სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გადაწყვიტეთ, ძაღლი იყიდოთ? ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრებას გირჩევთ. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ სახლში ცხოველის ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას განიჭებთ და გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზული დაფიქრება გმართებთ.
თუ უკვე საბოლოოდ დარწმუნდით, რომ ძაღლის მოვლისა და მისთვის საჭირო პირობების შექმნისათვის მზად ხართ, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ, რომელი ჯიშის ძაღლი იგრძნობს თავს საუკეთესოდ იმ პირობებში, რისი შეთავაზებაც მისთვის შეგიძლიათ.

„ძაღლი კი არ უნდა მოირგო, ძაღლს უნდა მოერგო,“ - ამბობს ვეტერინარი დავით ნანობაშვილი.
ვეტერინარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხშირად, ცხოველი სახლში წინასწარი დაფიქრებისა და მომზადების გარეშე მოჰყავთ, რასაც მომავალში არაერთი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს.
„ყველა ჯიშს თავისი ხასიათი და თავისი ფუნქცია აქვს. ერთია მე რა მინდა და მეორეა რისი საშუალება მაქვს.
საქართველოში ემოციებს აყოლილი ხალხი ვართ. ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ.
წინასწარ დაფიქრებაა საჭირო რამდენად შევძლებთ ამა თუ იმ ჯიშის ცხოველის მოვლას, რადგან ჩვენ ჯიშის ფუნქციას ვერ შევცვლით. პუდელი მაგალითად ვერასოდეს ვერ გახდება კავკასიური ნაგაზი და სახლს ვერ დაიცავს. უნდა გაითვალისწინო იმ ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებები და თუ შენ აკმაყოფილებ, მის მოთხოვნებს, მხოლოდ მაშინ უნდა მოიყვანო შინ ძაღლი.
შენ უნდა მოერგო მის პირობებს და არა პირიქით. ამის გათვალისწინების გარეშე, მერე ყოველთვის პრობლემები იქმნება. მაგალითად ჰასკი, რომელიც სპორტული ძაღლია, ან მონადირე ძაღლი, რომელსაც ბუნება სჭირდება რამდენიმე კვადრატულ მეტრიან ბინაში გამოკეტილი ვერ გაძლებს.

ასეთი ძაღლები ბინაში იგივეა, რომ ციხეში გყავდეთ მთელი ცხოვრება. მერე ამ ძაღლებს ფსიქიკა ეცვლებათ და ბრალდება ძაღლს.
შენ უნდა შეძლო და დააკმაყოფილო პირობები რასაც ცხოველი მოითხოვს, ასევე გასათვალისწინებელია ფინანსური მხარე. ცხოველის ყოლა დღვანდელ დღეს არის აუცილებლობა, ეს არის ფუფუნება. იმიტომ, რომ ძვირი სიამოვნებაა. ძვირია კვებაც, მოვლაც, პატრონობაც. ძაღლს ფინანსები და დრო სჭირდება.
კიდევ ერთი, რასაც უნდა შევეხო - არ არის აუცილებელი ჯიშიანი ძაღლი იყიდო. უამრავი მეტისია, რომელსაც პატრონი სჭირდება. ასეთი მეტისი შეიფარე და ამით უფრო მადლიან საქმეს გააკეთებ, ვიდრე მეზობლებს „ემარიაჟო“, რომ ჯიშიანი ძაღლი გყავს სახლში.

თუ ძაღლს ბავშვისთვის ვარჩევთ, უპირატესობა გოგო ცხოველს, ანუ ძუ ცხოველს უნდა მივანიჭოთ. მას კბენის სურვილი ნაკლები აქვს, უფრო თბილი და მოსიყვარულეა. კი ბატონო, ბიჭი ცხოველი უფრო ლამაზია გარეგნულად, მაგრამ თბილი და მოსიყვარულე გოგო უფროა.
გაითვალისწინეთ, ძაღლი მგრძნობიარე ცხოველია და ამ მგრძნობიარე არსების მომავალი თქვენზე, თქვენს ჩვევებსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული. ძაღლს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება, ასე რომ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, მისი მოვლა იტვირთოთ,“ - ამბობს ვეტერინარი.
02/03/2026