საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იხსენებს.
მაკა ჩიჩუა ყურადღებას პატრიარქის იმ განსაკუთრებულ თვისებებზე ამახვილებს, რომლითაც მისი თქმით, უწმინდესი გამორჩეული იყო.
„იმ პერიოდში გავიცანი, როცა გიორგი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მანამდე არ მქონია მასთან შეხება.
მე და გიორგის ურთიერთობა გვქონდა და არც ჯვარი გვქონდა დაწერილი, არც ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავით,. უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით და გვახარებდა ერთად ყოფნა...
გიორგის რომ მოუწია პრეზიდენტობა, ჩვენზე საოცარი თავდასხმა მოხადა ამის გამო. როგორ გაბედა, რომ გვერდით ჰყავს მეგობარი ქალი და არა ოფიციალური ფურცლებზე გაფორმებული ან ჯვარდაწერილი მეუღლე.
პატრიარქმა მიგვიღო ისე, როგორი ურთიერთობაც გვქონდა. მიგვიღო, მოგვეფერა, გაუხარდა რომ გიორგი პრეზიდენტი გახდა და მეც მის გვერდით ვარ... უცბად შედგა ეს პოზიტიური და კარგი ურთიერთობა...
ერთ დღეს ვკითხე ლაპარაკისას, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, რომ მე და გიორგის არ გაგაქვს ჯვარი დაწერილი? ძალიან კეთილი თვალებით შემომხედა, გაეღიმა და მითხრა:
- არა მაკა, რას ამბობ, ეგ არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არისო. ყველაზე მთავარი არის სიყვარული, თუ სიყვარული არ არის, რა მნიშვნელობა აქვს ჯვარს დაიწერ თუ ხელს მოაწერ... და თუ სიყვარული გაერთიანებთ, არ აქვს მნიშვნელობა ჯვარი გაქვთ დაწერილი თუ არა...თუ სიყვარული გაკავშირებთ, თქვენ ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება და ნებისმიერ დროს ჯვარი დაიწეროთო...
ბევრი და ხშირი ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე მეტად მახსოვს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი სახელით იყო ხოლმე ჩვენი კრიტიკა და ამ დროს, თვითონ პატრიარქის დამოკიდებულება ასეთი საოცარი იყო,“ - იხსენებს მაკა ჩიჩუა.
03/20/2026