Logo

ინტერვიუ

"ტრენდი შევქმენი, ამ ვიდეოებმა ბევრი გამომწერი მომიყვანა" - თამუნა ლეკვეიშვილი

"ტრენდი შევქმენი, ამ ვიდეოებმა ბევრი გამომწერი მომიყვანა" - თამუნა ლეკვეიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამუნა ლეკვეიშვილი "ზმნასთან" ინტერვიუში თავის თავს ახასიათებს. არ უყვარს, როდესაც პაროდიის გაკეთებას სთხოვენ. როცა კომედიანტობა მობეზრდება, მუსიკალურ სტუდიას გახსნის, რადგან ეს მისი პროფესიაა.

ბოლო დროს, ფეისბუქით, სხვადასხვა იმერულ სიტყვებს უწევს პოპულარიზაციას. უნებურად, ეს ტრენდადაც აქცია და სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა, კუთხური სიტყვების შესახებ ვიდეოების გავრცელება დაიწყეს.

თამუნა ლეკვეიშვილი: 2005 წლიდან ეკრანზე ვარ. ტელევიზია მაგიურია, ვერ ელევი, მით უფრო, ამდენი წელია რომ ამ საქმეში ხარ. რთული მისატოვებელია, ჩათრევა იცის. თუმცა არის მომეტი, როცა ვფიქრობ, აღარ მინდა, დავიღალე, მომბეზდა-მეთქი.

- მერე როგორ უკეთებთ თავს განახლებას?

- მერე რაღაც ახალს ვაკეთებ და ხალხის უკურეაქციას რომ ვიღებ, ძალა მეძლევა და თვითშეფასება ისევ მიმაღლდება.

- ანუ მაყურებლის გამოხმაურებას და უკურეაქციას ასეთი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის.

- რა თქმა უნდა, ეს ხალხისთვის კეთდება, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. თუ მაყურებელი არ გიღებს, შენზე რეაქცია არ აქვს, არასდროს გაქვს გამოხმაურება, შეიძლება შეეშვა. ჩემსკენ ყურადღება რომ მინელდება, მაშინ ვიწყენ ხოლმე.

- ცოტა ხნის წინ, იმერული სიტყვების გაპიარებით აახმაურეთ ფეისბუქი და ძალიანაც დიდი გამოხამურება მოჰყვა.

- დიახ, ძალიან კარგად იმუშავა ამან. გეტყვით, საიდან დაიწყო. ბავშვი მივიყვანე ნიჭიერთა ათწლედში და რომ ველოდებოდი, ბევრი დრო აღმომაჩნდა. გადავწყვიტე მანქანაში რაღაც ჩამეწერა და სერიოზულად დავფიქრდი. აქანა და იქანა ვიცი, მაგრამ მაქანა რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი, ჩავწერე ვიდეო და გავარდა, პირველივე ვიდეო გავარდა. დავიწყე ჩაწერა და რომ მივხვდი, ხალხს აინტერესებდა, გავაგრძელე. ამ ვიდეოებმა ბევრი გამომწერი მომიყვანა. ჩემგან, რახან იმერელი, ვარ კარგად მიიღეს. იმერული ლექსიკონი გავაცანი ფართე საზოგადოებას. მერე მომბაძველები გამომიჩდნენ. ტიკტოკზე გადავაწყდი, თავის კუთხის სიტყვებს ხსნიდნენ. შეიძლება ითქვას, ტრენდი შევქმენი.

- თამუნა, თათია სულუაშვილმა თქვა, რომ უხასიათოა. საკუთარ თავზე რას გვეტყვით?

- არ ვარ მსუბუქი ხასიათის. ხშირად მეცვლება განწყობა. ვიღაც რომ სადღაც სუფრასთან, თუ სხვა გარემოში მთხოვს, სალომე ზურაბიშვილის პაროდია გამიკეთეო, რანაირად უნდა გაუკეთო? თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაშიც ისეთი ტიპაჟები არიან, რომ ხალხის გაცინება შეუძლიათ. მე არ ვარ ასეთი. ენაკვიმატობა ჩემი არ არის. თათია ენაკვიმატია და სიტუაციურად შეუძლია უცებ პერსონაჟი გააკეთოს და იყოს სასაცილო. მე - არა.

- როგორია თამუნა ლეკვეიშვილი ეკრანს მიღმა?

- დაბალანსებული, დიპლომატი, ეს ჩემი ზოდიაქოს ნიშნის წყალობით - სასწორი ვარ. ჩემი დაკვირვებით, სასწორის ზოდიაქო ყველაზე ქალური ნიშანია. სულ ფორმაში ვარ, მოუწესრიგებელს ვერ მნახავთ.

გადაწყვეტილებას მარტივად ვიღებ. ვარ დამთმობი. ჩემი ქმარი ვერძია და რქებით რომ აწვება "პირველ ჩვენებას", მე ვთმობ. კონფლიქტში არასდროს ვართ. საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ.

თამუნა ლეკვეიშვილი

არ მიყვარს ემოციის გამოხატვა. ამის გამო ყველას ცივი ვგონივარ. გარედან ასე ჩანს, რომ თითქოს უემოციო ვარ. სინამდვილეში, შიგნიდან ვდუღვარ. არ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვაზე მოხვევა. ბოლომდე გახსნილი არავისთან ვარ. ყველასთან ბუნებრივი და უხილავი ბარიერი მაქვს.

- სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ. რა რეაქცია ჰქონდა თავის პაროდიაზე?

- ვისი პაროდიაც გამიკეთებია, ყველას ყოველთვის ცუდი რეაქცია ჰქონდა. მაგალითად, ქეთი დოლიძემ ინტერვიუ მომიძღვნა და გამლანძღა. ეკა ბესელიას რომ ვახმოვანებდი მულტფილში და მისის ხმით "ხალხოოოს" ვყიროდი, ეკას არ მოსწონდა. იუმორი აქვს, მაგრამ თავიდან არ მოსწონდა. მერე უკვე იცინოდა.

თამუნა ლეკვეიშვილი

მეგონა, სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონდა მისი პაროდია, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს, სასახლეში მედიასთან მიღებაზე, დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ. მითხრა კიდეც, ჩემი ფორმით რატომ არ მოხვედიო? პირველივე პაროდიის შემდეგ სტატუსი მომიძღვნა ნინო წილოსანმა, იქნებ "ვანოს შოუს" რეიტინგს ჩემმა პერსონაჟმა უშველოსო.

თამუნა ლეკვეიშვილი

- "შაბათის შოუს" ნაწილი ხართ წლებია. კონფლიქტი არავისთან მოგსვლიათ?

- უკონფლიქტო ვარ, მაგრამ ძირითადად ვასო ფხაკაძესთან მომსვლია კონფლიქტები, აზრთა სხვადასხვაობა გვქონია სკეტჩზე მუშაობისას, ავყოლილვართ ერთმანეთს. ჩვენს ჩხუბზე გადაღებაც ჩაშლილა. მაგრამ მერე ეს ყოველთვის შერიგებით სრულდება.

- ბევრი გამოეთიშა თქვენს გუნდს და სხვადასხვა ტელევიზიაში გადასულა. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ყველასთან ცივილური და ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. თუმცა მეგობრობა აღარ გაგრძელებულა. ფეისბუქზე მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და სულ ეგ არის.

- რა უარყოფითი აქვს პოპულარობას? რაში გიქმნით დისკომფორტს?

- პოპულარობა არ მაწუხებს, ეგ არ არის ჩემთვის დამატებითი დაბრკოლება. მოუწესრიგებელი არსად დავდივარ. ჩემი თავი მე უნდა მომწონდეს პირველ რიგში. მაგრამ პოპულარობა დისკომფორტს იცით, რაში მიქნის? როცა კლუბში ვარ, მინდა თამუნას ზოგად იმიჯს გავცდე და სხვაგან წავიდე, გავთავისუფლდე, მაგრამ ვერ ვშვრები. საზოგადოებაში ბოლომდე ვერ ვიხსნები. ვაკონტროლებ, რომ ამ დროს არავინ გადამიღოს...

- როცა კომედიის კეთება მოგბეზრდებათ, რა უნდა აკეთოთ?

- ეგ სულ მიტრიალებს თავში, რა შეიძლება პარალელურად გავაკეთო. მაგრამ ჯერჯერობით, ტელევიზიას ვერ ველევი. პარალელურად რაიმეს კეთება რთულია.

მუსიკალურ სტუდიაზე ვფიქრობ. სხვათა შორის, რაც ჩემ შვილებთან ერთად ვუკრავ და ამის ვიდეოს ვაქვეყნებ, მშობლები მწერენ, ხომ არ ასწავლით და მუსიკალური სტუდია ხომ არ გაქვთო. მე პროფესიონალი მუსიკოსი ვარ. საკომპოზიტორო მაქვს დამთავრებული, ბიძინა კვერნაძის სტუდენტი ვიყავი.

თამუნა ლეკვეიშვილი

- სასიამოვნოა. რა ისწავლეთ მისგან?

- იყავი ის, რაც ხარ. მუსიკის წერას ვერავინ გასწავლის. ისწავლი აგებულებას. დანარჩენი ნიჭზეა.

- გაქვთ რაიმე დაწერილი?

- კი, ჩემთვის. ეს სიმღერები არსად გაჟღერებულა. კონსერვატორიის პერიოდში დიდი ნაწარმოებები დამიწერია. სადიპლომოდ შექსპირის სონეტებზე რომანსები დავწერე, კარგი შეფასებაც მივიღე. ფორტეპიანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისთვის და მეცო სოპრანოსთვის არის. უცნაური ჟღერადობა აქვს, მომავალში მინდა გავაჟღერო. ვფიქრობ, საინტერესო იქნება.

- თქვენი საყვარელი ზმნა.

- მოძრაობს. მთელი ცხოვრება არ უნდა მოდუნდე და უნდა იმოძრაო.

ავტორი: თამარ გონგაძე

07/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024