Logo

ცხოვრება მუდმივ შიშში - მოძალადე მამის შვილის ისტორია

ცხოვრება მუდმივ შიშში - მოძალადე მამის შვილის ისტორია

10/12/2026

ტექსტის ზომა

ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიას რომ ისმენ, მთელი არსებით ნატრობ, რომ ყველა მოძალადე მთელი სისასტიკით და სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ იქნებ აღარ გაგრძელდეს ეს დედამიწის ჯოჯოხეთი.

კრავაი ტყემალაძემ "გაბედე"-ში სტუმრობისას საკუთარი მძიმე ისტორია უამბო მსმენელს.

"ვიღაც თუ ჰყვება, როგორ გახდა მილიონერი, მეც ისე ვყვები, როგორ გავხდი ადამიანი და საერთოდ არ ტეხავს. სხვების დახმარების რეცეპტი არ შეიძლება არსებობდეს. რჩევაც არ შემიძლია მივცე; მე ჩემს ამბავს მოგიყვები და თუ რამეს იცნობ, ეგ არის" - ამბობს 32 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მთელი ბავშვობა უყურებდა, როგორ ძალადობდა მამა დედაზე და ბებიაზე.

კრავაი ამბობს:

"ფსიქოპათ მამაჩემს ჰქონდა ერთი სუსტი წერტილი. რა სისასტიკეც არ უნდა ჩაედინა, გადარჩენა თუ გინდოდა, უცებ ისე უნდა დაგეწყო მოქმედება, თითქოს ყველაფერი კარგადაა. უნდა გეთქვა, მამიკო, წავიდეთ და ყველაფერი ჩერდებოდა."

კრავაი ჰყვება, რომ მამა მის ცხოვრებაში 4 წლამდე არ არსებობდა, რადგან ის მუდმივ ძებნაში იყო. მერე გამოჩნდა და დაიწყო იმ ღრმა ტრავმების გაჩენა, რაც მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ადამიანებს.

კრავაი ტყემალაძე: ადამიანები და ცხოვრება რომ არ შემძულებოდა, მიწევდა იმაზე ფიქრი, რომ ეს მისი ბრალი არ არის - ასეთი რომ არის. თავს ვაჯერებდი. თან მხოლოდ მოძალადე მამა ხომ არ არის, აქ არის დანგრეული, დამსხვრეული დედა. ასეთ დროს რთულია, სიძულვილი არ შემოგეპაროს.

მე, მამაჩემთან მიმართებაში, პირადი შიში საერთოდ არ მქონია. ყოჩაღი რატომ ვიყავი - მხოლოდ ჩემი თავის გადარჩენა რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო მფრთხალი ნაბიჯები მექნებოდა, მაგრამ მე სულ ვნერვიულობდი დედაჩემზე და ბებიაჩემზე. ორი ქალი მყავდა გადასარჩენი. ამიტომ საიდანღაც მოდიოდნენ ეგ იდეები, რომ ახლა ეს უნდა გააკეთო.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან, არც ერთი არ ცდილობს, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს. მუდმივ შიშში ცხოვრობენ და მათ მამა და დედა ერთად საერთოდ არ სჭირდებათ. ბავშვი ამას არავისთან ლაპარაკობს. არც ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს ამბები არ იცოდა. ამ დროს ბავშვს იმდენი აქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ამოათქმევინებ, რას გრძნობს.

10 წლის რომ გავხდი, დედამ როგორღაც გაბედა და გაეყარა მამაჩემს. მამა დაიჭირეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გამოვიდა ციხიდან. და დაიწყო უარესი - ზაფხულობით სოფელში მოვარდნები, რას ქვია რომ გამეყარე, დახვედრები და ასე შემდეგ...

ერთხელ სოფელში მოვიდა, აშარებული, არაადეკვატური სახით და მითხრა - ჩემთან წამოდიო. გვერდით სოფელში უნდა წავეყვანე, თავისთან. 11 წლის ვიყავი. არ მიყვარდა და მასთან არ მინდოდა. ბებომ უთხრა, ახალი ჩამოსულია, დღეს იყოს და ხვალ მე ჩამოგიყვანო. ამის თქმა და დაარტყა ბებოს, ბებო დავარდა და საფეთქლიდან წვრილად წამოუვიდა სისხლი. ეს იმდენად შოკისმომგრელი კადრი იყო, რომ იმ წუთში ჩავთვალე, რომ მოკვდა. მე ისტერიკაში ვიყავი, ფეხებზე ვეხვეოდი, ვთხოვდი, თავი დაენებებინა, რადგან აგრძელებდა, მუცელში ურტყამდა წიხლებს. მე მიშორებდა და ისევ აგრძელებდა.

უცებ ჩემში გადატრიალდა რაღაც, ხმა დავიმშიდე და დავიწყე ის კოდური სიტყვები, რაც მასზე მუშაობდა - კარგი მამიკო, წავიდეთ შენთან-მეთქი. გამიღიმა და გაჩერდა. ეს იყო "სიყვარულით" მოსყიდვის პირველი ფაქტი. ეს აკლდა, ალბათ, ამ უბედურ ადამიანს.

გავყევი ნელი ნაბიჯით ორღობეში და როდესაც სოფლის კაცები გამოჩნდნენ, დავიწყე ყვირილი, ბებო მოკლა და ეს კაცი მომაშორეთ-მეთქი. არ მახსოვს, რას ვყვიროდი. მერე მიყვებოდნენ, მხეცივით საშიში იყავიო...

ბებო ცოცხალი იყო, მაგრამ რამდენიმე წუთი აღებინებდა შედედებულ სისხლს.

აი, ამ სახეობის ბოროტმოქმედზე ვსაუბრობთ, სისხლის წყურვილზე ყველაზე უმწეო არსებასთან.

კრავაი ტყემალაძე

- როგორ გადარჩი, როგორ გადაირჩინე თავი?

- ჩემ ცხოვრებაში იმდენი ჯოჯოხეთი ხდებოდა, ვფიქრობდი, საიდან გაჩნდა რამე კეთილშობილური ზრახვები ან სურვილები, ან არ გაბოროტება, ან ნდობა რომ არ დავკარგე, ან გულგახსნილი რომ ვარ, საიდან-მეთქი? ვიკვლევდი და ეს ბებოსგან მქონდა. ის იყო ძლიერი და რკინა, თბილი ადამიანი. მისგან ვიღებდი იმ სითბოს, რაც დაზიანებული დედაჩემისგან მაკლდა. მიუხედავად იმ სიგიჟისა, რაშიც ცხოვრობდა, იყო პრანჭია, ჭკვიანი, ფემინური. ისეთ საკითხებზე მესაუბრებოდა, როგორც ქალი - ქალს, ძალიან მეხმარებოდა. თავი მე მომიძღვნა. დღემდე მჯერა, რომ ეს ქალი იმისთვის დაიბადა, რომ მე გადავერჩინე. 96 წლის გარდაიცვალა, მე ვარ 32 წლის და მგონია, რომ ამ 32 წლისთვის იცხოვრა. ამისთვის შეიქმნა ამ სამყაროში.

- და დედა?

- დედას უამრავი ტრავმა აქვს და ყველაფერი სჭირს, რაც შეიძლება სჭირდეს მსგავსი რაღაცებისგან. მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩამოიმსხვრა, მან მაინც მოახერხა და გადამირჩინა ის, რაც მე ვითომ საინტერესო მაქვს. ეს მისგანაა. მიუხედავად დამსხვრევისა, ძალიან საინტერესო არსებაა. ამ ჯოჯოხეთებში, ახერხებდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ისეთი ინტერესის სფეროები შემოეტანა, რომ მარტო ბებოზე არ ყოფილიყო ჩემი გადარჩენა. ეს იყო ლიტერატურის და წერის სიყვარული. დედა ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა. ჩვენ ახლახან, ბოლო დროს დავმეგობრდით.

მე დედისერთა ვარ და ასეთ შემთხვევაში, დედები ძალიან ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ შვილებს. რთული ტოქსიკური ურთიერთობაა ასეთ დედებსა და შვილებს შორის. ძალიან უჭირთ შვილის გაშვება. გამოსავალი ის არის, რომ ძალაუფლება გამოართვა. ზრდასრულის როლში უნდა გადახვიდე, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო და მშობელი გადაამისამართო შვილში. და მერე ლაგდება. ეს ორივეს ეხმარება გათავისუფლებაში.

წყარო

კრავაი ტყემალაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026