საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნელი ბერაია რვა მარტს 95 წლის გახდა... ხელოვანმა ხანგძლივი ცხოვრება განვლო, თუმცა რთული და ეკლიანი გზა. ღმერთმა სილამაზესთან ერთად, მძიმე ჯვარი ატარებინა.

ირაკლი უჩანეიშვილთან 11 წლიან ქორწინებას დღემდე თბილი ღიმილით იხსენებს.
მამაკაცების ყურადღებით განებივრებული ვიყავი და სიყვარულიც სამჯერ მეწვიაო, ამბობს "ზმნასთან"; თუმცა ორი შვილი ტრაგიკულად გარდაეცვალა და ამ სიმძიმემ, ტკბილი სიბერის შანსი დაუკარგა.
მერე, თაღლითური სქემით, საცხოვრებელი სახლიც დაკარგა და მისი ნამუშევრების გამოფენაზე მისულმა პატრიარქმა, სამების ლავრაში შეიკედლა, სხვა ხელოვანების მსგავსად.
უცნაურია ცხოვრება. რაღაცას რომ გართმევს, რაღაცას გჩუქნის სანაცვლოდ. 60 წელს გადაცილებულმა მარტოხელა ქალმა, ბისერებითა და მძივებით ტილოების მოხატვა დაიწყო. ძალზე რთულ სამუშაოს საათობით უჯდა, დროს კლავდა, ხელოვნებას კი თავს აფარებდა... მარტოობის გაუსაძლისი წუთები შემოქმედებით გაყავდა. ტკივილ გადატანილი სხეული შედევრებს ქმნიდა...


ახლა მისი ყველაზე დიდი მტერი მარტოობა და სიჩუმეა. ვერც ერთს ვერ იტანს. ამიტომ თითქმის ყოველდღე, დღის მეორე ნახევარში, თავისუფლების მოედანზე მდებარე "თბილისი გალერიში" მიდის, რომ ხალხმრავლობაში თავისი მარტოობა დამალოს.

ნელი ბერაია: პატრიარქი რუსთაველის თეატრში ორჯერ იყო ჩემს გამოფენაზე. თავზე ხელს გადამისვამდა, მიმიხუტებდა. ძალიან თბილი ადამიანი იყო. ჩემი ნიჭიერი გოგოო, იტყოდა. მიხაროდა მისი დანახვა. მაქებდა. დიდ სითბოს ვგრძნობდი. დიდი ხანია ჩემს თვალზე ცრემლი არ ყოფილა და პატრიარქის წასვლამ, ცრემლი მომგვარა... ძალიან მეტკინა გული.
ერთ-ერთ გამოფენაზე რომ მოვიდა, ჩემი ამბით დაინტერესდა, ახალი დაკარგული მქონდა ბინა. და სამების ლავრაში წამიყვანა საცხოვრებლად. იქ ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჩხეიძე. ქალბატონებიდან მხოლოდ მე დავსახლდი. დღემდე ძალიან კმაყოფილი ვარ იქ ცხოვრებით. პატივს მცემენ. ხან თვითონ ჩავდივარ სატრაპეზო სივრცეში, ხან ჩემს ლავრაში ამოაქვთ კერძები.
- 95 წლის ასაკში ასე არაჩვეულებრივად გამოიყურებით. რა არის ამის საიდუმლოება?
- ერთი პასუხი მაქვს. ასე ჩემი ხასიათის წყალობით მოვედი. თბილი, მხიარული და კარგი განწყობის ვიყავი სულ. ბრაზიანი, ბოღმიანი და შურიანი ადამიანი მალე ბერდება. ეს ჩემი აზრია. მაგრამ ლოგიკურად ასე უნდა იყოს. მე მგონი, ჩემი ასაკის საიდუმლო ის არის, რომ ცუდი არავისთვის მინდოდა. "ხახატუშკას" მეძახდნენ.

პრობლემების მიუხედავად, ვცდილობდი ხასიათის და განწყობის შენარჩუნებას. პოზიტიურობა მშველოდა. რაც არ უნდა ცუდი ამბავი მომხდარიყო, არ ვყვებოდი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ გადავიტანე, თავი ხელში ამყავდა.
ორი შვილი მყავს გარდაცვლილი... ეს ტრაგედიები იყო ჩემს ცხოვრებაში...
ვაჟი იურისტი იყო. წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი. 90-იან წლებში, რა ვითარება იყო, გახსოვთ. 1992 წელს, 32 წლის ასაკში, ტყავის ქურთუკის გამო მომიკლეს.
ქალიშვილს, ჩემმა დედამთილმა აბორტი გააკეთებინა, სეფსისი დაემართა და გარდაიცვალა. ერთი ვაჟი დარჩა. თუმცა მე ჩემს შვილიშვილს არ ვიცნობ. 4 წლის იყო, ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა. ჩემმა სიძემ მალე შეირთო ცოლი და საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდნენ. იქ გაიზარდა ჩემი შვილიშვილი. მას თავისი ოჯახი ჰყავს. რომ უნდოდეს, მომძებნიდა... ვის რა დავაძალო.
ვცხოვრობ ჩემს ტკივილთან ერთად. მარტოობას ვერ ვიტან. ხალხის გარეშე არ შემიძლია. ამიტომ მოვდივარ ყოველდღე აქ, ნაცნობები მაინც მყავს.

- ნათესავები?
- არც ერთი ნათესავი არ დამრჩა ცოცხალი. არავინ მყავს. საშინელებაა... არც მეგობრები არიან ცოცხალნი. აქ ვჯდები, ვათვალიერებ გამვლელ-გამომვლელს... ვინმე გამომელაპარაკება. მერე მივდივარ უკან...
- 25 წელი აკეთეთ ულამაზესი ხელსაქმე, რომელმაც საზოგადოებას თქვენი თავი გააცნო. ახლა როგორ ისხენებთ ამას?
- დილის ექვსი საათიდან რომ ვიწყებდი მუშაობას, ისე შემომაღამდებოდა, არც ჭამა მახსენდებოდა, არც - სმა. ტელევიზორი სულ ჩართული მქონდა. სიჩუმეს ვერ ვიტან. ვიჯექი და ვმუშაობდი. მაგრამ მხედველობა გამიფუჭა, ფეხები დამიავადა...
- რას გაიხსენებთ წარსულიდან?
- ოდრის მეძახდნენ. მოსკოვში სწავლის დროსაც მამსგავსებდნენ და მერე თბილისშიც. იყო მსგავსება. ტუშს ვისვამდი, გრძელი წამწამები მქონდა. ხბოსავით. მაგრამ ტუშმა გამიფუჭა, არ ვიშორებდი ღამით.

- ქეთოს როლზე დამტკიცებული რომ იყავით, გაიხსენებთ ამ ფაქტს?
- იცით, ეს ამბავი? ვახტანგ ტაბლიაშვილს ძალიან უნდოდა ჩემი გადაღება, საბჭომაც როლზე დამამტკიცა. მანამდე "აკაკის აკვანში" აკაკის დის როლი შევასრულე. გახსოვთ, მე და მედეა ჯაფარიძე რომ ვმღერით - "სანთელივით ჩავქრები". ამ ფილმის გადაღებების შემდეგ, დედამ ბორჯომში წამიყვანა დასასვენებლად. ათ მაისს გადაღებაზე უნდა ვყოფილიყავი. ვიღაცამ არ დაიზარა, ჩამოვიდა ბორჯომში და იქიდან კინოსტუდიის სახელზე გაგზავნა დეპეშა, რომ თითქოს მე ავარიაში მოვყევი და მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მანამ ამბავი გაირკვეოდა, ქეთოს როლზე მედეა ჯაფარიძე დაამტკიცეს. გული დამწყდა, მაგრამ მედეას ქეთო არაჩვეულებრივი გამოვიდა. მივულოცე კიდეც, მშვენიერი ქეთო ხარ-მეთქი. დღემდე არ ვიცი, ვინ გამიკეთა ეს.
- "კარგია მუდამ მტრიანი"...
- ასეა. ცუდი ცხოვრება არ მქონია. განებივრებული ვიყავი მამაკაცებისგან. დუტა მეკითხება გადაცემაში, გარდა გარეგნობისა, რაიმე კიდევ გქონდათ საერთო ოდრი ჰეფბერნთანო. კი-მეთქი; ისიც სამჯერ იყო გათხოვილი და მეც-მეთქი. იცინა...
- მარტო რთულია. ძილის წინ რაზე ფიქრობთ ხოლმე?
- მხოლოდ კარგს ვიხსენებ. ვცდილობ, შვილებზე არ ვიფიქრო, მერე ცუდად რომ არ გავხდე. მინდა მხოლოდ დადებითი ემოციებით ავივსო.
- და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, რას იტყოდით ცხოვრებაზე?
- ცხოვრება ურთულესია. ახლა უფრო გართულდა. ხალხი შეიცვალა, სამწუხაროდ, ცუდისკენ. ადრე ადამიანებს ერთმანეთის ნახვა გვახარებდა. პატივს ვცემდით ერთმანეთს. ბევრი კარგი მახსოვს. ახლა ძალიან გაცივდა და შეიცვალა ხალხი. რთული დროებაა.

03/27/2026