ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნუცა შანშიაშვილი ახლა ალბომზე მუშაობს და აქ გასაკვირი არც არაფერია - მუსიკოსი რომ ჩვეულებრივ შემოქმედებით პროცესშია. თუმცა მან ეს სიახლე, ისე ლამაზად დაწერა ფეისბუქზე, რომ მომინდა შევხმიანებოდი და "ზმნას"მკითხველისთვის მისი ინტერვიუ შემეთევაზებინა.
"პირველ ქართულ ალბომს მოჰყვება მეორე, რომელიც მზადების პროცესშია! დაიბადება ქართული ემოციური, ნამდვილი ბგერის სუნთქვა!
ჩემთვის, მსგავს საუნდზე და სიმღერებზე მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია! რადგან თანამედროვე ხელოვნებაში, ვთვლი, რომ აუცილებელია ადამიანობის, სიყვარულის და ნამდვილი გრძნობის შენარჩუნება!
სიტყვები & მუსიკა ჩემია!
მე თვითონ მოუთმენლად ველი, როდის გაგიზიარებთ ახალ მუსიკალურ მოთხრობებს, ისინი თითქმის გაკეთებულია!
დაუცადეთ!!!
წარმოუდგენელია გააჩერო ის ნაკადი, რომელიც იმისთვის გეძლევა, რომ ადამიანებს ემსახურო " - წერს ნუცა ფეისბუქზე.
ალბომის გარდა ნუცამ თავის განცდებზე ისაუბრა და ჩვენს მკითხველს გაუზიარა "რეცეპტი", როგორ გადავრჩეთ ამ რთულ დროებაში.
ნუცა შანშიაშვილი: მე ვარ თითქოს გამტარი, მოდის ინფორმაცია და შეუძლებელია ეს არ გადმოიტანო ფურცელსა და მუსიკაში. მართლა შეუძლებელია. შეიძლება არ იყოს სტუდიაში ჩაწერის შესაბამისი სიტუაცია, ან სახლში ვერ დაჯდე, მაგრამ ამის გაჩერება წარმოუდგენელია. როცა ვჯდები, ყველას ვაჩუმებ, აბა, ახლა ხმა ჩაიწყვიტეთ ყველამ-მეთქი და ვიწყებ სიმღერის წერას... არავინ არ თქვას, რომ სპეციალური ატმოსფეროა დასაწერად საჭირო და ამას უნდა ელოდო. არა, ხელოვნება არ გელოდება - როცა მოდის, უნდა დაწერო. მისი შეჩერება შეუძლებელია.
სხვადასხვა სტილიზირებული ჟანრის ქართულ მუსიკას ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად "ვაკეთებ", უფრო ჯაზთან მიახლოებულს. ძალიან მომწონს ამ ჟანრის ხმოვანება - ყურში ნაჩურჩულები, ნამდვილი ემოცია, სადაც არ არის ზედმეტი ნამუშევარი. ეს არის როიალი და ვოკალი, აუცილებლად იმპროვიზაციით. ეს სუფთა ფურცელია მსმენელისთვის, ასე ვეძახი. სუფთაა ყოვეგვარი ხელოვნური დანამატებისგან. ჯანმრთელი პროდუქტია. ხომ არის გენმოდიფიცირებული და ამავდორულად არის გემრიელი, კახური ნამდვილი პომიდორიც. ასეთი ნამდვილია ეს მუსიკაც.
გამოვუშვი სიდი, რომელსაც ჰქვია "სათამაშო". ხოლო ახალი სიდისთვის ხუთი სიმღერა მზად მაქვს. ამ სიმღერებში სულ ქართული ტექსტებია.
- და რაზე გემღერებათ ახლა?
- ნიუ იორკის ტელევიზიაში მქონდა მეგობრებთან საახალწლო გადაღება და ვიდეო მემონტაჟემ სიცილით მკითხა: შენ რა სულ ტრაგიკულ სიყვარულზე მღერი? მე შენ მიტოვებული არასდროს მინახიხარო. პრობლემა ურთიერთობებში არასდროს მქონია, მაგრამ სიმღერაში ვმღერი არა მხოლოდ ჩემგან გამომდინარე, არამედ გლობალურ განცდებსა და ემოციებზე. ხელოვანი გარემოს და ტკივილს უნდა გრძნობდეს. მე განვიცდი მეგობრების, ახლობლების განცდებს და გადმოვცემ სიმღერებში.
პირველ სიდიში ისეთი ბანალური ტექსტები მაქვს, მაგრამ ნამდვილ ისტორიებს ვყვები. "სათამაშოც" იმიტომ დავარქვი, რომ სიყვარულის დროს ჩვენ სათამაშოები ვხდებით. როდესაც ყველაზე ძალიან გიყვარს, მაშინ გიყენებენ ცუდად, ხშირ შემთხვევაში. შეიძლება სათამაშოს როლშიც დარჩე.

მეორე სიდიში სიყვარულის თემაა ლაიტმოტივად. სიმღერაში "ჭაღარა" ვმღერი იმაზე, თუ როგორ გადის დრო, ვჭაღარავდებით, მაგრამ შინაგანად ახალგაზრდები ვრჩებით. მაგრამ სიყვარულის სურვილი გვაქვს და ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი გვემატება. სიმართლესთან მიახლოებული თემებია. ტკივილი, რომელიც მოდის არ უნდა დაგანგრიოს. მან რაღაც უნდა შეგაქმნევინოს. განსაცდელიც უნდა მიიღო, როგორც თამაში. და თუ ისე შეხედავ, რომ თითქოს ეს იყოს რაღაც გასართობი, იმ ტკივილს და განსაცდელსაც ტრანსფორმაციას მისცემ. აბა, თუ თავს დავიმძიმებთ, დავინგრევით და ჩამოვიშლებით. რთულია ცხოვრებაში ყველაფრის რეალურად აღქმა.
მეკითხებიან, შენ ხელოვნებაში აკეთებ ტრანსფორმაციას, ჩვენ როგორ გავაკეთოთ, არახელოვანებმა ტკივილის ტრანსფორმაციაო? როგორ და ძვირფასებო, საკუთარი თავი გაიმხნევეთ. ცხოვრების დარტყმებს თავი არ დაანგრევინოთ. დარტყმა სტიმული უნდა იყოს. გამოწვევა და პრობლემა მიიღეთ სტიმულად და არა გამანადგურებლად. ჩემი სიმღერის მოსმენისას გრჩება განცდა, მერე რაა... მომავალი ნათელია. მაინც კარგად ყოფნისკენ მივდივართ...
- ნუცა, რატომ მღერი დღეს ამერიკაში ქართულად?
- საყვარელო, ქართული ტექსტი სულ არის ჩემში. მე ვარ საქართველოს ნაწილი. სადაც არ უნდა წავიდე, ვთვლი, რომ სულ თან მიმაქვს საქართველო. რა ენაზაც არ უნდა ვმღეროდე, ვარ ნუცა შანშიაშვილი და ვარ საქართველოს გენოფონდის და კულტურის მატარებელი.
ჩვენი ქართული ენა იმდენად ჟღერადი, უძველესი და უძვირფასესია, დაკვირვებული ვარ, როცა ვმღერი ქართულად, უცხოელებს არ ესმით ენა, მაგრამ ემოციურად დატვირთულები რჩებიან და სულ მეკითხებიან: რა ენაზე იმღერეთ? მერე მე ვუყვები ჩვენს ენაზე და ქვეყანაზე.
ხელოვნებაში მთავარია ვიბრაცია, შენ თუ გულიდან ამოსულ ვიბრაციას გადასცემ, ნატურალურს და ნამდვილს, ის ბევრად ჭეშმარიტი იქნება მაყურებლისთვის და ზუსტად იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ესმით. ბიბლიურად ადამიანები ხომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით ბაბილონის კედლის აშენებამდე. ანუ ყველა ერს აქვს საერთო შინაგანი აღქმა; საერთო ემოციური ფუძე, რომელშიც სიყვარული და ერთიანობა დევს. ეს წაუშლელი ბაზაა. ენა არ სჭირდება ემოციის გაგებას და მიღებას. მოკლედ, ჩემს ქართულად ნამღერს ყველა იგებს. თქვენ იცით, რომ მე ფრანგულად ისე მღერი, ფრანგი ვერ იმღერებს (იცინის), ინგლისურად ჯაზს ვმღერი, რუსულად სიმღერის ხომ საერთოდ ეპოქა მაქვს შექმნილი. 12 ენაზე ვმღერი. მაგრამ ქართული ის ენაა, რაც ჩემშია, კოდით, იდენტობით. ეს ვარ მე...
ამ ალბომში მაქვს ინტერნაციონალური კომპოზიციები ყველასთვის.
როგორც ვხვდები, ღვთის წყალობით, სიმღერების მუზა ჯერ ჩემს მიტოვებას არ აპირებს.

- მოკლედ, მუზებს მასპინძლობთ.
- რა ლამაზად თქვი, ჩემი ძვირფასო. ნამდვილად მუზების მასპინძელი ვარ. ძალიან მიხარია, ეს უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. ისიც ზუსტად ვიცი, ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით უდიდეს სიამოვნებას იღებს, არ არსებობს, რომ მან ეს მაყურებელს ისე გაუზიაროს, რომ მათაც იგივე სიამოვნება არ მიიღონ. და ასე ხდება ემოციების გაცვლა. ამ ჭეშმარიტებას ვერსად გავექცევით. მე არ მიყვარს პლუს ფონოგრამაზე სიმღერა. არის ზოგჯერ შემთხვევა, რომ გადაღებისთვის გიწევს პირის გაღება. ეს ტრაგედიაა ჩემთვის. იმასაც დიდი პროფესიონალიზმი უნდა, რომ "გაარტყა" და მოხვდე ძველ ნამღერში. თუმცა ეს არ არის ცოცხალი და სიამოვნებას ვერ დებ მასში. ეს სიდი ასეთ ჟღერადობაში იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან ცოცხალია, ემოციური და ნამდვილია. ხელოვანის და მომღერლის დიდი დატვირთვაა ის, რომ მან კონტაქტის დამყარება შეძლოს მსმენელთან, უშუალო და ნამდვილი კონტაქტის.
- ამ ციფრულ და ყველანაირად ხელოვნურ სამყაროში, ხელოვანებმა მაინც უნდა შეძლოთ ნატურალური ურთიერთობების გაბმა ადამიანებთან. ეს მართლა მნიშვნელოვანია.
- აბსოლუტურად პლასტმასისაა ყველაფერი. ალბათ, ხელოვნებაში ჩემი ერთ-ერთი დიდი მიღწევა ის არის, რომ მაქსიმალურად მივაღწიო იმ ნატურალურ სინამდვილეს, რითიც ღმერთმა დაგვაჯილდოვა. მე მგონი, რაც მინდა, ის გამოდის.
სიმღერები მზადაა, დავამატებ რამდენიმე კომპოზიციას. ფოტოსესია დამრჩა და ალბომიც მსოფლიო მასშტაბის ყველა მუსიკალურ პლათფორმაზე აიტვირთება.

- თქვენ ხშირად წერთ ვიდეობს და ადამიანებს რელაქსისა და გადატვირთვისკენ მოუწოდებთ. რას ურჩევთ ამ რთულ დროებაში მუდმივ სტრესში მყოფ ადამიანს?
- დააიგნორეთ ცუდი და სტრესული გარემო. და იცით როგორ? დაკავდით საკუთარი შინაგანი სულიერი მეს კვლევით. დაფიქრდი - ვინ ხარ? რატომ უნდა იტანჯო გარემო პრობლემებით, როცა ხვალ თუ ზეგ დედამიწაზე აღარ იქნები. ასე ღირებულია სხვისი ტანჯვის ყურება, რომ საკუთარი კარგად ყოფნა დააზარალო? არავითარ შემთხვევაში.
დავფიქრდეთ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. შეძელით პრობლემების დანახვა სხვა რაკურსიდან და არა ისე, როგორც გაწვდით, მაგალითად ტელევიზია, ციფრული სამყარო, არამედ დავინახოთ ჩვენებურად, ჩვენი სამყაროდან გამომდინარე. შენში გაატარე, ბრმად ნურავის გაყვები. გაიგე, რა გინდა. ილოცე. კითხე იმ კოსმოსურ ძალას, რომელიც გვატრიალებს. მატერიალურიდან ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე აიწიეთ. აი, მაშინ მიხვდები ის ქვედა, შენი ცხოვრების მატერიალური წყობა როგორ დალაგდება. საერთოდ ასეთი ტენდენცია მიდის, უნდათ, რომ მთელი კაცობრიობა ერთგვაროვან პლასტელინში აზილონ. ეს არ გამოვა, თუ ადამიანი თავის არსს გაიაზრებს. თუ გლობალიზაცია სულიერი გზით მოხდება, მე მივესალმები.
- არადა, ღმერთს რომ მივყვეთ და მის ნებაზე გადახტომა არ გვინდოდეს, ყველაფერი გაცილებით კარგად წავა ჩვენს ცხოვრებაში.
- აბსოლუტურად გეთანხმები. რწმენა რა არისო, რომ კითხულობენ და ამბობენ, აი, ის რატომ არ გიკეთია, ამას არ ატარებო და ასე შემდეგ. რწმენა გულშია, ღმერთი ჩვენს შიგნითაა. ის ან გაქვს, ან - არა. შეიძლება ჩვენი საუბარი 10-მა პროცენტმა გაიგოს მხოლოდ, მაგრამ ეს ათი უკვე ხარისხია. მთელი დედამიწა სამყაროს უმაღლეს საფეხურზე ერთმა იესომ ასწია. ამიტომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ხარისხი. ვინც ამ უდიდეს სიკეთეს ვენდობით და მივყვებით, მივყავართ სწორ გზაზე. არ მეშინია, როდესაც კატასტროფებზე და მოსალოდნელ არმაგედონებზე საუბრობენ. საერთო ცეცხლში რომ შემიშვა, ვიცი, განგება და უფალი გამინათებს ბილიკს, რომელსაც მე გავივლი და ის ცეცხლი არ შემეხება. რწმენა ეს არის. რწმენა გადარჩენის ძაფია, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და გავყვეთ.
- როგორი წელი იყო თქვენთვის?
- არაჩვეულებრივი. ცხადია, იყო პატარა-პატარა პრობლემები, მაგრამ დიდი სიხარულებით. იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. დღესასწაულების მიმართ ცოტა ბანალური ადამიანი ვარ. საკუთარი დაბადების დღეც არ მახსოვს ხოლმე. თუმცა, ვიცი და ვიზიარებ, რომ ზეიმში უნდა გაატარო ახალი წელი. მაგრამ მხოლოდ ახალი წელი კი არა, გეტყვით, რომ მე ყოველ წუთს ვზეიმობ. იხარეთ ყოველი დღით. თუ გვინდა ბედნიერი ვიყოთ, დავაფასოთ წუთისოფელი. გენიალური ენა გვაქვს - წუთი სოფელი... დააფასეთ! სიხარული, სიკეთე და ყველაფერი საუკეთესო გქონოდეთ!

12/18/2025