
09/21/2026
გიორგი თორაძეს 18 სექტემბერს პირველი სოლო კონცერტი ჰქონდა, რომელიც ლამის მესამედ ჩაეშალა. მუსიკოსმა თავისი ლაივკონცერტი, თავდაპირველად, "ფაბრიკაში" დაგეგმა. მაგრამ იმ დროს, მოულოდნელად, თემურ უგულავა გარდაცვალა. კონცერტი, ცხადია, გადაიდო. გადადებული კონცერტის შემდეგი თარიღი, "თორჩომ" კუს ტბაზე ჩანიშნა. ამჯერად, კოკისპირულმა წვიმამ თბილისი დატბორა.
და ბოლოს, გიორგი თორაძის კონცერტი 18 სექტემბერს დაიგეგმა, ისევ კუს ტბაზე. ამჯერად, გიორგიმ, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, ფეხის ტრავმა მიიღო!
"ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსი ხუმრობით ამბობს, ვიღაცამ ჯადო მომიხარშა და კონცერტი ასკინკილით ჩავატრეო.
გიორგი თორაძე: წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს პირველ ლაივშოუს რატომ უძღოდა წინ ამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. მეტად ვეღარ გადავდებდი კონცერტს და 2500 ადამიანს ჰაერში ვერ დავტოვებდი. არა უშავს, ვიმღერებ ნაღრძობი ფეხით-მეთქი, ვთქვი და ასეც მოვიქეცი.
გავიკეთე ექოსკოპია. მაქვს მარცხენა მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმულობა. ხუთ დღეში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უნდა გადავიღო, ახლა ფეხი დასიებული მაქვს.

- რა მოხდა?
- საუნდჩეკზე ჩავიცუცქე და როდესაც ვსწორდებოდი, მაგ დროს დამეჭიმა. სიტყვა დამეჭიმა მარტივად ჟღერს, თუმცა ისეთი ტკივილი აქვს, ორი ღამეა არ მძინავს. ასე მარტივად, მოწმენდილ ცაზე ვიღრძე ფეხი. უცნაურია, რაც მოხდა, მაგრამ ასეა. რამდენიმე დღეში უფრო კონკრეტული პასუხი მეცოდინება, რა სჭირს ჩემს ფეხს.
- არ დაგიშვია, რომ კონცერტს გადადებდი?
- რა თქმა უნდა, არა. საუნდჩეკის შემდეგ პირდაპირ გადაუდებელ განყოფილებაში აღმოვჩნდი. რამდენიმე საათი იქ დავყავი, გამიკეთეს ორი გამაყუჩებელი ნემსი კუნთში, მესამე - ვენაში. კონცერტი აუცილებლად უნდა ჩავატარო-მეთქი ექიმს ვეუბნებოდი. შანსი არ გაქვსო, მითხრა. მე ვიბრძოლე და ავედი სცენაზე. ვიდეოში ჩანს კიდეც, სცენაზე ასული როგორ ვიქცევი. ყველაფერი დამემართა, რაც შეიძლებოდა რომ დამმართნოდა. მაგრამ კონცერტს ვეღარ გადავიტანდი. მსმენელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ამის საშუალებას არ მომცემდა. როცა მსმენელს ეუბნები, რომ კონცერტს ამზადებ, ისინი ბილეთს ყიდულობენ, ფულს და დროს ხარჯავენ, ამ დროს რაღაცის გამო რომ ვერ აკეთებ, ეს არაპროფესიონალურია.
- თუმცა არაჩვეულებრივი გადაწყვეტა იყო, ხელში აყვანილი მისვლა და სცენაზე ასე ორიგინალური ფორმით ასვლა.
- აბსოლუტურად სხვანაირი შესვლა უნდა მქონოდა, მაგრამ მენეჯერმა მოიფიქრა, ასე შეგიყვანთო; გავამართლეთ ჩემი მდგომარეობა და ასე ვიწექი მოცეკვავებზე. არ მინდოდა რომ ყავარჯნებით შევსულიყავი. მგონია, რომ არ არის სასიამოვნო და სწორი, როცა მაყურებელს ეცოდები. პირველ სიმღერას იწყებ და უკვე ეცოდები.

ხალხს ვუთხარი, ტრავმა მივიღე, ძალიან მინდა ვიცეკვო, მაგრამ შესაძლოა, არ გამომივიდეს და იმედია, ჩემს ნაცვლად თქვენ იცეკვებთ-მეთქი. ძალიან კარგად იგულავეს. მართლა სრული სიგიჟე იყო. სიმართლე ვთქვა, ამდენ ხალხს არ ველოდი. ძალიან "გაასწორა". ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ჩემი სიმღერების ტექსტები იცოდნენ. ყველა სიმღერა, რაც დარელიზებული მაქვს, ზეპირად იცოდნენ. ძაან "გაასწორა", ძალიან კარგი იყო.
- რისი დამსახურებაა ის, რომ პირველ სოლო კონცერტზე მსმენელმა უკვე იცის არტისტის ახალი შემოქმედება?
- არაფერი, მაგარი ვარ უბრალოდ. თავხედი ვარ და მაგარი ვარ. ალბათ ამან იმუშავა. კონცერტზე შესრულდა სიმღერები, რომლებიც შედის ჩემს პირველ ალბომში, რომელიც მინდა წლის ბოლომდე გამოვიდეს. დაახლოებით რვა-ცხრა კომპოზიცია, მსმენელმა საერთოდ არ იცოდა. ასეთი საჩუქარი გავუკეთე მათ - ვიდრე ალბომს გამოვუშვებ, მათთვის შეავსრულეთ ეს ახალი სიმღერები. სულ 14 სიმღერა შესრულდა.
- ნაღრძობი ფეხის მიუხედავად, სცენაზე არ დამჯდარხარ?
- სცენაზე დივანი იდგა და დამჯდარს უნდა მემღერა, მაგრამ ვერ ვიმღერე დამჯდარმა. ალბათ, სამჯერ დავჯექი, 20-20 წამით. ჩემი მუსიკა არ მაძლევს დაჯდომის საშუალებას. მუსიკას ისე შეჰყავხარ როლში, რომ ფეხი, თვალი თუ კოჭი, მეორე ხარისხოვანი ხდება. ეს ავტომატურად ხდება. ასე რომ, კონცერტი ასკინკილით ჩავატარე.

- საბოლოო ჯამში კმაყოფილი ხარ?
- ძალიან, ძალიან, ძალიან კამყოფილი ვარ. ეს კონცერტი ექსპერიმენტული ხასიათის იყო. არ ვიცოდით, როგორ დავუკრავდით, რა მოხდებოდა, ენერგიას როგორ გავცვლიდით. დიდი ხანია მაყურებლისთვის არ დაგვიკრავს. ვაკვირდებოდით იმ ენერგიას, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა, ვაკვირდებოდით იმ ენერგიას, რასაც მაყურებლისკენ ვუშვებდით და უკან რაც მოდიოდა. დავინახე, რომ საქმის სიყვარულით, შეგიძლია საკუთარ თავს და ტკივილს გადააბიჯო, ნებისმიერი წინაღობა დაძლიო და მუსიკის და მსმენელის პატივისცემის გამო, გააკეთო ის, რაც ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს.

სიმღერა რომ დაიწყო, გიორგი 15 წლის იყო. ბუკა კარტოზიას შეკრულ სექსტეტში ათი წელი მღეროდა. მოიარა მსოფლიო, მათ შორის, ამერიკის რამდენიმე შტატში. სექსტეტს - "კვინტესენსი" აკაპელას ჟანრის კონკურსების დიდი ნაწილი მოგებული აქვს.
გიორგი თორაძე: სულ გულაობა და წარმატება იყო იმ პერიოდში. თუმცა უცნაური ის იყო, რომ იმ ათი წლის მანძილზე, არც არავის დაბადების დღეზე ვყოფილვარ, არც ექსკურსიაზე, სკოლის ბოლო ზარიც გამოვტოვე. ან რეპეტიციაზე ვიყავი, ან გასტროლზე. დღეში ექვს საათს ვრეპეტიციობდით. რთულია აკაპელას ჟანრში იმღერო. სკოლიდან რეპეტიციაზე მივდიოდი. კონცერტებზე თუ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად რომ მივემგზავრებოდით, უცხოეთში ძალიან ვერთობოდით და მაგარ დროს ვატარებდით.

მანამდე 12 წლის ასაკში "ანა-ბანას" კონკურსი მოვიგე. 13 წლის რომ ვიყავი, დავით დოიაშვილის დადგმულ "მუსიკის ჰანგებში" ვითამაშე. თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა და ჩამჭრეს, უნიჭო ხარო (იცინის). მერე დოიაშვილის მიერ შექმნილ "ახალ თეატრში" სამი-ოთხი მთავარი როლი მქონდა. ვთამაშობდი მიუზიკლებში. მოკლედ, დიდი გამოცდილება მქონდა იმისთვის, რომ ფეხმოტეხილს მემღერა.
- საბოლოოდ რა ფაკულტეტი დაამთავრე?
- საბოლოოდ თეატრალურში კულტურის მენეჯმენტი დავამთავრე. ვიფიქრე, ჩემს პროფესიას ისევ საკუთარ თავს მოვახმარ-მეთქი.
- შემდეგ უკვე ლელა წურწუმიას ბენდში მღეროდი. საკმაოდ ფერადი წლები იყო, არა?
- კი. ხელის გულზე დავყავდი ლელას და მამულიჩას. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. რაც არ უნდა გამიჭირდეს, ზუსტად ვიცი, დავურეკავ და მათი იმედი უნდა მქონდეს. ჩემს გვერდში იქნებიან. ძალიან კარგი ადამიანები არიან.

ექვსი წელი ვიმღერე ლელასთან. მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება ექვსი წელი ერთი და იგივე რამე აკეთო. მინდოდა სოლო კარიერის გაკეთება. ვფიქრობ, ცოტა დავაგვიანე კიდეც. მაგრამ ასე დალაგდა.

- ხომ არ ეწყინათ?
- რა თქმა უნდა, "გაუტყდებოდათ" იმიტომ, რომ მაგარი ვარ, მეტი არაფერი (იცინის). მე ვიტყოდი, რომ თვითონ შემამზადეს ამისთვის. მახსოვს, სეზონის დასრულების წინ ლელამ თქვა, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს, თუ წასვლას ფიქრობთ, მე მზად ვარ ამისთვისო. შეგნებული ადამიანები არიან და რომ ხვდებოდნენ, მე სოლო კარიერის გაკეთება მინდოდა, გადაწყვეტილების მიღება გამიადვილეს. ამ საუბრიდან ერთი წლის შემდეგ ლელას ბენდი მშვიდად და წყნარად დავტოვე.

- ლელას ბენდში იყო შენი ექსპრომტი ხუმრობები, მოულოდნელი პერფომანსები... რასაც მერე, "რილსების" სახით, დიდი ნახვები ჰქონდა
- ეს ჩემი პიროვნული შტრიხია, ჩემი ნაწილია. 12 წლიდან სცენაზე მყოფი ბევრ რამეს ვაკვირდებოდი. რაც არ უნდა შეფუთო და იარლიყი მიიწებო, თუ მუსიკასთან მიმართებაში გულწრფელი არ ხარ, არაფერს აზრი არ აქვს. აუდიტორიის წინ გულწრფელი უნდა იყო. არაფერს ვიტყუები, არ ვმალავ, მივიღე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ვისაც მოვწონვარ, მოვწონვარ, ვისაც არა, არც ეგ არის პრობლემა. არც მე მომწონს ყველა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ სცენაზე და მის მიღმა, ვაკეთებ ისე, როგორც ვფიქრობ და ვგრძნობ. ჩემთან ყველაფერი ბუნებრივია.


- ვისაც არ მოსწონხარ, რა გახსოვს მათგან?
- მათგან გინებებს ვსწავლობ. ძალიან მოგლეჯილი გინებებიც ვიცი, მაგრამ რაღაცები მათგანაც ვისწავლე და მადგება ხოლმე. არ ვბრაზდები, ერთადერთი რაც "მიტყდება" არის ის, რომ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ფულიანი მშობლები მყავს ან ვიღაცის ხარჯზე მივაღწიე, თუ რაიმეს მივაღწიე. სინამდვილეში მხოლოდ ჩემი შრომით მოვედი დღემდე. საკუთარი თავიც თვითონ შევქმენი, მუსიკაც და შოუც.


მალე, 16 ოქტომბერს 30 წლის ვხდები. ვფიქრობ დაბადების დღეზე, მაგრამ ახლა მთავარი საფიქრალი ჩემი ფეხია. გავერკვიო, ვივლი - არ ვივლი, ოპერაცია მჭირდება თუ - არა. არ მცხელა დაბადებისდღისთვის, თუმცა ვემზადებოდი.
- გიორგი, როგორც არტისტს, იმისთვის, რომ მუსიკაში ნაყოფიერი იყო, არ გჭირდება იყო შეყვარებული?
- შეყვარებული არ ვარ. მე იმდენი ადამიანი მყავს ჩემში, რომ ამ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ ინსპირაცია მქონდეს. ბევრი ვარ და სხვა ადამიანი რომ მემატება, უკვე მრევს. იმდენ ვიღაცას ვუსმენ საკუთარ თავში, რომ იმის საჭიროება რომ ვიღაც მიყვარდეს, არ დგას. ჯერ საკუთარი ყველა ვერსია არ მყავს ბოლომდე გაცნობილი და შეყვარებული. ამას უფრო მეტ დროს ვუთმობ და მუსიკისთვის ეს უფრო ნაყოფიერია.

- მაინც ვინ არიან შენი კუმირები?
- ბევრი კუმირი მყავს, რომელიც მუსიკის და განწყობის მიხედვით იცვლება. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საყვარელ არტისტებს მადარებენ. თავიდან მაღიზიანებდა, რომ ხან პრინცს, ხან მაიკლ ჯექსონს, ხან ელვის პრესლის მადარებდნენ. რატომ მადარებენ, მე რა, ჩემი ინდივიდუალურობა არ გამაჩნია-მეთქი? ჩემი მუსიკა ეკლექტური და ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრისაა. მერე მივხვდი, რომ შეიძლება რომელიმე დიდი არტისტი იყოს ინსპირაცია, მაგრამ მაინც შენებურად ქმნი, ცეკვავ, ასრულებ. საბოლოოდ იმ ინსპირაციების თაიგული ვარ, რაც ბავშვობაში დიდი არტისტებისგან მიმიღია. ხმამაღლა ჟღერს რაც ვთქვი, მაგრამ ასეა. დიდი არტისტებისგან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. ეს ილექება და გაძლევს იმის შნოს, რომ სცენაზე ისე გააკეთო, როგორც აკეთებ. დიდი არტისტებისგან მიღებული ისპირაციით ყველა რაღაცას ვსწავლობთ და ვქმნით.
- წინ რა არის?
- წინ ალბომია, რომლის გამოშვებას ვაჩქარებდი ჩემს თავს, მაგრამ ახლახან გავიაზრე, რომ პირველი ალბომია და თავს ვუთხარი, გიორგი, დამშვიდდი. არ არის საჭირო ამდენი იჩქარო-მეთქი! 16 ტრეკი გვაქვს. მინდა ახლები შევქმნა და საუკეთესო ამოვარჩიოთ. პირველია და მინდა ძალიან კარგი იყოს.

გააზიარე სტატია