Logo

რელიგია

"წინ ცხელი ლობიო უდევს და გარდამოხსნას დასტირის, ქრისტეს ქელეხი გვაქვს, არ მიმატოვოო" - მამა გაბრიელს ქეთევან ბექაური იხსენებს

"წინ ცხელი ლობიო უდევს და გარდამოხსნას დასტირის, ქრისტეს ქელეხი გვაქვს, არ მიმატოვოო" - მამა გაბრიელს ქეთევან ბექაური იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წმინა მამა გაბრიელი სალოსი ბერი იყო. სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობის დასაძლევად, იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა, როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას, რომელიც არის ცოდვათა დედა. სარწმუნოების და სულიერი წარმატებისდა მიხედვით, ასეთ ადამიანს ღმრთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმიდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ. განჭვრეტის ნიჭით იყო დაჯილდოებული მამა გაბრიელიც. ის მასთან მყოფთა აზრებს კითხულობდა.

წითელ პარასკევთან დაკავშირებით, მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ქეთევან ბექაური ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს.

ქეთევან ბექაური: წითელ პარასკევს, გარდამოხსნის დღეს, შევდივარ ტაძარში და რას ვხედავ - მამა გაბრიელი იატაკზე, მაცხოვრის გარდამოხსნასთან ზის, წინ ღრმა თეფშით ცხელი ლობიო უდევს და დასტირის მაცხოვარს.

"შეხედე, რა დღეში ვარ, დღეს ქრისტეს ქელეხი გვაქვს. შეხედე ხატებს. (ხატებზე შავი ნაჭრები ჰქონდა გადაფარებული.) მთელი ტაძარი ტრაურშია. ახლა ღვთისმშბლის მიტოვება არ შეიძლება. ძალიან გეხვეწები, არ მიმატოვო, ერთად ვიყოთ ღვთისმშობელთან. შეხედე, რა ჩაიდინა იუდამ."

მისგან ეს დატირება ისე შემზარავი იყო, ისე იმოქმედა ჩემზე... გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ ქრისტეს ქელეხი აქვს, რადგან ქრისტე ჩემთვის ღმერთია, რომელიც ზეცაშია და მამა გაბრიელი ისე ჰყვება, რომ უნდა განიცადო, უნდა გადაიტანო ღმერთი. ეს სცენა დაუვიწყარია ჩემთვის.

თუ არ განიცადე ღმერთი და სახარება, რანაირად გეყვარება ან საიდან გეცოდინება, რომ უფალი არსებობს და ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტეაო, ამბობდა.

უფალზე იტყოდა, "ის ახლა აქ არის". მერე განაგრძობდა, "სულიწმინდის მადლია გადმოსული. ახლა ამ წუთას ჩემთან მოკარება არ შეიძლება. ზეციდან ოქროს ჯაჭვები ეშვება და მე ამ ჯაჭვებში ვარ გახვეული. არც მოკარება, არც შეხება არ შეიძლება. ახლა ქრისტე ღმერთმა გამოიარა და სატრაპეზოში შევიდა, ახლა რა გითხარი, ვერასოდეს გაიგებ. ახლა ჩემთან გაჩერება არ შეიძლება."

ერთ მომენტსაც გავიხსენებ, დავდივარ მამა გაბრიელთან, ბედნიერი ვარ, სულიერი კომფორტი მაქვს ისეთი, ამის იქით არაფერი მინდა. მამა გაბრიელს რას მოატყუებდი. მოულოდნელობით სავსე იყო მასთან ურთიერთობა. როდის გაბრაზდებოდა, არ იცოდი. ვიღიმი, გახარებული ვარ და უცებ სკამი მოისროლა, აბა, მიპასუხე, ქალო, რისთვის დაეთრევი ჩემთანო. რაღაც ძალამ წამომაგდო სკამიდან, კედელზე ვარ აკრული. ყვირის, მიპასუხე რისთვის დაეთრევი ჩემთან, რა საერთო გაქვს, ჩემი წარწყმედა გინდა? 40 წლის ბერი ვარ, შენ ახალგაზრდა ქალი ხარო. არ მეშვება, უნდა ვუპასუხო. ხმა ამოიღე, მიპასუხეო. და ვეუბნები - მომენატრეთ, მამა გაბრიელ-მეთქი. რომელი ნატო ვაჩნაძე მე ვარ, რომ მოგენატრე, შე გათახსირებულო, მონატრების გამო რომ დაეთრევი ჩემთანო. გავიდა და ეზოში ყვიროდა, მთელ მონასტერს გააგებინა.

ქეთევან ბექაური

ავტორი: ზმნა

04/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024