Logo

ჩვენი ისტორია

"ციხე ზანზარებდა, პატიმრები აკაკის განთავისუფლებას მოითხოვდნენ" - რატომ დააპატიმრეს 67 წლის მგოსანი

"ციხე ზანზარებდა, პატიმრები აკაკის განთავისუფლებას მოითხოვდნენ" - რატომ დააპატიმრეს 67 წლის მგოსანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როცა 67 წლის აკაკი წერეთელი რუსი გუბერნატორის დაცინვისთვის მეტეხის ციხეში მიიყვანეს, მთელი ციხე აზანზარდა, პატიმრებმა ერთხმად დაიწყეს ყვირილი, ისინი საყვარელი პოეტის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. მეფის რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში აკაკი წერეთელი სიტყვისთვის, აზრის გამოთქმისთვის დააპატიმრეს, მაგრამ მისი ციხეში ხანგრძლივად დატოვება ვერ გაბედეს. ბუნტის შეეშინდათ და მალე გაანთავისუფლეს.

1907 წელი

„მშვიდობით, ძმაო! გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით; ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ დარჩენა, დაობლება ძნელია.“

ეს სიტყვები მხცოვანმა აკაკი წერეთელმა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე წარმოთქვა, ლამის ზეპირად ვიცით მის ცნობილ სტროფთან ერთად:

„ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას, და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..“

ილია ჭავჭავაძე საქართველოს ძველი სტილით 1907 წლის 30 აგვისტოს მოუკლეს. ამ სტატიაში კი მანამდე, მაგრამ სწორედ 1907 წელს მომხდარ კიდევ ერთ ამბავს ვიხსენებთ. ბევრს არ ახსოვს, რომ სიცოცხლეშივე ქართველების სათაყვანებელი პოეტი აკაკი წერეთელი, 1907 წლის 16 თებერვალს, სიტყვისა და აზრის გამოთქმისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს.

აკაკი

ეს ამბავი მეფის რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში მოხდა. 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ, რუსეთის იმპერიაში (მათ შორის საქართველოშიც) მკაცრი რეპრესიები მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე სტოლიპინის ხელმძღვანელობით. იდევნებოდა ქართული ინტელიგენცია, იხურებოდა გაზეთები და ტარდებოდა მასობრივი დაპატიმრებები. მიუხედავად ამ მძიმე ფონისა, აკაკიმ იუმორისტული ჟურნალის გამოცემა წამოიწყო. მის პირველ ნომერში კი დაიბეჭდა კარიკატურა და ლექსი, თბილისში რუსეთის იმპერიის გუბერნატორ პავლე რაუშ ფონ ტრაუბენბერგზე. ის კი მეტად ქარაფშუტა კაცი ყოფილა, ყვარებია დალევა და როცა ღვინო მოერეოდა, ათასნაირ უტაქტობას სჩადიოდა.

გაზეთი

ფონ რაუშის დასახასიათებლად მოვიყვანთ ციტატს იოსებ გრიშაშვილის ერთი წერილიდან:

„მცხეთის საგვარეულო აკლდამაში ასაფლავებდნენ რომელიღაც ბაგრატიონს. დაკრძალვას ფონ რაუშიც დაესწრო. მერე გაიმართა ქელეხი, აქ კი რაუში გამხიარულდა, ღვინომ გონება გაუფიცხა და მრავალჟამიერი შემოსძახა. ამ ამბავმა ქართველებში უსიამოვნება დაბადა.“

გაზეთი

შემდეგ იოსებ გრიშაშვილი იხსენებს, რომ ამავე ხანებში სამხედრო ტაძარში რომელიღაც დიდგვაროვანს პარაკლისს უხდიდნენ, რასთან დაკავშირებითაც მთელი გენერალიტეტი იქ ყოფილა. ტაძარში ასეთ დროს წინა პლანზე ტფილისის თავადაზნაურთა წინამძღოლი უნდა მდგომარეყო და მერე გუბერნატორი. ამის მიუხედავად, ფონ რაუშმა ყველაზე წინ დადგომა მოინდომა და თავადაზნაურთა მარშალ გ. ა. ბაგრატიონ-დავითაშვილს წინ აეტუზა. გაჩაღდა ბრძოლა „პირველობისთვის:“ ბაგრატიონი ისევ წინ დაუდგა, მერე რაუში კვლავ აეფარა. პარაკლისის დასრულების მერე რაუშს ბაგრატიონისთვის ხელი გაუწვდია ჩამოსართმევად, ამას კი სახალხოდ ზურგი შეუქცევია. აქედან დაწყებულა ამ ორს შორის დაძაბულობა, საქმე ლამის დუელამდე მისულა, რის გამოც რაუში საბოლოოდ თანამდებობიდანაც გადაუყენებიათ.

აკაკი

აკაკიმ თავისი ჟურნალის პირველი ნომრისთვის სწორედ ეს ამბავი გამოიყენა. მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაახატინა კარიკატურა, სადაც ერთ მხარეს გუბერნატორ რაუშის ტანსაცმლით სახედარია, მეორე მხარეს — მარშალი ხელში ნიშადურის სპირტით, მაყურებელი კინტო კი გულიანად იცინის. აღნიშნულ კარიკატურას ერთვოდა აკაკის ლექსი:

„დიდ-ყურაანთ ყროყინას

ჩვენები ეჯავრება,

საიდანაც მოსულა

იქით მიეჩქარება.

და ნიშადურს ულესავს

გულმოსული მარშალი,

რომ აქ აღარსად დარჩეს,

იმ ვირის გზა და კვალი.

კინტო კი გაოცებით

შესცქერია ამ ამბავს

და ხმამაღლა იძახის:

ამოუსვით, რა უშავს!”

ჟურნალი აკრძალეს, 67 წლის ავტორი კი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში მიიყვანეს. ამ ამბავზე მთელი ციხე აფეთქებულა. პატიმრები, განურჩევლად მათი დანაშაულისა, ნიშნად პროტესტისა დემონსტრაციულად ყვიროდნენ — მთელი ციხე ზანზარებდა, პატიმრები აკაკის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

ციხის პროტესტის შესახებ სამხედრო გუბერნატორ ტიმოფეევს აცნობეს. ეს უკანასკნელი შეშფოთებულა, ბუნტის შეშინებია და გაუცია განკარგულება, რათა მოხუცი პოეტი სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ. ტიმოფეევის ბრძანება ციხეში დაბინდებისას მისულა, მაგრამ აკაკის ღამით გამოსვლა და შინ წასვლა არ მოუნდომებია. მას ციხის თანამშრომლებისთვის უთქვამს: არა, ძმაო, ნუ მაწუხებთ, ამაღამ აქ დავრჩები და ხვალ დილით წავალო.

დილით, მეტეხის ციხის ტუსაღებმა დიდი პოეტი ზარზეიმით და აპლოდისმენტებით გააცილეს. ზუსტად ასე აღწერს 1907 წლის თებერვალში მომხდარს იოსებ გრიშაშვილი 1940 წელს გამოქვეყნებულ წერილში.

ავტორი: ელენე ლომთაძე

07/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024