Logo

საზოგადოება

"თქვენ იცავდით ჩემი შვილის მკვლელის ინტერესებს და მე დღეს თქვენ გთხოვთ დახმარებას" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იხსენებს

"თქვენ იცავდით ჩემი შვილის მკვლელის ინტერესებს და  მე დღეს თქვენ გთხოვთ დახმარებას" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ადვოკატის პროფესია იმ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიმართაც,საზოგადოებაში ხშირად არსებობს ემოციურად მცდარი განწყობა. როდესაც მძიმე დანაშაული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, ადამიანები დამცველს, მართლმსაჯულების აუცილებელ რგოლად კი არა, "ბოროტების მხარდამჭერად" ან "მკვლელის მფარველად" აღიქვამენ.

თუმცა, ეს აღქმა მყისიერად იცვლება მაშინ, როდესაც სამართლებრივი სისტემის პირისპირ თავად, ან მათი საყვარელი ადამიანი აღმოჩნდება.


ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „წარმატებული ხალხის პოდკასტში“ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე გაიხსენა, სადაც გარდაცვლილის ოჯახი მას "სისხლიანი მკვლელის" დაცვის გამო ემუქრებოდა, წყევლიდა და სოციალურ ქსელებში აგრესიულ კამპანიას უწყობდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იმავე ოჯახის მეორე შვილს პოლიციასთან პრობლემები შეექმნა, გამწარებულმა მშობელმა დახმარებისთვის სწორედ იმ ადვოკატს მიმართა, რომელსაც ოდესღაც მტრად თვლიდა.

პოდკასტი

„ადამიანები ხშირ შემთხვევაში იქმნიან შეხედულებებს ისე, რომ დეტალები არ იცან. სანამ ადამიანს არ მოსწყურდება და წყლის მნიშვნელობაზე არ ფიქრობს, ისე ხდება, სანამ ადამიანი თვითონ არ აღმოჩნდება უსამართლობის მსხვერპლი, მანამდე ვერ აცნობიერებს, რა მნიშვნელობა აქვს კარგ, ეფექტურ ადვოკატს.

მე შემიძლია მაგალითები გავიხსენო. იმის საჩვენებლად, თუ ადამიანები როგორ ვერ აცნობიერებენ ადვოკატის როლს ქვეყნის, მართლმსაჯულების, დემოკრატიის და საზოგადოების განვითარებაში.

შემიძლია ერთ-ერთი საქმე გავხსენო, სადაც ვიცავდი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, რომელსაც თავს დაესხა ახალგაზრდა ბიჭი და მან თავდაცვისას ჩაიდინა ეს ფაქტი. მოკლედ, ჩვეულებრივი აუცილებელი მოგერიება იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახს და სანათესავოს ეს არ აინტერესებს. მათი ინტერესის საგანი იყო, რომ ეს პირი დასჯილიყო.

ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ სასამართლო პროცესებზეც, გარკვეულ კომენტარებს აკეთებდნენ ჩემი მისამართით, პროცესის შემდეგაც იყო გარკვეული გაწევ-გამოწევა, ყვირილი, წყევლა და ასე შემდეგ. ასევე, სხვადასხვა პოსტებს მიძღვნიდნენ, თუ როგორ ვიცავდი "სისხლიან მკვლელს".

როდესაც ჩვენ ეს საქმე დავასრულეთ, დაახლოებით 3-4 წელიწადში ჩემს ტელეფონზე შემოდის ზარი, მირეკავს ადამიანი და მეუბნება ასეთ რამეს: "ბატონო ტარიელ, თქვენ მე მიცნობთ. თქვენ წლების წინ იცავდით ჩემი შვილის მკვლელის ინტერესებს და მე დღეს გირეკავთ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე დღეს თქვენ გთხოვთ დახმარებას... ჩემს მეორე შვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს მის ეფექტურად დაცვას. მე მახსოვს, თქვენ როგორ ხმალამოღებული იცავდით ჩემი შვილის მკვლელს, როგორ უკან არ იხევდით და როგორ ასაბუთებდით მის პოზიციას... სწორედ ასეთი ადვოკატი მჭირდება ჩემი შვილისთვის."

და მე გავხდი მისი მეორე შვილის ადვოკატი, ოჯახშიც ვესტუმრე არაერთხელ და დღეს ეს ადამიანი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია.

ეს ადამიანი ვერ ხვდებოდა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობას, სანამ საკუთარ თავზე არ იწვნია უსამართლობის ტკივილი და სიმწარე,“ - იხსენებს ტარიელ კაკაბაძე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/30/2026

ადვოკატიისტორიაპროფესიატარიელ კაკაბაძეწარმატებული
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024