საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თუ შენ ნინო გქვია, უნდა იცოდე, რომ საქართველოში ქალის ყველაზე გავრცელებულ სახელს ატარებ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 115 700 ნინო ცხოვრობს და ეს სახელი ქალთა სახელების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
ნინო საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და საყვარელ სახელად რჩება, თუმცა გიორგისგან განსხვავებით, მისი ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ბოლომდე დადგენილი არ არის.
არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი მოსაზრებით, სახელი შესაძლოა ბერძნულ „ნინოსს“ უკავშირდებოდეს, სხვა წყაროები კი ძველ აღმოსავლურ სახელებთან მის შესაძლო კავშირზე მიუთითებენ.
ამიტომ ნინოსთვის ერთი კონკრეტული სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის განსაზღვრა რთულია.
სამაგიეროდ, საქართველოში ამ სახელის განსაკუთრებული პოპულარობისა და სიყვარულის მიზეზი სრულიად ნათელია. ის ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელია.

წმინდა ნინოს ქადაგებას უკავშირდება ქართლში ქრისტიანობის გავრცელება და მეფე მირიანის გაქრისტიანება. სწორედ ამიტომ მოციქულთა სწორი წმინდა ნინო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ფიგურაა, ხოლო მისი სახელი ქართველებისთვის საუკუნეების განმავლობაში რწმენასთან და ქრისტიანულ ტრადიციასთან ასოცირდებოდა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 27 იანვარი მისი გარდაცვალებისა.
ნინო ერქვათ ქართული ისტორიისა და კულტურის გამოჩენილ სახეებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ნინო ჭავჭავაძე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, XIX საუკუნის ქართული არისტოკრატიული და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცნობილი სახე და ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე.

დღეს საქართველოში, გოგონებს კვლავაც სიხარულით არქმევენ ნინოს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ამ სახელის მოფერებითი ფორმები : ნინი, ნინიკო, ნინუცა, ნინაკა, ნინია...
ასე რომ, თუ შენ ნინო გქვია, ატარებ სახელს, რომელსაც საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და რომელიც დღემდე რწმენასთან, კულტურასა და ქართულ ტრადიციასთან არის გადაჯაჭვული
ასევე დაგაინტერესებთ: თუ შენ გიორგი გქვია
09/01/2026