რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სიყვარულის მოციქულის - იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე 21 მაისია.
"იყუარებოდეთ ურთიერთას" - ქადაგებდა იოანე მახარებელი.
წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და "მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს უთხრა: "აჰა დედაჲ შენი!" (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.
იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძლურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.
იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ.
იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.
ზედწოდება "ღვთისმეტყველი" წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს (ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს) მიაკუთვნა.
"შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი", - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს.
როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად, წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს "უბანთა ზედა" დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით...
როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, "ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი".
"ღმერთი სიყუარულია" - წერს სახარებაში იოანე მახარებელი. მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს - შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული - დღესასწაული სიყვარულისა!
მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.
მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).
წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამყქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა. შემდეგ სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახით საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა.

მოწაფეები ტირილით ეამბორნენ საყვარელ მოძღვარს, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა მიწით ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს, 8(21) მაისს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად.
ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით ახ. წ. 110 წელს.
წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში! ამინ!
05/21/2026