თეატრებთან გავარძელებ ურთიერთობას...


02/23/2026