Logo

საზოგადოება

"თითქოს იმქვეყნიური საიდუმლო გამიმხილა" - რა სიზმრებს ხედავს მზეო გოგოჭური

"თითქოს იმქვეყნიური საიდუმლო გამიმხილა" - რა სიზმრებს ხედავს მზეო გოგოჭური

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ვინაიდან ამ სამზეოში ყველაზე მთავარი და უპირატესი - სიყვარულია, ვებპორტალი,"ზმნა"გთავაზობთ რუბრიკას - "სიყვარულის ისტორია", სადაც თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანების სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით და გაგახსენებთ.

მზეო გოგოჭურისა და ვახუშტი კოტეტიშვილის სიყვარულის ისტორია ერთ-ერთი გახმაურებელი ისტორიაა.

მზეო გოგოჭური: ჩემი და ვახუშტის სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და ამას ხალხის გარკვეული რეაქციაც მოჰყვა, ბედისწერა იყო. 15 წელი ვიყავით ერთად და ჩვენი ურთიერთობა იყო სამოთხე დედამიწაზე.

ვახუშტი სულ მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი და გული მწყდება, ასე გვიან რომ შეგხვდიო. მთელი ცხოვრება ის მე მელოდა და ახლა მთელი ცხოვრება მასთან მისვლას უნდა ველოდო...

ბედნიერებაა, როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელიც სრული სისავსით გრძნობს შენ მიერ დანახულ სამყაროს. ასეთი ურთიერთობა „ბოდიშისა“ და „მადლობის“ საზღვრებს არასოდეს სცილდება. მასში თითქოს შენს ფრთაშესხმულ იდეალს ხედავ. ვახუშტი ჩემთვის კრებითი სახე იყო ქართული პატრიოტობის, არტისტულობის, პოეტურობის, რაინდობის, გნებავთ ფიზიკურადაც. ის იყო ჩემთვის ქართულ-ევროპული ნაზავის საუკეთესო ნიმუში.

მაგარი კაცი იყო ვახუშტი – ჩვეულებრივი, თავისი უხეში მოძრაობებითაც. ერთი ქართველი და არც ისე ენამოჩლექით ლაპარაკი იცოდა წარა-მარა. კაი ღრიალიც იცოდა, ჭიქასაც ამტვრევდა და თეფშსაც. ჩვეულებრივი კაცი იყო. ამავე დროს, უბრალოდ, როცა სიყვარულთან დაკავშირებით ნაზი გრძნობები უჩნდებოდა, ჰქონდა ზრუნვის, განებივრების სურვილი. რასაკვირველია, ძალიან მანებივრებდა თავისი სიყვარულით. მე ვგრძნობდი მასში არა მარტო მეუღლეს, არამედ უდიდეს მეგობარს, რომლის მსგავსი არც მყოლია და არც მეყოლება.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ისე ვიცხოვრე, სერიოზული გაბრაზების მიზეზი ვახუშტისთვის ნამდვილად არ მიმიცია. აფეთქება შეეძლო რაზე, მაგალითად, მე ვუშლიდი სიგარეტის წევას. ექიმები უშლიდნენ, მილიონჯერ გადააგდო და ისევ დაიწყო. ბოლოს ნერვები აღარ ჰყოფნიდა და ჩუმად ეწეოდა. რომ გავიგებდი, მოწია, ისტერიკაში ვვარდებოდი (ამით ნაწილობრივ ვაკავებდი.) ბოლოს, ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ოჯახის წევრებს ეუბნებოდა: მაგან არ გაიგოს, გაგიჟდებაო. ჩვენს ოჯახში ბავშვები სულ ტრიალებდნენ. მე შევკრიბე ყველანი და დავაფიცე, სიგარეტი აღარ მოეტანათ ვახუშტისთვის. ამის შემდეგ ვახუშტი აივნიდან, გამვლელებს უგდებდა ფულს, შენს გახარებას...

აბსოლუტურად მორღვეული ჰქონდა ასაკი. ვახუშტი ვერ დაბერდა. ვახუშტი იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად რაღაცეები ასტკივდა, თორემ ბუნებით ვერ დაბერდა. ჩასაცმელზე მეტყოდა ხოლმე: „მომაშორე, ეს რა მომიტანე, პენსიონერის შარვალი, ფუ”. ვიღაცას ეგონა, რომ ფანდური უყვარდა, მთაში სიარული და... არა, ისიც მოსწონდა, ბრენდებიც უყვარდა, თანამედროვე სიმღერებიც....

პოეზია იყო ის სამყარო, რომლის მიღმაც ყველაფერი უფერულდებოდა მისთვის, ჭირიც და ლხინიც. მის გარეშე არცერთი წუთი არ უცხოვრია. ის პოეტურ სამყაროში იშვა და იქიდან გვესაუბრებოდა მთელი ცხოვრება, გვიწვევდა ყველას იმ მიწიერი სამოთხისაკენ, რომელსაც პოეზია ერქვა. სხვისთვის თვალით უხილავის, მისთვის კი ერთადერთი რეალური სამყაროსაკენ.

ვახუშტი კოტეტიშვილი

***

ლექციაზე დაგვიანებით შევედი. ზეპირსიტყვიერებას გვასწავლიდა ვახუშტი. ამიტომ, ჩვენი დიალოგი მაშინვე ფოლკლორში გადაიზარდა. მე აღტაცებული ვიყავი ვახუშტის ლექციით. მაშინ სახლი ახალი დამწვარი ჰქონდა და იჯდა ერთი ქურთუკის ანაბარა, თავისი განუყრელი ბერეტით. თითები გადაყვითლებული ჰქონდა ასტრათი. იყო გამხდარი, თვალების გამომეტყველება ჰქონდა საოცრად ნიჭიერი. იყო მატერიალურად აბსოლუტურად გაძარცვული პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება თავისი ქვეყნის სამსახურს შეალია და ასეთი სამაგიერო მიიღო.

ჩემთვის ის უაღრესად ტრაგიკული და საინტერესო ადამიანი იყო, რომელსაც არაფერი დააკლო ცხოვრებამ. მამამისი თავის ქვეყანას შეეწირა. დედა – ვახუშტიზე მშობიარობას გადაჰყვა, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, და ზრდიდა... და ის იჯდა ასე უტეხად, ბავშვებს ელაპარაკებოდა ფოლკლორზე. თუ რა მაგარია ქართველი ხალხი და ქართული ზეპირსიტყვიერება.

გაუკვირდა, ფოლკლორში რომ ავყევი. მაშინვე გამომკითხა, რა გქვიაო, ვისი ხარო... მამაჩემის კურსელი აღმოჩნდა. მერე ამაზე ჟარგონით ამბობდა ხოლმე: ეს რომ გავიგე, აუ, რა მაგრა გამიტყდა – ძმაკაცის შვილიაო. ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.

ვახუშტი კოტეტიშვილი

მის არსებობას, ჩემს გვერდით დღესაც ვგრძნობ. ეს ინტიმური, მისტიკური კავშირია. მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ვახუშტისა და ჩემ შორის ამქვეყნიური და იმქვეყნიური გაყრა, არ არსებობს. ის იმქვეყნიდან ყოველთვის მიგზავნის შეტყობინებას, მაძლევს რჩევას, მამხნევებს, მიწერს ლექსებს და ამ ყველაფერს სიზმრის თუ ხილვის სახით მაწვდის. ასე მეხმარება.

ისე არაფრის მეშინოდა, როგორც მისი დაკარგვის და ქვეცნობიერად, ორივე ვგრძნობდით, რომ ამქვეყნად ერთად ყოფნა დიდხანს არ გვეწერა.

ვახუშტი, 73 წლის გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო, მე – 29, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება. თუმცა, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს ასახულა. იმ მეგობრობას, ურთიერთობას და განცდებს ვერაფერს შევადარებ. არასდროს მიმიქცევია ყურადღება, ვინ რას ამბობდა. ვახუშტის ჩემდამი დაწერილი ერთი ლექსი გადაწონის იმ ჭორებს, რასაც ჩვენზე ვიგებდით. ამ სიყვარულის ფასი, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და ესეც საკმარისი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვუყვარდი და მაფასებდა, დანარჩენი არ მაინტერესებდა. ის ჩემთვის მთელი სამყარო, დასაყრდენი და ბედნიერება იყო.

დღესაც ასეა და, ამას ვერც ვერანაირი ჭორი და ვერც ვერანაირი ნეგატიური ძალა ვერ დაანგრევს. სიზმარში ხშირად ჩამესმის მისი ხმა, ცოცხლად ვხედავ, ვეკითხები რაზეც მაინტერესებს პასუხი და ისიც მპასუხობს. ეს ძალიან საკრალურია და ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ასე ხდება. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და ზუსტად ვიცი, სიკვდილის მერე, სიცოცხლე იმქვეყნად გრძელდება. გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, რომ დამესიზმრა და მითხრა, გრძელი რიგია და ჯერ არ მიშვებენ, ჩემს რიგს ველოდები, ალბათ, მალე გამიღებენ კარს და შევალო. თითქოს იმქვეყნიური საიდუმლო გამიმხილა. დამამშვიდა, დამაწყნარა, ნუ გეშინიაო, ამით მითხრა. სხვათა შორის, ვახუშტი ხშირად მიწერს და მიკითხავს ლექსებს სიზმარში და ამით მიმტკიცებს, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში აღარ არის, მაინც გრძელდება.

ავტორი: ზმნა

12/05/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024