ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეს არის ამბავი 1804 წელს რუსი დამყრობლის წინააღმდეგ აჯანყებული გმირი მთიულების სულისშემძვრელი წერილისა და მთიულეთის აჯანყების შესახებ.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით დაწყებულ რუსულ ოკუპაციას პირველები მთიულები შეეწინააღმდეგნენ. მთიულეთის 1804 წლის აჯანყება არ ყოფილა მხოლოდ ადგილობრივი ამბოხი. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისა და ეროვნული ღირსებისათვის. ეს აჯანყების ისტორიაში დარჩა გმირების — ლევან ნაზღაიძის, შიო ბურდულისა და მათი მამაცი მოკავშირეების თავგანწირვის სიმბოლოდ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, გავიხსენოთ კოლაბორაციონისტი ქართველი თავადებიც, რომლებმაც სამშობლო, თავისუფლობა, ადამიანობა რუსული იმპერიის კეთილგანწყობაზე გაცვალეს და გადამწყვეტი როლი შეასრულეს თანამოძმეების სამართლიანი აჯანყების სისხლში ჩახშობაში.
რუსეთის იმპერიამ დარიალის ხეობა თავისი სამხედრო ექსპანსიის მთავარ დერეფნად აქცია. „სამხედრო გზის“ მშენებლობის საფარქვეშ მთიულებს დააკისრეს აუტანელი ბეგარა: ხიდების შეკეთება, გზების გაწმენდა და ტვირთების ზიდვა, რამაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. თუმცა, ეკონომიკური ჩაგვრა ერთი მხარე იყო. იმპერიის ჯარი მთიულეთში მოვიდა როგორც დამსჯელი რაზმი: მათრახით კლავდნენ კაცებს, ზვავსაშიშ ზონებში ამუშავებდნენ ხალხს და შეურაცხყოფდნენ ქართველ ქალებს, გაჭირვებულ ხალხს ართმევდნენ ყოველგვარ სარჩო-საბადებელს.

„სჯობს საკუთარ სახლს ცეცხლი წავუკიდოთ“
აჯანყების მიზეზები ჩამოთვლილია მთიულების წერილში, რომელიც აჯანყებულებმა მაზრის უფროს თორნიკე ერისთავს გაუგზავნეს. ეს დოკუმენტი რუსული იმპერიალიზმის სისასტიკის მტკიცებულებაა და მოყვანილია სვიმონ ქვარიანის წიგნში „ქართველი ერის ისტორია:“

„კაცისგან მოუთმენელ სიცივეში სტეფანწმინიდან ანანურამდე საშინელი თოვლი გვახვეტვინეს და გზა გავწმინდეთ. ჩვენგან გაკეთებულ გზაზე წვიმისგან შეიქმნა ტალახი. გვაჭრევინეს ფიჩხი და ტალახში გვაყრევინეს. ამ დაფენილ ფიჩხში ცხენს ფეხი ჩაუვარდა, მოგვდგნენ და მათრახის ცემით ორი კაცი მოგვიკლეს.
მოვიდა თოვლი და ამოავსო ჩვენგან გაკეთებული გზა. ისეთ დროს მიგვიყვანეს საკეთებლად, რომ ზვავი მოდიოდა და სიკვდილს არ დაგვარიდეს. წამოვიდა ზვავი და ცოტას მოვრჩით, რომ ქვეშ არ დაგვიტანა, კიდევ ტიმოთემ ხმლის ცემით მიგვყარა. წამოვიდა ზვავი და შიშით ერთმანეთს რომ ვეცენით, ტიმოთე და სამი ჩვენი იქ გაიჭყლიტა.
მოვიდა 80 სალდათი და 12 ცხენიანი ყაზახი. ამათ უნდოდათ დღეში სალდათს 1 საკლავი და ყაზახს 2 საკლავი, ქათამი, ყველი და ერბოს ვინ იანგარიშებს. ცხენს და ხარს ბარგის ზიდვით ტყავი აღარ შერჩათ და არ მოუციათ ქირა. მხოლოდ ერთჯერ მოგვცეს თითო მანეთი.
ორი დედაკაცი უღელში შეაბეს, მარხილი მოუბეს და სალდათები უკან დედაკაცებს მათრახებით სცემდნენ.
დაგვიდეს ფიცი შვიდი წლის ბეგარისგან განთავისუფლების, არც ერთი წელიწადი დაგვაცალეს. წელს ცხვრისა, თოხლისა, ერბოსი და სხვისაც სულ თეთრი (ფული) გამოგვართვეს ორი წლისა ერთად. ვერსად ვიშოვეთ და ჩვენის ეკლესიებიდან გამოგვატანინეს და წაიღეს.
ჩვენ ამ ზემოხსენებული მწუხარებისგან, რომელიც ყოვლად მოწყალე ხელმწიფის უძლეველი ჯარის საქართველოში გაძლიერებას ღმერთს ვთხოვდით, ახლა ამას ვითხოვთ, რომ მსწრაფლის განსაცდელით ერთობით დავინთქეთ. ჩვენ ძალას არ ვიქადით, რომ რუსეთს ვებრძოდეთ. ჩვენ ერთობით აწი ეს ვირჩიეთ, თუ სხვა არა მოგვევლინა განსაცდელი, ჩვენი ხელით ჩვენს სახლს ცეცხლი უნდა მოვუკიდოთ, ცოლ -შვილი შიგ ჩავყაროთ, ჩვენც შიგ შევიდეთ და დავიწვნეთ.

ამ ტანჯვას, მათრახით სიკვდილს და ჩვენი ცოლების უწესოს საქმით დანახვას ეს გვირჩევნია, რომ ასე დავიხოცნეთ. მარტო მთიულეთში ცემით 23 კაცი მოგვიკლეს. თქვენს ბრწყინვალებას ვსთხოვთ, რადგან ჩვენის საქმის შესატყობლად საქართველოს მმართებლისგან წარმოგზავნილი ბრძანდებით, ეს ჩვენი წერილი მითსავე ბრწყინვალებას წარუდგინოთ.“

ციციანოვის ბრძანება აჯანყების სისხლში ჩახშობაზე
როდესაც ეს ამბავი პ. ციციანოვს მიუვიდა, მან არამცთუ არ შეისმინა „რუსული ჩექმის“ უსამართლობითა და სისასტიკით გამწარებული მთიულების ჩივილი, აჯანყების სისხლში ჩახშობა ბრძანა.

ვინ იყო ციციანოვი? რუსეთის იმპერიის მთავარსარდალი, წარმოშობით ქართველი თავადი, გარუსებული და სულით რუსი, ბუნებით სასტიკი, რუსული იმპერიალიზმის ულმობელი გამტარი მაშინდელ საქართველოში. მან ქსნისა და არაგვის ერისთავებს უბრძანა მახვილით აეკუწათ მეამბოხეები, არავინ დაენდოთ, გადაეწვათ და გადაებუგათ მათი სახლები.

რუსი დამყრობლის ამ ბრძანების შესრულებაში თავი გამოიჩინეს რუსული ფულით მოსყიდულმა ქართველებმა, მათ შორის თორნიკე ერისთავმა, ასევე ელიზბარ და შანშე ერისთავებმა, პეტრე და ზურაბ ორბელიანებმა, თეიმურაზ მუხრანბატონმა, ლუარსაბ სუმბათაშვილმა, იოსებ მელიქიშვილმა და სხვებმა.
ამასთან, არ მიემხრო აჯანყებულებს მყინვარის ბატონი გაბრიელ ყაზბეგი. ოქრომ და მაიორის ჩინმა აუბა თვალები და გახადა რუსეთის მონაო, წერს სიმონ ქვარიანი შესანიშნავი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის პაპაზე.

გმირთა უკანასკნელი ფიცი
აჯანყებულთა ლიდერებმა: ლევან ნაზღაიძემ, შიო ბურდულმა და სხვებმა, თანამებრძოლებთან ერთად ლაშარის ჯვრის წინაშე დაიფიცეს, რომ ბოლოს მოუღებდნენ რუსულ ბატონობას. მათ მხარში ამოუდგა ოსი ვაჟკაცი ახმეტ დუდარეკო, რომელმაც ჩრდილოეთიდან თავისი 300 მეომრით გადაკეტა დარიალის ხეობა, შემდეგ კი რუსების და სულგაყიდული ქართველი თავადების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლა აჯანყებულების გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალა აღმართს ხნავდა და აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, მთიულთა ამ თავგანწირვამ სამუდამოდ შემოგვინახა სიმართლე რუსული „მფარველობის“ შესახებ. ესაა ტრაგიკული ისტორია იმისა, თუ როგორ გმირულად იბრძოლეს საქართველოს მთიულეთში რუსი დამპყრობლის წინააღმდეგ.
აი, კიდევ მაშინდელი გმირების ძლივს შემორჩენილი სახელები და გვარები: არაგველები ძმები გოშპარ, დიმიტრი და დურმუშხან კობიაშვილები და მათთან ერთად გრიგოლ ყარანგოზიშვილი, კრაწინისის ომის გმირი მამისიმედ ხარანაული ფშავ-ხევსურების რაზმით შეუერთდა ლევან ნაზღაიძის და შიო ბურულის მეთაურობით აჯანყებულებს. დიდება მათ ხსოვნას.

07/09/2026