ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს ბევრი მშობლისგან მოისმენთ სიამაყით ნათქვამ ფრაზას - „ჩემი შვილი ჯერ ქართულად ვერ მეტყველებს, მაგრამ ინგლისურად უკვე ითვლის...“
ერთი შეხედვით, ეს პატარა გენიოსის წარმატებას ჰგავს, თუმცა სპეციალისტები სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებენ.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტის, თინათინ გობაძის განმარტებით, თუ 2 წლის ბავშვი, მშობლიური ენის ნაცვლად, ეკრანიდან ათვისებულ უცხო სიტყვებს იმეორებს, ეს საამაყო კი არა, ხშირად საგანგაშო ნიშანია.
ბევრს შესაძლოა ეს მოსაზრება არ მოეწონოს, თუმცა ბავშვის ფსიქიკური და სოციალური განვითარებისთვის ამ სიმართლის ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“თუ შენი 2 წლის შვილი ინგლისურად ლაპარაკობს, ეს საამაყო არ არის, საგანგაშოა.
დიახ, ვიცი, ბევრს არ მოეწონება ეს ტექსტი.
მაგრამ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვების შემდგომი ხარისხიანი ცხოვრებისთვის.
დღეს მშობლები ამაყობენ ხოლმე, როცა 2-3 წლის ბავშვი ეკრანიდან სწავლობს უცხო სიტყვებს ან საუბარს და ჰგონიათ, რომ ბავშვი ძალიან კარგად ვითარდება და უხარიათ. სინამდვილეში, ეს ხშირად განვითარების ილუზიაა.
ბავშვი არ სწავლობს ენას. ის უბრალოდ იმეორებს ხმებს, წინადადებებს რასაც ეკრანიდან იღებს.
0-3 წელი არის ტვინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ დროს ვითარდება ბავშვის ტვინის დაახლოებით 80 პროცენტი. და მე ეს კითხვა მიჩნდება, ამ წლებში ბავშვი რას აკეთებს?
ზის, უყურებს ეკრანს, არ მოძრაობს, არ ააქტიურებს მის შეგრძნებებს, კავშირი არ აქვს გარე სამყაროსთან.
ეკრანი სწორედ იმას აკლებს ამ წლებში ბავშვს, რაც ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია: მოძრაობას, შეხებას, ცოცხალ ურთიერთობას, რეალურ გამოცდილებას. და, ეს ყველაფერი არის ტვინის განვითარების საფუძველი.
ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა დარბის, ეცემა და ისევ დგება, ეხება მიწას, ბალახს, წყალს, ძვრება, ცოცავს, სვამს კითხვებს, გიყურებს თვალებში და გელაპარაკება, არის დიალოგურ კომუნიკაციაში თანატოლთან, ზრდასრულთან და არა მაშინ, როცა ჩუმად ზის და ეკრანს უყურებს. ეს კი ძალიან გახარებთ, როგორც კი ბავშვი გაისუსება.

თუ 2 წლის ბავშვმა ენა ეკრანიდან ისწავლა, (აქ არ მოიაზრება ის ფაქტი, როცა ბავშვი იზრდება ორენოვან გარემოში და ენას სწავლობს ცოცხალი კომუნიკაციის გზით) ეს სიგნალია განგაშის, ესე იგი ბავშვი დიდ დროს ატარებს იქ, სადაც არ უნდა ატარებდეს.
არ გჭირდებათ „გენიალური“ ბავშვი 2 წლის ასაკში.
გჭირდებათ ბავშვი, რომელიც მოძრაობს, კითხვებს სვამს, თამაშობს, შეიგრძნობს და შეისწავლის გარემოს…
გახსოვდეთ, სწორი და ჯანსაღი განვითარება სწრაფად არ ჩანს. რაც სწრაფად ჩანს, ხშირად ზედაპირულია.
რაც ნელა ყალიბდება, სწორედ ის არის მყარი საფუძველი მთელი ცხოვრებისათვის.
შემდეგ ნუ გიკვირთ, რომ ბავშვს არ შეუძლია ემოციების მართვა, თვითკონტროლი, სკოლაში მასწავლებლის ინსტრუქციაზე მიყოლა, მოსმენა, გაჩერება, მოთმენა, სწავლა და ასე შმდეგ,"- ამბობს თინათინ გობაძე.
05/03/2026