საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თუ შენ გიორგი გქვია, უნდა იცოდე, რომ ეს უბრალოდ პოპულარული სახელი არ არის. სახელი გიორგი, საქართველოში, დღემდე მამაკაცის ყველაზე გავრცელებულ სახელად ითვლება.
ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში დაახლოებით 200 000 გიორგი ცხოვრობს.
სახელი გიორგი ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვა "გეორგიოსიდან" (Georgios) მომდინარეობს. მისი ფუძე ორი ნაწილისგან შედგება: ge - „მიწა“ და ergon - „შრომა“. ამიტომ გიორგი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „მიწის მუშაკი“, „მიწათმოქმედი“ ან „მხვნელ-მთესველი“.
თუმცა საქართველოში ამ სახელის განსაკუთრებული პოპულარობა მხოლოდ მის მნიშვნელობას არ უკავშირდება. ქართველებისთვის გიორგი, უპირველესად, წმინდა გიორგის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი ქრისტიანი წმინდანის სახელია.
ქართულ ტრადიციაში წმინდა გიორგი ქვეყნის ზეციურ მფარველადაც მიიჩნევა, გიორგობა კი წელიწადში ორჯერ 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღინიშნება.

გიორგი საუკუნეების განმავლობაში ქართველ მეფეთა ერთ-ერთი მთავარი დინასტიური სახელიც იყო. მას ატარებდნენ გიორგი I, გიორგი III, გიორგი IV ლაშა, გიორგი V ბრწყინვალე და საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII.
სწორედ ამიტომ ეს სახელი ქართულ ცნობიერებაში სიმამაცესთან, სიძლიერესთან, მებრძოლ ხასიათთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.
დღეს ბიჭებს ხშირად არქმევენ გიორგის მოფერებით და შემოკლებული ფორმებს: გიო, გიგი, გიგა, გოგი, გოგიტა, გოგლა, გიგიშა...
ასე რომ, თუ შენ გიორგი გქვია, ატარებ სახელს, რომელიც ერთდროულად მიწას, შრომას, რწმენას, სიმამაცესა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება.
08/04/2026