
10/15/2026
ფსიქოთერაპევტი მიხეილ შანი ამჯერად წერს ქალზე, რომელიც ჩუმად იტანჯება.
"ყველას და ყველაფერს უმკლავდები, მაგრამ ვინ ხედავს, რამდენად დაიღალე სინამდვილეში?
იღიმი, ზრუნავ სხვებზე, აგვარებ პრობლემებს და აგრძელებ ცხოვრებას ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ არავინ იცის, რამდენჯერ გითქვამს საკუთარი თავისთვის:
„კიდევ ცოტას გავუძლებ...“
- რამდენჯერ დაგიმალავს ცრემლი, რომ არავინ შეგეწუხებინა.
- რამდენჯერ გითქვამს „არაუშავს“, როცა სინამდვილეში გტკიოდა.
- რამდენჯერ გიპასუხია „კარგად ვარ“ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ტკივილის ახსნის ძალა აღარ გქონდა.
ზოგჯერ ქალი ჩუმად იმიტომ კი არ იტანჯება, რომ სათქმელი არაფერი აქვს, არამედ იმიტომ, რომ აღარ სჯერა, ვინმე მის სათქმელს ბოლომდე მოისმენს.
ის ყველას უსმენს, ყველას უგებს, ყველას გვერდით დგას. მაგრამ ვინ ამჩნევს მის დაღლილობას? ვინ ეკითხება, როგორ არის მაშინ, როცა ღიმილის მიღმა იმასაც ვეღარ მალავს, რასაც სინამდვილეში გრძნობს?
ქალი ხშირად ისე ეჩვევა სხვებზე ზრუნვას, რომ საკუთარი საჭიროებების მოსმენას წყვეტს.
ჯერ ოჯახი, შვილები, პარტნიორი, საქმეები, ვალდებულებები და სხვისი მოლოდინები... და ბოლოს — თუ დრო დარჩა — საკუთარი თავი, თუმცა დრო თითქმის არასდროს რჩება.
ზოგჯერ ქალი ურთიერთობაშიც მარტოა. მის გვერდით შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ემოციური სიახლოვე მაინც აკლდეს. აღარ უნდა ყოველ ჯერზე იმის ახსნა, რატომ სტკივა.
ამიტომ ნელ-ნელა ჩუმდება, მაგრამ დუმილი ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს.
ხშირად ეს იმედგაცრუებაა, რომელსაც სიტყვები გამოელია. ზოგჯერ კი ემოციური დაღლილობა, რომელიც ხანგრძლივი დათმობებისა და უთქმელი განცდებისგან გროვდება.
ახლა საკუთარ თავს შეხედე და კითხე:
- რამდენჯერ გითქვამს „კი“, როცა სინამდვილეში „არა“ გინდოდა?
- რამდენჯერ გადაგიდია საკუთარი სურვილები, რომ სხვები არ გაგენაწყენებინა?
- როცა ამბობ „არაუშავს“, მართლა აღარაფერი გტკივა, თუ უბრალოდ აღარ გინდა ახსნა?
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: შენ საკუთარ თავს ისე უსმენ, როგორც სხვებს?
შენ არ ხარ ვალდებული, ყოველთვის ძლიერი იყო. შეგიძლია დაიღალო. შეგიძლია თქვა, რომ გტკივა. შეგიძლია დახმარება ითხოვო.
- შენი ღიმილი არ ამსუბუქებს შენს ტკივილს.
- შენი სიმტკიცე არ ნიშნავს, რომ მხარდაჭერა არ გჭირდება.
ხშირად ცვლილება სწორედ მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავს აღარ ვეუბნებით „კიდევ ცოტას გავუძლებ“ და ვეკითხებით„ნუთუ მე არ მჭირდება ზრუნვა?“
შენ იმსახურებ, რომ მოგისმინონ, გაგიგონ და დაგინახონ. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის დანახვაა."
გააზიარე სტატია