Logo

კულტურა

"ტკივილებით იტანჯებოდა, თუმცა ამ ქვეყნიდან წასვლა, მაინც არ უნდოდა " - გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

"ტკივილებით იტანჯებოდა, თუმცა ამ ქვეყნიდან წასვლა, მაინც არ უნდოდა " - გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გოდერძი ჩოხელი მარადისობას 18 წლის წინ, 16 ნოემბერს შეუერთდა. სევდის შემგროვებლის აბგა გაივსო, მეტი ვეღარ დაიტია მყიფე სულის შემოქმედმა... ბოლო წლებში, საყვარელი საქმის გარეშე რომ მოუწია ცხოვრება, ყველაფერს განუდგა, განზე გადგა და შემოქმედებაც შეაჩერა და სიცოცხლის ცეცხლიც ჩაუქრა...

მისმა მეგობარმა, ამირან არაბულმა ორიოდ წლის წინ მომიყვა, რომ ამ ბავშვივით სუფთა ადამიანმა ამ წუთისოფელს ვერ გაუძლო... ჰქონდა დეპრესია და პერიოდულად მასთან გამკლავება სჭირდებოდაო...

ამირან არაბული: ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.

თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო. 

ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა; უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.

მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა, თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა?! ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს. 

გოდერძი ჩოხელი

ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში. 

***

იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.

გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.

ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი და დასავათებული იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.

გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა. 

აქვს ამგვარი ბოლო ჩანაწერი: მინდა თვალები გახელილი მქონდეს და დავდიოდე; არ მინდა ჩემი არყოფნა წარმოვიდგინოო; მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და სულიერი ტკივილებით იტანჯებოდა, მაინც არ უნდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ხაზგასმით ამბობდა, მინდა კიდევ ვიყო და ვუყურო ამ სამყაროსო.  

არავინ იცის, როგორი იქნებოდა სევდების შემგროვებელი დღეს.

ავტორი: თამარ გონგაძე

11/16/2025

გოდერძი ჩოხელი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024