Logo

საზოგადოება

"წმინდა გიორგიმ უვნებლები მიგვაცილა ტაძრამდე" - სასწაული, რომელსაც აფხაზეთის ომის ვეტერანი იხსენებს

"წმინდა გიორგიმ უვნებლები მიგვაცილა ტაძრამდე" - სასწაული, რომელსაც აფხაზეთის ომის ვეტერანი იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ირაკლი ლომიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. ის დღეს - გიორგობას, მისმა ერთმა ისტორიამ მომაგონა. ეს ისტორია წმინდა გიორგის სასწაულთან არის კავშირში.

ირაკლი ლომიძე 19 წლის ბრძოლის ველზე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მის თვალწინ დაიღუპნენ - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟი, ირაკლი ამირეჯიბი, გიორგი რაზმაძე, საშკა იოსელიანი... ბევრი ქართველი მეომარი.

ოქროს უბნელი, ჯერ კიდევ თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც მოგვიანებით ომში "ჟივუჩის" შეარქმევენ, აფხაზეთის ომში გაიპარა. მშობლებს გაეპარა, ადუღებულ სისხლის ყივილს გაჰყვა და 13 თვე და 13 დღე ბრძოლის ველი არ მიუტოვებია... 

ეს ინტერვიუ ირაკლიმ რამდენიმე წლის წინ მომცა. თუმცა ამ გიორგობას, მას, "ზმნას" მკითხველისთვის ვიხსენებ. დამეთანხმებით, კარგ ისტორიას და მით უფრო - სასწაულს, ყავლი არ გასდის.

ირაკლი ლომიძე: ოქროს უბანში გავიზარდე, 29-ე სკოლა დავამთავრე. ცხონებული ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე იმ უბნელები იყვნენ...

აფხაზეთის ომს მოხალისედ შევუერთდი. 

ჯაბა იოსელიანის მოადგილე, თენგიზ მაჭავარიანი ჩემი ბიძა იყო. აეროპორტში მიმიყვანე, ჯაბას რაღაც დასჭირდა, უნდა გადავცე-მეთქი, ვუთხარი. თვითმფრინავში ავირბინე და ტრაპიდან ხელი დავუქნიე. კაცი გაგიჟდა. ასე გაპარვით ჩავფრინდი ომში...

ირაკლი ლომიძე

სოფელ ტამიშში ჩავედით მე, ზაზა დვალიშვილი, აჩიკო ჩიკვილაძე და მამუკა ალიბეგაშვილი. იქ დაგვხვდნენ დათო და კახა აბულიძეები. კახა, მერე, თვითმფრინავში დაიწვა... 

შევუერთდით ფრონტის ხაზს... სამი თვე ტამიშში ვიდექით. როტაციას არ ვექვემდებარებოდით, სულ იქ ვიყავით გამაგრებული. მხოლოდ ერთხელ გამოვედით, 23 ნოემბერს - გიორგობას.

ბიჭებს ვუთხარი, წავიდეთ, ილორის წმინდა გიორგში (ოჩამჩირე) მოვილოცოთ-მეთქი.

ილორის წმინდა გიორგი

დილის ექვს საათზე, მე, ზაზა დვალიშვილი, მამუკა ალიბეგაშვილი და აჩიკო ჩიკვილაძე, ფეხით წავედით ტამიშიდან ილორამდე. ვიარეთ ტრასაზე, სადაც მანამდე მანქანებით 120-ით გავდიოდით და ბუჩქებში ვისროდით. მაგარი წვიმა იყო, კოკისპირული... აფხაზებსაც კი დაეზარათ გამოსვლა, რომ ჩვენთვის ესროლათ. სულ ფეხით ვიარეთ, არავინ ჭაჭანებდა, ალბათ, წმინდა გიორგიმ დაუბინდა ყველას იქაურობა, რომ თავისუფლად გაგვევლო გზა.

გზაში ბიჭებმა მანქანა გაგვიჩერეს, დაჯექით, მიგიყვანთო. ნასვამები იყვნენ და მოვერიდეთ. არ ჩავუსხედით. წავიდნენ და ჩვენგან ას მეტრში, "ლიმონკა" აუფეთქდათ, კიდევ კარგი, გადარჩნენ.

და ასე, წმინდა გიორგიმ ტაძრამდე უვნებლები მიგვაცილა. მაშინ ისეთ რწმენაში არ ვიყავი, როგორშიც დღეს ვარ.

თავიდან ბოლომდე გალუმპულები ჩავედით. ტაძარში მივედით თუ არა, მზემ გამოანათა...

იქ მამაომ სანთლები გვაჩუქა და დავანთეთ.

ოჩამჩირეში მოვისვენეთ და უკანა გზაზე მანქანას გავყევით.

ეს იყო 1992 წლის 23 ნოემბერი... ოთხივე ბიჭი აფხაზეთის ომიდან ცოცხლები ჩამოვედით.

დაუჯერებელი ამბები ბევრი ხდებოდა...

ირაკლი ლომიძე

***

მერე ომის შემდგომ სინდრომთან და სულიერ ტკივილთან ბრძოლა იყო... ეს გადაიზარდა სმაში, გულჩათხრობილობაში, წამალში... მკლავდა ტკივილები, ფიზიკური, სულიერი... ბიჭებს რომ ვიხსენებდი, სულისგან ხორცი მეწვოდა, სინანული მკლავდა. ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა გადავფარებულიყავი-მეთქი... რომ გამეჩერებინა, ის ტყვია ხომ აცდებოდა-მეთქი. და ასე დაუსრულებლად თავს ვიდანაშაულებდი. აი, ეს არის ომის შემდგომი სინდრომი, თავის დადანაშაულება. ხშირად მას ვერ უმკლავდებიან და თავს იკლავენ.

სიზმრად ხშირად ომში ვარ. ღამით მეუღლეც შემიშინებია. ბალიში ხშირად მხვდება დილით სველი. სიზმარი შეიძლება შინაარსით ვერ გამოვიტანო, მაგრამ იქ ვარ. დღესაც აფხაზეთის ომში ვარ. ფიქრებით სულ. მებრძოლს ომი არ ტოვებს. ვერ დაივიწყებ, ცხოვრების ნაწილია, დამღაა გულსა და ტვინზე.

ირაკლი ლომიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

11/23/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024