Logo

ყველაფერი ბავშვებზე

თუ ბავშვი ხელს გირტყამთ - ბავშვთა ნევროლოგის რეკომენდაციები

თუ ბავშვი ხელს გირტყამთ - ბავშვთა ნევროლოგის რეკომენდაციები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როდესაც პატარა ხელს გვირტყამს, პირველი რეაქცია ხშირად დაბნეულობა, გაბრაზება ან ბავშვის დასჯის სურვილია.

ბავშვთა ნევროლოგების თქმით, ასეთ დროს მშობლის მოვალეობა ისაა, გაარკვიოს რატომ იქცევა ბავშვი ასე და რისი თქმა სურს ამ საქციელით.

ხელის დარტყმა, ხშირად ბავშვისთვის ემოციების გამოხატვის ერთადერთი ხელმისაწვდომი გზაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სურვილებისა და ბრაზის სიტყვებით გადმოცემა უჭირს.

როგორ ვუპასუხოთ ბავშვის აგრესიას სწორად? რატომ არ ჭრის ხანგრძლივი „ლექციები“ ემოციური აფეთქების დროს და როგორ ვასწავლოთ პატარას ბრაზის ჯანსაღი ფორმით გამოხატვა?

გთავაზობთ ბავშვთა ნევროლოგის, ირაკლი ტუღუშის პრაქტიკულ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვმართოთ რთული ქცევა ეფექტურად.

ირაკლი ტუღუში

„თუ ბავშვი ხელს გირტყამთ, პირველი კითხვა უნდა იყოს არა „როგორ დავსაჯოთ?“, არამედ „რატომ აკეთებს ამას, რის მიღწევას ცდილობს ამით“. ბავშვმა შეიძლება ხელი დაგარტყათ იმიტომ, რომ თავის ემოციას სიტყვებით ვერ გამოხატავდეს. ასევე, შეიძლება გამოხატოს მსგავსი ტიპის ემოცია მაშინ,როდესაც გაბრაზებულია ან როდესაც უნდა თქვენი ყურადღების მიქცევა.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა ხდება დარტყმის შემდეგ.

თუ ბავშვი იღებს ამით სარგებელს, მაგალითად თუ მშობელი უთმობს მას, გადაჰყავს სხვა გარემოში ან აძლევს სასურველს, რასაც ამ დროს ბავშვი ითხოვს, მაშინ ბავშვი იმახსოვრებს, რომ ეს ქმედება არის სარგებლის მომცემი და აგრძელებს ემოციის მსგავსი ტიპის გამოხატულებას.

ბავშვი

ამიტომ, როდესაც ბავშვის მხრიდან ასეთი ქმედება ვლინდება, შეეცადეთ, რომ ხელის დარტყმის დროს, ფრთხილად და ნაზად შეაჩეროთ ის. თქვით მხოლოდ ერთი, მოკლე, კონკრეტული წინადადება. მაგალითად: „დარტყმის უფლებას არ მოგცემ“, „დარტყმა მტკივნეულია“... და ეცადეთ, რომ ცოტა მოშორებით დადგეთ მისგან.

არ იყვიროთ, არ დაიწყოთ ახსნა და არავითარ შემთხვევაში არ დაარტყათ ხელი. ასეთ სიტუაციაში, ძლიერი ემოციური მდგომარეობის დროს, ბავშვი თქვენს ლექციებს ვერ მოისმენს, ხოლო თქვენს აგრესიას, პირიქით, საპასუხო აგრესიით უპასუხებს. ის სწავლობს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოხდება მისი მოქმედების დასრულების შემდეგ.

თუ ბავშვმა სასურველი ნივთის მისაღებად, ტკბილეულის, ეკრანთან ყოფნის ან თამაშის გამო დაგარტყათ, ეცადეთ, რომ არ შეუსრულოთ ის, რის გამოც ასე იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისწავლის, რომ დარტყმით სასურველის მიღება შეუძლია.

ბავშვი

მაგრამ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდება მაღაზიაში, ხალხმრავალ ადგილზე ან ქუჩაში? ჯერ მშვიდად შეაჩერეთ დარტყმა და უთხარით: „თუ ასე გააგრძელებ, აქედან წავალთ“. თუ აგრესიული ქცევა მაინც გაგრძელდა, გადაიყვანეთ ბავშვი მშვიდ და უსაფრთხო ადგილას.

დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თუ ბავშვი გარეთ გაყვანის გამო იქცევა მსგავსად, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გადაიქცეს ჯილდოდ. არ დაიწყოთ თამაში, არ მისცეთ ტკბილეული, არ წაახალისოთ რაიმე ქმედებით. უთხარით, რომ აქ მხოლოდ იმის გამო ხართ, რომ ის დამშვიდდეს. და როდესაც დამშვიდდება, შემდეგ შეგიძლიათ ისევ შეიყვანოთ მაღაზიაში ან გაიყვანოთ გარეთ.

თუ ბავშვი გაქცევას ცდილობს, უნდა შეაჩეროთ. პატარა ბავშვი შეგიძლიათ მშვიდად აიყვანოთ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოთ. თუ ამ დროს ბავშვი ხელებსა და ფეხებს გირტყამთ, დაიცავით სახე და გაზარდეთ მანძილი თქვენ შორის, რომ შეხება გაუჭირდეს. ამ დროს წყნარად უთხარით: „ხელისა და ფეხის დარტყმის უფლებას არ მოგცემ. როცა დამშვიდდები, შემდეგ დაგეხმარები“.

ბავშვი

როდესაც ბავშვი დამშვიდდება, დაარქვით მის ემოციას სახელი. უთხარით, რომ ეს არის გაბრაზების ემოცია: „შენ გაბრაზდი. შეგიძლია გამოხატო გაბრაზება, მაგრამ არა დარტყმით“. შემდეგ ასწავლეთ მას, თუ როგორ უნდა გამოხატოს ეს რეაქცია. მაგალითად, უთხარით: „როდესაც გაბრაზდები, დარტყმით კი არ უნდა გამოხატო ეს, არამედ უნდა თქვა სიტყვით, მაგალითად - გაბრაზებული ვარ“. და როდესაც ბავშვი მომავალში ამ სიტყვებს გამოიყენებს დარტყმის ნაცვლად, რა თქმა უნდა, უნდა წაახალისოთ ეს და უნდა უთხრათ: „კარგია, რომ სიტყვით გამოხატე გაბრაზება და არა ხელის დარტყმით“.

ბავშვი

მთავარი პრინციპი არის ის, რომ დარტყმამ სასურველი შედეგი არ უნდა მოიტანოს. ასეთ დროს მშობლის რეაქცია უნდა იყოს მშვიდი, კონკრეტული და მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრული. შეაჩერეთ დარტყმა, დაიცავით უსაფრთხოება, არ შეასრულოთ მითითებული მოთხოვნა, დამშვიდების შემდეგ კი ასწავლეთ ალტერნატიული ქცევა. ეს არის ის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოთ...

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთჯერადმა ქმედებამ შეიძლება არ შეცვალოს ბავშვის დამოკიდებულება. ამას სჭირდება ვარჯიში და მრავალჯერადად მიდგომების შეცვლა,“ - გვირჩევს ირაკლი ტუღუში.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/28/2026

აგრესიაბავშვიირაკლი ტუღუშინევროლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024