კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იაპონელი ავანგარდული მხატვარი იაიოი კუსამა, რომელიც ცნობილი გახდა ფერადი წერტილებით დაფარული ქანდაკებებითა და ინსტალაციებით, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უსასრულობის განცდით შეპყრობილ იაპონელ არტისტს მსოფლიო გამოემშვიდობა.
კუსამა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნებაყოფლობით ცხოვრობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ცნობილი იყო თავისი კაშკაშა წითელი პარიკითა და გიგანტური, უცნაური ნამუშევრებით.
მისმა გამოფენებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მიიზიდა, ნამუშევრებმა ქალი მხატვრის ყველაზე მაღალი ფასები დაიდო.
მისი კომპანიის განცხადებაში ნათქვამია: „მხატვრული შემოქმედებისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ცხოვრების განმავლობაში, კუსამამ საერთაშორისოდ აღიარებული კარიერა გაიარა, როგორც პიონერმა ავანგარდულმა მხატვარმა, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავდა ვიზუალურ ხელოვნებას, პერფორმანსს, მხატვრულ ლიტერატურას და პოეზიას“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კუსამა ტოკიოს საავადმყოფოში 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
„ის სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ხატავდა, ფუნჯს არასდროს იშორებდა და მარადიული სიყვარულისა და მარადიული სულის ძიებას განაგრძობდა.
ჩვენ გავაგრძელებთ კუსამას სურვილების ასრულებას და ხელოვნების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის მომავლის იმედისა და ძალის მიცემას.“

კუსამა 80-იან და 90-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად მხატვრად და გლობალურ კულტურულ ხატად იქცა, მას შემდეგ, რაც ათწლეულების განმავლობაში, ძირითადად, უგულებელყოფილი იყო.
1960-იან წლებში, ნიუ-იორკის მამაკაცური დომინირების მქონე ხელოვნების სფერომ ის ცუდად მიიღო. კუსამამ ფალოსის ქანდაკებების გამოფენებით, მათ შორის, ქსოვილის დივნით და სიშიშვლის ხშირი დემონსტრირებით, აჟიოტაჟი გამოიწვია.
1965 წელს მისმა ნამუშევარმა „უსასრულო სარკისებური ოთახები“, რომელშიც სარკეები და განათება უსასრულო სივრცეებს ქმნის, მილიონობით ვიზიტორი მიიზიდა. მოგვიანებით, მისი წერტილოვანი და გოგრის ნამუშევრები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. თუმცა, ის შეწუხდა, როდესაც მისი იდეები, მისი თანამედროვეების - მათ შორის, ენდი უორჰოლის, კლაეს ოლდენბურგის და ლუკას სამარასის მიერ იქნა კოპირებული ან „შთაგონებული“. მათი ნამუშევრები უფრო პრესტიჟულ გალერეებში გამოიფინებოდა. მამაკაცი მხატვრების აღიარების ყურების შემდეგ, ის სამშობლოში, იაპონიაში დაბრუნდა. იყო დამწუხრებული და გაოგნებული. ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდა და იმუშავებდა.
სასწაულებრივად, მან მოახერხა ისეთი საავადმყოფოს პოვნა, სადაც ექიმები არტთერაპიით იყვნენ დაინტერესებულნი და თავადაც ჩაეწერა. ასეთმა უსაფრთხო გარემომ, მას ხელოვნების შექმნაზე ფოკუსირების საშუალება მისცა.

1970-იან და 80-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები უჩვეულოდ ბნელი კოლაჟების სერიებს ასახავდა, რომლებშიც ის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლების ხატოვანებას იყენებდა.
კუსამა იაპონიის პირველი სოლო მხატვარი გახდა, რომელმაც ქვეყანა 1993 წლის ვენეციის ბიენალეზე წარადგინა.
ოცდაშვიდი წლით ადრე, ის იქ დაუპატიჟებლად გამოცხადდა და მიწაზე 1500 სარკისებრი ბურთი დადო. გამოფენის დიდმა წარმატებამ უდიდესი ტრანსფორმაცია მოახდინა მის მიღებაში, როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2001 წელს მას ასაჰის პრემია მიენიჭა - იაპონიაში კულტურული, აკადემიური და მხატვრული წვლილის აღსანიშნავად. მისი ერთ-ერთი ნახატი 2022 წლის აუქციონზე დაახლოებით 10,5 მილიონ დოლარად (7,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა, რაც მის ნამუშევრებს ქალი მხატვრების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ნამუშევრებად აქცევს.
მან მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი გამოფენები გამართა, მათ შორის, ლონდონის „ტეიტ მოდერნის“ გალერეაში, რომელიც სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა პოპულარობის გამო რამდენჯერმე გაგრძელდა. „ტეიტ მოდერნის“ დროებითმა დირექტორმა, კეტრინ ვუდმა, BBC Radio 4-ის პროგრამაში განაცხადა, რომ ეს იყო „ჩვენი ყველა დროის ყველაზე მონახულებადი გამოფენა, რადგან ხალხს ნამდვილად უყვარს კუსამას ნამუშევრები“.

გამოფენა სტუმრებს მხატვრის „უსასრულობის სარკისებურ ოთახებში“ იწვევდა. „შეხვიდოდი იქ და შუქი ჩაქრებოდა და ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს სამყაროს საიდუმლოებებს იკვლევდი“, - თქვა ვუდმა.
„ის ძალიან კარგად იწვევდა ამ საოცრებისა და უსასრულობის გრძნობას, რომლითაც შეპყრობილი იყო“.

ბავშვობაში კუსამას ჰალუცინაციები ჰქონდა, როგორიცაა ნაკვერჩხლები და ციმციმები - მოგვიანებით მან თავისი ხელოვნება გამოიყენა, როგორც საშუალება სხვებისთვის, რათა გაეგოთ მისი ხედვა სამყაროს შესახებ.
„ერთ დღეს, მაგიდაზე წითელი ყვავილების ნიმუშით სუფრის გადასაფარებლის დანახვის შემდეგ, იგივე ყვავილები დავინახე მთელ ჭერზე, ფანჯრებსა და სვეტებზე. მან ოთახი შეავსო და ჩემი სხეულიც მოიცვა“, - წერს ის თავის ავტობიოგრაფიაში.
კუსამა დაიბადა 1929 წელს იაპონიის ცენტრალურ ნაგანოს რეგიონში მდებარე პროვინციულ ქალაქ მაცუმოტოში.
მისი მშობლები არ უჭერდნენ მხარს კიოტოში ხატვის სასწავლად მის გადასვლას. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ მისი არტისტობა დიდ სირცხვილს იწვევდა მის კონსერვატიულ ოჯახში.

მსოფლიომ, მის მშობლიურ იაპონიასთან ერთად, რადიკალურად შეცვალა კუსამას შესახებ წარმოდგენა გვიანდელ პერიოდში.
სოციალურმა მედიამ ბოლო წლებში ინტერესის ზრდა გამოიწვია - მისი მუზეუმის თამამი ყვავილების ფორმები და მბზინავი ფოლადის სფეროები, სელფებისა და პოზებისთვის სასურველ ფონად იქცა.

მის მრავალ მოტივს შორის, გოგრა მის ნამუშევრებში ხატოვანი გახდა. მისთვის ბოსტნეული კომფორტსა და ნოსტალგიას განასახიერებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ერთხელ თქვა: „გოგრები მელაპარაკებიან. ისინი სტაბილურობის განცდას განასახიერებენ და სულიერ სიმშვიდეს მაძლევენ“.

წყარო: BBC
08/27/2026