საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საბჭოთა „უძრაობის“ ეპოქაში დაწერა მერაბ კოსტავამ მეტად საინტერესოა წერილი საქართველოსთან რუსეთის პოლიტიკური და კულტურული ელტის მიმართებაზე. წერილს „გზა ჭეშმარიტებისკენ“ ჰქვია და ქართულ პრესაში მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. გადავავალოთ თვალი, 1976 წელს, იატაკქვეშეთში დაწერილ წერილში აღწერილ სიმართლეს. იმ დროის პროპაგანდისგან „უფრო ძმად“ ან „ერთმორწმუნე მხსნელად“ მონათლულ რუსეთზე ასე ღიად საუბარი საშიში იყო.
კოსტავას დაკვირვებით, მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, რუსეთის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ გულგრილი დარჩა. რუს კლასიკოსებს საქართველოში ხიბლავდათ „აღმოსავლური ეგზოტიკა,“ ბუნება, ქართველთა სტუმართმოყვარეობა და სუფრის ტრადიციები, მეტის შეცნობა კი დიდად არ აინტერესებდათ.

„გზა ჭეშმარიტებისკენ“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას უფრო ადრინდელი პერიოდიდან აანალიზებს. ავტორი იხსენებს, რომ რუსეთი და საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებისას ერთმანეთს თითქმის არ იცნობდნენ.

საქართველოს უძველესი კულტურა რომ გააჩნდა, ორივე ქვეყანას ერთი ქრისტიანი ნათლია რომ ჰყავდა და საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პიონერი რომ იყო, ეს არ იცოდნენ არათუ რუსეთის მმართველებმა, არამედ - თვით პუშკინმა, ლერმონტოვმა, გრიბოედოვმა და ტოლსტოიმ.

მ.კოსტავა: „მათზე და მათ შემოქმედებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა კავკასიონის ზვიადი მწვერვალები. ისინი აქ პოულობდნენ ახალ თემებს, იმუხტებოდნენ მძლავრი შემოქმედებითი იმპულსებით,“ მაგრამ, მერაბ კოსტავას თქმით, რუსი კლასიკოსების შემოქმედებაზე საქართველოს ზემოქმედება ბუნებისმიერი იყო, საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე კი - დახშული.

ინტელექტუალური თავდაცვა: ქართველებმა „გააცნეს“ რუსეთს საქართველო
მ. კოსტავა: „ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. ასეთ ვითარებაში მე-19 საუკუნის მანძილზე და შემდეგაც ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ ინიციატივა რუსთათვის ქართული კულტურის გაცნობის.“
პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კირიონ საძაგლიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები დაუღალავად თარგმნიდნენ რუსულ ენაზე ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ძეგლებს. ისევ ქართველებმა ჩაუყარეს საფუძველი რუსეთში ქართველოლოგიას. ქართველების საქმიანობის შედეგი იყო 1845 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის განყოფილების დაარსებაც.

მ.კოსტავა: „იმჟამად ევროპელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ მარი ბროსე, არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „ვისრამიანი“ და ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, ვიდრე რუსულად.“

მარჯორი უორდროპმა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე თარგმნას მთელი 18 წელი შეალია. ამ დიდ საქმეში მას ჯერ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი ეხმარებოდნენ, შემდეგ კი სხვები. 1909 წელს მარჯორი უორდროპის უდროო გარდაცვალების გამო, მისი ფასდაუდებელი ნამუშევარი გამოუქვეყნებელი დარჩა. 1912 წელს თარგმანს საბოლოო რედაქცია გაუკეთა და გამოსცა ოლივერ უორდროპმა. მანვე „ვეფხისტყაოსანი“ გააცნო რუს პოეტ კ. ბალმონტს. ასე რომ, ოლივერ უორდროპმა დააინტერესა ცნობილი რუსი პოეტი შოთა რუსთაველის გენიალური პოემით და ბალმონტმაც 1917 წელს დაასრულა „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნა.
კოლონიალიზმის ახალი სახე
მ.კოსტავა:“ ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ქართული ენის დევნითა და ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სპარსეთსა და თურქეთს, სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელს საქართველოში.“
აქ ჩვენი ეროვნული გმირი სვამს შეკითხვას: ხედავდნენ თუ არა რუსეთთან დაახლოების მომხრე ჩვენი მეფეები იმ საფრთხეს, რაც ეროვნულ იდენტობას, ენასა და ავტოკეფალიას ჩრდილოეთიდან ემუქრებოდა? და აკეთებს დასკვნას, რომ არ იცოდნენ, რადგან არ იცნობდნენ მსოფლიო პოლიტიკის, კოლონიალიზმისა და დიპლომატიის ისტორიას და არც იმ მეთოდებს, რაც სავსებით განსხვავდებოდა მოძველებული, აზიური მეთოდებისგან.
06/05/2026