
10/13/2026
13 ოქტომბერს ლანა ღოღობერიძე 98 წლის გახდა. ძნელია იპოვოთ მეორე მის მსგავსად პროდუქტიული ამ ასაკში. წერს, იღებს, დაფრინავს, კითხულობს, პოსტავს, ვარჯიშობს, დადის. ცხოვრობს! და თანაც სისხლსავსედ და სრულფასოვნად.
სამი წლის წინ გამოსცა წიგნი "როცა აყვავდა ნუში". წიგნში არის ქვეთავი - "თითქმის ასი". მისი ასაკის საიდუმლოებაზეც პასუხებს ამ ქვეთავში გადააწყდებით.
***
"ადამიანი აგურივითაა. გამოწვისაგან მაგრდება" - თქვა ოდესღაც ბერნარდ შოუმ.
მეც მეჩვენება, რომ ვარ აგური, რომელიც ბევრჯერ შეაგდეს ცეცხლში და... გამოწვეს.
და დღეს მე, მატერიის ეს ერთი ბეწო ნაწილაკი და კარგად გამომწვარი აგური, მივადექი მიჯნას - 95 წელს.
ოთხმოცდათხუთმეტი, თითქმის ასი...
თუმცა ეს ციფრი მე თვითონაც არარეალურად მეჩვენება. თითქოს მე არც მეხება.
და მაინც, რა ხდება შენში ამ ეტაპზე?
მახსენდება ვიღაცის ნათქვამი, "სიბერე მოსაწყენია და შემაწუხებელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი საშუალება იცოცხლო დიდხანს."
მოსაწყენი და შემაწუხებელი... ძნელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, როცა სხეული აღარ გემორჩილება ისე, როგორც წინათ. როცა ყოველდღე რაღაც ახალი უსიამოვნება იჩენს თავს. მაგალითად, სიარულისას უცებ გეკეცება ფეხები. ან - მოულოდნელად გეხვევა თავბრუ. ხანდახან გულიც მიგდის.
რა უნდა ქნა ამ დროს?
რა თქმა უნდა, ყველაზე ადვილია და ბუნებრივი - მიჰყვე დინებას. ჩაჯდე სავარძელში და უყურო ტელევიზორს, ისე რომ ცოტა ხანში აღარც მოგინდეს იმ სავარძლიდან ადგომა.
აღარ ადგები და ასე ნელ-ნელა გახდები სავარძელს მიჯაჭვული, სხვისი დახმარების მომლოდინე არსება, სხვაზე დამოკიდებული.
მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო მეორე გზა: არდანებების. ეს გზა რთულია, ის შენგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რაც ნიშნავს:
შეებრძოლო საკუთარ თავს, ბუნებრივ დაზარებას. იყო აქტიური. იმოძრაო, იარო, ივარჯიშო. ნახევარი საათი, ორმოცი წუთი, ერთი საათი. ყოველდღე, ძალების სრული დაძაბვით. თუ შეგიძლია იცურაო, ითამაშო ჩოგბურთი.
კორტზე დგომა, იმ პატარა ყვითელი ბურთის მოლოდინი და მერე დარტყმა კი მთლად განსაკუთრებული სიამოვნებაა! მას თითქმის ბედნიერებაც შემიძლია ვუწოდო!

თუმცა მარტო სხეულის ვარჯიში არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია სხეულთან ერთად, ავარჯიშო ტვინიც.
შედეგად, სიბერე აღარ იქნება უბრალოდ "შემაწუხებელი", დიდხანს სიცოცხლის ერთადერთი საშუალება.
ან რად გინდა ეს "დიდხანს სიცოცხლე", თუ არაფერი აღარ შეგიძლია იმის გარდა, რომ ნაფოტივით იტივტივო წყლის ზედაპირზე და პასიურად მიჰყვე დინებას?
ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: შეგიძლია. ბევრი რამ შეგიძლია!
შეგიძლია: გაინტერესებდეს ყველაფერი, რაც ხდება შენ გარშემო.
გონებით (და განცდით) იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს შენს ქვეყანაში.
შენ უნდა იცხოვრო შენი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
მეცნიერება გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვას:
კვების ჰიგიენა: დღეში 5 ბოსტნეულის და ხილის მოხმარება. რაციონის თევზით გამდიდრება. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები: კვირაში სამი კილომეტრის გავლა ან სამი საათის ვარჯიში. ტვინის მრავალმხრივი, მასტიმულირებელი, სასიამოვნო აქტივობა, რომელიც ამოქმედებს აზროვნების და განჭვრეტის უნარს. ბრძოლა ქრონიკულ სტრესთან - ის ძალიან მავნეა, რადგან იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლების ხელს უწყობს ნეირონების განადგურებას.
"მთავარანგელოზის ფრთების შრიალი სულ უფრო და უფრო ახლოს გესმის" (ზაირა არსენიშვილის უკვდავი ფრაზა!). მაგრამ ეს შრიალიც სულ უფრო და უფრო შინაურულია.
სიკვდილის მოლოდინიც ცხოვრების ნაწილია.
სიცოცხლე ხომ მუდამ სიკვდილით არის გარშემორტყმული.
გააზიარე სტატია