Logo

კულტურა

"წლების მატებასთან ერთად, ყურადღებას ვაქცევ, როგორ ვიკვებები" - მერაბ ნინიძე 60 წლისაა

"წლების მატებასთან ერთად, ყურადღებას ვაქცევ, როგორ ვიკვებები" - მერაბ ნინიძე 60 წლისაა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს, 3 ნოემბერს, მერაბ ნინიძე იუბილარია. მსახიობი 60 წლის გახდა.

არტისტის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ექიმი ბალუზის როლი ZDF-ს გერმანულ სერიალში - "ექიმი ბალუზი", რომლის მეოთხე სეზონი ახლა გადის. ნინიძემ ამ როლით გერმანელ (და არა მხოლოდ) მაყურებელს თავი ძალზედ შეაყვარა. ექიმის როლმა ქართველი არტისტი ძალიან პოპულარული გახადა. გერმანელმა მაყურებელმა, სამი წლის წინ, სერიალის გაგრძელებაც კი მოითხოვა. ახლა სერიალი დასასრულს უახლოვდება.

მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძე: ამ როლზე რომ დამამტკიცეს, გამიხარდა. მანამდე ერთფეროვან, განგსტერების და აგენტების როლებს ვთამაშობდი და უცებ ექიმი, რომელსაც გული სხვა ადამიანებისთვის უძგერს, პაციენტებზე გადამკვდარია. რეჟისორი მეუბნებოდა, მერაბ, ასე მკაცრად, ასე დაძაბულად ნუ უყურებო. 

მიხარია ამ კოსტიუმში შეძრომა. მეხუთე წელია ამ როლზე ვმუშაობ. მას უყურებენ, როგორც სამაგალითო ადამიანს. ამ კაცს თავისი სტილი აქვს. მოწესრიგებულ ადამიანს თამაშობს, მაგრამ კონტრასტია - შინაგანად ისეთი მოწესრიგებული ვერ არის. ძველისძველი მანქანა ჰყავს, თითქოს დროს ჩამორჩა... 

მერაბ ნინიძე

ბალუზს მართლა ჰყავს პროტოტიპი, წარმოშობით ლიბანელი ექიმი, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში ცხოვრობს. ასეთივე მანქანა დაჰყავს. პაციენტებთან შინ მისვლისას, თავისი ფეხსაცმელები აქვს, ჩაის სვამს, ესაუბრება. ომის დროს გამოიქცა თავისი სამშობლოდან. მეც ასევე, ომის მიზეზით მომიწია საქართველოდან წამოსვლა. ჩვენი ბედი თითქოს დაემთხვა.

შარშან ბალუზის პროტოტიპს რომ შევხვდით, თვალებზე ცრემლი ჰქონდა და ისეთი კომპლიმენტი მითხრა - შენი ყველაფერი მჯერა! შენ ბალუზის გესმისო. მე ვუთხარი, მეც წამართვეს სამშობლო თავის დროზე-მეთქი. უცებ გავუგეთ ერთმანეთს.

მერაბ ნინიძე

გერმანიაში მცხოვრები ლიზა ჰაკენბროიხი ამბობს:

მერაბი თავიდან რუსი აგენტების როლებს ასრულებდა, თითქოს ასეთი ამპლუაც მოარგეს, თუმცა მერე და მერე დეტექტივებში უცხოელების როლებიც განასახიერა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულად კარგად საუბრობს, ჯერჯერობით მაინც უცხოელების როლებში ანაწილებენ.

მერაბს ისეთ პროექტებში ნახავთ, წლობით რომ გადის, პრესტიჟულ, ბრენდად ქცეულ პროექტებში იწვევენ სათამაშოდ. თანაც მთავარ როლებში. ყოველთვის სერიოზულ და ღრმა როლებს თამაშობს. მაღალი კლასის მსახიობია და მისი თამაში ყოველთვის გამახსოვრდება. ღრმად შედის როლში და რაც არ უნდა, ერთი შეხედვით უბრალო და ეპიზოდური როლი ჰქონდეს, გმირის ხასიათის შრეებს წარმოაჩენს. ზედაპირულად არასდროს თამაშობს. 

"ექიმ ბალუზში" წინა როლებისგან განსხვავებით, სულ სხვა სახე შექმნა. სერიოზული როლია. ამ ექიმის როლი ზუსტად მერაბისნაირ სახასიათო და მაღალი რანგის მსახიობს უნდა შეესრულებინა. ისეთი დეტალები აქვს ამ როლს, რომ მას მერაბი სჭირდებოდა. ის ზუსტად არის შერჩეული.

მერაბ ნინიძე

მის ბოლო საერთაშორისო ნამუშევრებს შორისაა ფილმი "კონკლავი", სადაც მერაბმა რალფ ფაინსთან და სტენლი ტუჩისთან ერთად ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა.

60 წლის მსახიობი თავს კარგად გრძნობს. ცხოვრების ჯანსაღ წესს იზიარებს და OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

"წლების მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, როგორ ვიკვებებით. რომ გითხრათ, ფანატურად ვაქცევ ამას ყურადღებას-მეთქი, არა. თუმცა ვცდილობ, დავეხმარო თავს ამაში.

ჩემი მთავარი ტრანსპორტი ველოსიპედია. ეს მეხმარება იმაში, რომ ვიყო ფორმაში. მანქანა არასდროს მყოლია. არც მართვის უფლება მაქვს. ეს მხოლოდ კინოშია. ის, რაც არ ვიცი პირად ცხოვრებაში, კინოში უფრო კარგად გამომდის.

მიყვარს ველური ბუნება, ფეხით სიარული, მთაზე ასვლა, კარავში ძილი...

თუ მუშაობ, მაშინ არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. ამ დროს დილის ექვს საათზე იწყება დღე და ღამის 12-ზე მთავრდება. მთავარია, მუშაობის უნარიანი იყო და არ გღლიდეს ის საქმე, რასაც აკეთებ."

მერაბ ნინიძე

ქართულ ფილმებში მერაბ ნინიძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ნანა ექვთიმიშვილის ფილმი - "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ფილმში მას პარტნიორობას ია შუღლიაშვილი უწევს.

ამ ორი მსახიობის ნაცნობობა თეატრალური ინსტიტუტიდან მოდის. თუმცა მათი, როგორც კოლეგების დაახლოება, სწორედ ამ ფილმში მოხდა. 

ია შუღლიაშილი: გადაღებამდე თვე ნახევარი რეპეტიციას გავდიოდით და ამიტომ ძალიან დავახლოვდით, ერთ ოჯახად ვიყავით. მე და მერაბმა უჩუმრად და უთქმელად გავუგეთ ერთმანეთს. ადამიანური მომენტები აღმოვაჩინეთ და ერთმანეთთან ურთიერთობა გაგვიადვილდა.

მერაბ ნინიძე

ვღელავდი რამდენად შედგებოდა ჩვენი ტანდემი. მერე თვითონაც გამოხატა ჩვენი დუეტით კმაყოფილება, თავი კომფორტულად იგრძნო, ხელი ხელში ჩავარტყით - ყველაფერი გამოგვივათქო. ჩემთვის მისი ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანი იყო.

საოცრად თავმდაბალი და გულშემატკივარი ადამიანია. ეს მაშინ, როცა პარტნიორი მოსწონს. ცდილობს, რომ საქმე ერთიანად სრულყოფილი გამოვიდეს. არ არის მხოლოდ თავის როლზე და წარმოჩენაზე ორიენტირებული, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება მსახიობებისგან. გეხმარება, თანაგიგრძნობს, რომ მთლიანობაში, ფილმისთვის, კარგი შედეგი დადოს. როცა პარტნიორი გეხმარება და როლზე შენს ნაფიქრს გიმყარებს, დიდი კომფორტია და საქმეც შედეგიანად გამოდის. მერაბი სწორედ ამის ოსტატია.

ძალიან კარგი პარტნიორია. ერთმანეთის მიმართ, ჩვენი როგორც საქმიანი, ასევე პიროვნული თანხვედრა მოხდა. გადასაღებ მოედანზე ფრთხილად აკეთებდა ნიუანსებს, თან ისე, რომ მივმხვდარიყავი. თუ ალღო გაქვს, მისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია, როგორც პიროვნებისგან, ასევე - პროფესიონალი არტისტისგან.

მერაბ ნინიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

11/03/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024