Logo

რელიგია

ტროპარ-კონდაკი, რომელიც წმინდა ნინოს ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

ტროპარ-კონდაკი, რომელიც წმინდა ნინოს ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

***

წმინდა ნინოს ტროპარ-კონდაკი, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

ტროპარი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.

კონდაკი

მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

ავტორი: ზმნა

01/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024