Logo

საზოგადოება

წესრიგი თბილისში, უფასო აბანო, თეატრის აშენება - ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილი, ვის სახელსაც ბევრი სიკეთე უკავშირდება

წესრიგი თბილისში, უფასო აბანო, თეატრის აშენება - ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილი, ვის სახელსაც ბევრი სიკეთე უკავშირდება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თბილისის მოურავად დამტკიცების შესახებ ბენია ჩხიკვიშვილმა სოხუმში შეიტყო. ეს 1919 წლის თებერვალში, ქალაქის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების შემდეგ მოხდა. მოურავის დამტკიცებაში საბჭოში წარმოდგენილ ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ოპოზიციაში მიაჩნდათ, რომ თბილისის თავს მეტი განათლება და ქალაქის მეურნეობის მეტი ცოდნა ესაჭიროებოდა. ბენია ჩხიკვიშვილმა მის მიმართ სკეპტიციზმი გააქარწყლა.

მერია

თბილისში მუშაობა უმძიმესი ფინანსური კრიზისის პირობებში მოუხდა. ხარჯები დასაფარი იყო, შემოსავალი კი არსაიდან. ამ დროს მოსახლეობას პანდემიაც უტევდა. ქალაქის მმართველობა აქტიურად ატარებდა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ბენია ჩხიკვიშვილმა აკრძალა თბილისის ქუჩებში წყლის ვედროებით გაყიდვა. ღარიბებისთვის მოაწყო უფასო აბანო. მისი მონდომებით ნომერ პირველ საავადმყოფოში ღარიბი სახადიანებისთვის 120 საწოლი გამოყვეს.

ბენია ჩხიკვიშვილი

წესრიგის კაცი იყო, თავგამოდებით ებრძოდა ყაჩაღობასა და მექრთამეობას, განსაკუთრებით მილიციაში. საინტერესოა, როგორ აღწერდა ქალაქის საბჭოს ოფიციალური გამოცემა მილიციაში შექმნილ ვითარებას მანამდე, სანამ ბენია ჩხიკვიშვილი თბილისის თავი გახდებოდა და ამის შემდეგ:

„ჩვენი მილიცია უფრო უწესობას უწყობდა ხელს, ვიდრე წესრიგის განმტკიცებას. მან ქალაქი აუტანელ პირობებში ჩააყენა. ქალაქის საბჭომ მილიციის პატრონობა იკისრა, მთელი მისი შემადგენლობა განაახლა და სათავეში ღირსეულნი ჩაუყენა. მილიციის საქმეში მთელი ძალაუფლება გამგეობას მიანიჭა და მას ფართო კომპეტენცია გადასცა. თუ დღევანდელი ჩვენი მილიცია სათანადო სიმაღლეზე დგას, ეს მხოლოდ ჩვენი ქალაქის მოურავის პირად ღირსებას და მის მიერ ამ საქმეში თანამშრომლად მოწვეულ პირებს უნდა მიეწეროთ. მათ 3–4 თვეში შეძლეს იმის გაკეთება, რის წახდენასაც ჩვენი ქალაქის უპასუხისმგებლო უფროსებმა ორი წელიწადი მოანდომეს.“

ბენია ჩხიკვიშვილს მილიციის დიდი რეფორმა ჩაუტარებია. 1919 წლის ქართული პრესის თანახმად, ქალაქის გამგეობამ ამ დროისთვის მილიციისთვის ხელფასის გაზრდაც შეძლო და თანამშრომლების საექიმო უზრუნველყოფაც უზრუნველყო.

დიმიტრი შევარდნაძე

როცა დიმიტრი შევარდნაძე თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოებს აგროვებდა, ფასდაუდებელი კოლექციის მქონე ერთ მიკიტანს მიყიდვა არ სურდა. დიმიტრი შევარდნაძემ ქალაქის მოურავს მიმართა და მისი ჩარევით ეს საქმე მოგვარდა. როგორც ამბობენ, ქალაქის თავი მიკიტანს დუქნის დაკეტვით დამუქრებია. რაღაც მსგავსი მოიმოქმედა იმისთვისაც, რომ დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობის მაშინდელი მფლობელი შენობის გაყიდვაზე დაეყოლიებინა.

1922 წელს საქართველო უკვე ოკუპირებული იყო, პირველი რესპუბლიკის მთავრობა ევროპაში იყო გახიზნული, მათ შორის ბენია ჩხიკვიშვილიც. ქვეყანაში ტერორი დაიწყო. ამ დროს გამოცემულ გაზეთ „ბარიკადში“ ტიციან ტაბიძემ დაწერა:

ტიციან ტაბიძებარიკადი

„მაშინ ქართველ არტისტებსაც არ ჰქონდათ თეატრი. თუ შემდეგ ეს თეატრი აშენდა, ამის ერთადერთი მიზეზი იყო მაშინდელი ქალაქისთავი ბენია ჩხიკვიშვილი. უნდა ითქვას პირდაპირი ისტორიული სიმართლით, რომ ქართული ხელოვნებისთვის არავის გაუკეთებია იმ დროს იმდენი, რამდენიც ბ. ჩხიკვიშვილს. ამ ადამიანში იყო ბედნიერი გამონაკლისი — მას სძულდა მეშჩანობა, რომელიც მაშინ ძვალში ჰქონდა გამდგარი მმართველ პარტიას. ნამდვილი ფირალის გამბედაობით და თვითნებობით აკეთებდა იმას, რასაც მოისურვებდა. მას უყვარდა ქართული ხელოვნება... იქნება დიდი უმადურობა ამის არ თქმა. ბ. ჩხიკვიშვილი იყო ერთადერთი შეგნებული მეცენატი ქართველ ხელოვანთა. ყოველ იუბილეზე ის გამოჩნდებოდა დონ-კიხოტის ფიგურით და ყველაზე დიდი საჩუქარი და აღტაცებული სიტყვა მისი იყო.“

1924 წლის გაზაფხულზე ბენია ჩხიკვიშვილი ოკუპირებულ საქართველოში დაბრუნდა მეგობრებთან ერთად, რათა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მიეღო მონაწილეობა. დაბრუნდა მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო და აჯანყების მართებულობას არ ეთანხმებოდა, თუმცა მეგობრებს გვერდით დაუდგა. დააპატიმრეს თბილისში 25 ივნისს. ბოლშევიკმა ფელიქს ძერჟინსკიმ 30 აგვისტოს გასცა მისი გაუსამართლებლად დახვრეტის ბრძანება, რომელიც აღასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას.

ავტორი: ელენე ლომთაძე

03/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024