Logo

თუ შენ დავითი გქვია...

თუ შენ დავითი გქვია...

09/28/2026

ტექსტის ზომა

თუ შენ დავითი გქვია, უნდა იცოდე, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახელს ატარებ.

დავითი ძველებრაული წარმოშობის სახელია. ის მომდინარეობს ებრაული სახელიდან Dawid და მის ყველაზე გავრცელებულ განმარტებად მიიჩნევა „საყვარელი“, „სასურველი“, „ძვირფასი“...

სახელის ფუძეს უკავშირებენ ძველებრაულ სიტყვას dod, რომელიც სიყვარულსა და ახლობელ ადამიანთან კავშირს გამოხატავდა.

სახელის მრავალსაუკუნოვანი პოპულარობა დიდწილად ბიბლიურ დავითს უკავშირდება. ძველი აღთქმის მიხედვით, დავითი იესეს უმცროსი ვაჟი იყო. თავდაპირველად ის მწყემსი იყო, მოგვიანებით კი ისრაელის მეფე გახდა.

დავითის სახელთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ამბავი მისი და ფილისტიმელი გოლიათის დაპირისპირებაა. ახალგაზრდა დავითმა მასზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს სძლია და ეს ისტორია საუკუნეების განმავლობაში იქცა სიმამაცის, რწმენისა და დიდი ძალის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ.

დავითი და გოლიათი

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სახელი დავითი სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრდა და ადგილობრივ ენებში განსხვავებული ფორმები მიიღო. ინგლისურად და ფრანგულად გვხვდება David, იტალიურად - Davide, პოლონურად - Dawid, უნგრულად - Dávid, არაბულ და მუსლიმურ ტრადიციაში კი - Dawud. ქართულში დამკვიდრებულია ფორმები დავით და დავითი.

საქართველოში დავითის სახელს განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა აქვს. ქართველი მეფეების შორის არაერთ დავითს ვხვდებით, თუმცა ამ სახელთან ყველაზე ძლიერი ასოციაცია, ბუნებრივია, დავით IV აღმაშენებელია.

დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი საქართველოს 1089- 1125 წლებში მართავდა. მის მეფობას უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული გაძლიერება, თბილისის გათავისუფლება და საქართველოს ისტორიის იმ პერიოდის საფუძვლის შექმნა, რომელსაც მოგვიანებით „ოქროს ხანას“ უწოდებენ.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღე კი 8 თებერვალია.

დავითი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მამაკაცის სახელია საქართველოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დავით/დავითი ყველაზე მრავალრიცხოვან მამაკაცის სახელებს შორის მეორე ადგილზეა, გიორგის შემდეგ.

დავითისგან ქართულში არაერთი საალერსო და შემოკლებული ფორმაა წარმოქმნილი. ყველაზე ხშირად გვხვდება:დათო, დათა, დათუნა...

ასე რომ, თუ შენ დავითი გქვია, უნდა იცოდე, რომ ატარებ სახელს, რომელსაც საქართველოში სიძლიერეს, გონიერებას, ღირსებას, მიზანდასახულობასა და ლიდერის ხასიათს უკავშირებენ. დავითს ხშირად აღიქვამენ ადამიანად, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, რთულ ვითარებაში სიმტკიცის შენარჩუნება და საკუთარი სიტყვის დაცვა

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

დავითიისტორიაპოპულარულისახელი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026