Logo

საზოგადოება

"თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა..." - თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

"თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა..." - თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

27 იანვარი თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა. გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს გელა დაიაური აქვეყნებს წარწერით - 42.

15 წელი გავიდა იმ ენით აღუწერელი ტრაგედიიდან, რაც მუცოში დატრიალდა... 26 წლის ხევსური პოეტი და ავტორ-შემსრულებელი 2010 წლის 22 ივლისს, უბედურ შემთხვევას, ორ ვაჟთან ერთად, ემსხვერპლა. ავტომობილი მდინარეში გადავარდა...

ანასტასია ქუმსიაშვილი, თეონას დედა: მოგონებები რომ შემომიტევს, ძალიან ცუდ დღეში ვარ... ტარიელ ხარხელაურიმა თეონაზე დაწერა - ჩამქრალი ვარსკვლავი, რომელიც მაინც ანათებსო...

***

ეს თეონა ქუმსიაშვილის წერილებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ის საყვარელ ქმარს შატილში უგზავნიდა. გელა მაშინ შატილში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, თეონა კი ფეხმძიმედ იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ამჯობინეს თბილისში დარჩენილიყო. დრო შემოდგომიდან ზაფხულამდე მონატრებით გაიწელა. გელა დღემდე ინახავს წერილებს, რომლებსაც ბარში დარჩენილი თეონა სწერდა.

"თითქოს მენატრება ის დრო... რომელი? განშორების... ახლა გადავიკითხე ჩვენი ბარათები და უცნაური სევდა შემომაწვა. ვიცი, წაიკითხავ და იტყვი: რამ გააგიჟა ჩემი ცოლი, ბარემ პირდაპირ ეთქვა სათქმელიო, მაგრამ ვაი, რომ დრო ისე მიდის, ისე თენდება და ისე ღამდება, ერთმანეთს არაფერს ვეუბნებით. ამბობენ ხოლმე, ყველა ურთიერთობა (ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ) ერთმანეთს ემსგავსებაო და ამის გაგონებაზე გული მისკდება. საშინელ ტკივილს ვგრძნობ, ხანდახან ეჭვები მიპყრობს და თავი ვერ დამიღწევია. იცი, შენ, რატომაც... ალბათ, ძალიან დიდი სიყვარულია ამის მიზეზი, თორემ სხვანაირად ვერ ვხსნი ჩემს საქციელს. თითქოს შენთვის მარტო მე არ ვარ, თითქოს შენს გულში, თვალებში, შენს ფიქრებსა და ოცნებებში "ისიც" ცხოვრობს, სხვა... და მაინც "გავრისკე" შენი შეყვარება. მაპატიე ეს ბოდვა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე. გული საშინელი სევდით მევსება. არ იფიქრო, რამეს გსაყვედურობდე. მაინც მიხარია, ასე რომ ვბოდავ; ასე რომ მიყვარხარ; ასე რომ გელოდები ყოველ საღამოს და უშენოდ გატარებულ ყოველ დღეს ცრემლებში ვახრჩობ. ყოველთვის, როცა ჩაფიქრდები, მგონია, დაგღალე და ტვირთად გექეცი. ო, ღმერთო, რა საშინელი ფიქრები მიპყრობს ხოლმე მაშინ... ჯობია, არც მკითხო. და მაინც, რისი თქმა მინდა, არ ვიცი. თუმცა, ნამდვილად ვიცი... ჩემი სიცოცხლე მაშინ დასრულდება, შენს თვალებში გულგრილობას თუ დავინახავ, თუ ჩემი სუნთქვა აღარ მოგენატრება, თუ ერთი სტრიქონი ლექსის მოწერა დაგენანება. ახლა? ახლა ცოცხალი ვარ, ჩემო ყველავ და გელოდები. საშინლად მენატრები და ტკივილამდე მიყვარხარ!"

თეონა ქუმსიაშვილი

***

ბევრმა არ იცოდა, რომ თეონას სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა - "შენ ჩემო დიდო ტკივილო" - ტარიელ ხარხელაურის ლექსზე დაწერილი მისი სიმღერაა. პოეტმა ინტერვიუში მიამბო, რომ ეს ლექსი თავის მუზას და მეუღლეს - მარინას დაუწერა.

ტარიელ ხარხელაური: "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. მარინა სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე. მერე თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. სიმღერას რომ მოვუსმინე, შემძრა! სულის მძიმე განწყობა დამანახა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა...

ავტორი: ლილიანა ფალიანი

01/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024