Logo

კულტურა

"თურმე, დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა"- გია ფერაძე 78 წლის გახდებოდა

"თურმე, დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა"- გია ფერაძე 78 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გია ფერაძე - დიდი ტრაგიზმია ამ სახელისა და გვარის მიღმა. მხიარული, ბოჰემური და ქალთა მოტრფიალე, ნიჭიერი არტისტის ცხოვრება, ერთმა უბედურმა დღემ შეცვალა. შეყვარებული ცოლ-ქმარი გუდაურიდან ჩამოვიდა. ალბათ, თერთმეტი თვის მარიკუნა, ირინას, მშობლებთან ჰყავდა დატოვებული. ჩამოვიდნენ და... 1985 წლის 19 მარტის ღამეს, სახლში, გვიან დაბრუნებულა გია. ცოლ-ქმარს სამზარეულოში წაუკამათიათ. და კალმის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღი გიამ გაისროლა, თუ გაუვარდა... გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდა. 5 მილიმეტრინი ტყვია 23 წლის ირინას გულში მოხვდა. დაბნეულმა მსახიობმა დაჭრილი ცოლი საწოლში შეაწვინა და თვითონ, ფეხშიშველი სახლიდან გაიპარა. ამბობდნენ, იმ ღამით ისევ დალია და დილით საკუთარი ფეხით მივიდა მილიციაში...

ირინა მიქატაძე

"ხშირად ისროდა ამ დაწყევლილი „კალმისტრის” იარაღიდან, კინოსტუდიაშიც ბევრჯერ უხუმრია და უსვრია, ნეტავ მომეპარა და გადამეგდო, როგორ შევცდი! ვფიქრობ, უეჭველი გაუვარდა! უცბად წარმოვიდგინე გიას მდგომარეობა, ასეთი სიზუსტით ნასროლი ტყვია, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდა, გამორიცხულია, რომ ეს დამიზნებით გაეკეთებინა. წარმოუდგენელია, ასე ზუსტად დამიზნება.

რა მოხდა იმ ღამეს, არავინ იცის, ეტყობა ეშმაკი შეუჩნდა და გაისროლა. როგორც მასმედიიდან შევიტყვე, ყველაზე დიდი შეცდომა, მაშინ დაუშვა, როცა ამ შემთხვევის შემდეგ, სახლიდან ფეხშიშველი გაიპარა.

ეტყობა, შეეშინდა, რა დაემართა, არავინ იცის. ადამიანია, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო." - ამბობს კინოპროდიუსერი თამაზ ორაშვილი.

ის, რაც მამას ბოლომდე ვერ აპატია მარიკუნამ, იყო ის მომენტი, რომ გიამ დაჭრილი ირინა საწოლში შეაწვინა და მიატოვა... შვილს მოსვენებას უკარგავდა ეჭვი - იქნებ გადარჩენილიყო. მარიკუნა ბაბუმ და ბებომ – ჯუნა მიქატაძემ და მარიკა საყვარელიძემ გაზარდეს.

ამონარიდი "პრაიმტაიმისთვის" მიცემული 2009 წლის ინტერვიუდან.

მარიკუნა მიქატაძე: მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამ­ას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა უკვე მოვერიე ჩემს თავს, თორემ თავიდან ძალი­ან დიდი აგრესია მქონდა მამაჩე­მზე. შემთხვევით იყო, ძალით იყო, თუ რა იყო, მაინც ის არის, რომ მე დედა არ მყავს, გიას გაუთვალი­სწინებელი ნაბიჯის გამო.

ირინა მიქატაძე

ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე და ალბათ, ასე იქნე­ბა მთელი ცხოვრება… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალ­ბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი, რა ექნე­ბოდა… გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი… დროთა განმავ­ლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკ­ლა, მამამ დედა მოუკლაო…

11 წლის ვიქნ­ებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებ­ოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებო­და სკოლაში.

ერ­თხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბა­ტინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწ­ყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმ­ოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მი­ვხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მი­თხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გა­ვარდა ეზოდან ღრიალით…

მარიკუნა მიქატაძე

12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მა­მაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნ­და მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…

ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანა­შვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩე­მი და, რომელიც პირველი და მე­ორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.

ბაბუას ძალიან დიდი აგრე­სია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ სა­ერთოდ გაექრო გია. შემდეგ პა­ტრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგ­რესია ჰქონდა. მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს. მახსოვს, „არასერ­იოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩე­მი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბა­ბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…

გია ფერაძე

ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვა­რდათ ერთმანეთი. თურმე, დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამა­ჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შე­მთხვევა იყო.

ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭო­რები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგ­უა ამას, აიღო და ესროლა. ზო­გი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.

იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწ­ყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დე­დას… თავიდან ეგონათ, რომ ქუ­რდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.

ირინა მიქატაძე

გია… წა­სულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძ­ლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოც­ხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველ­ას ითხოვდა…

2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, ტრაგიკულად გარდაიცვალა მარიკუნაც.

გია ფერაძე

მარიკუნა რომ ჰყვებოდა გარეგნულად შეცვლილ მამაზე, ეს უკვე ციხიდან გამოსული და გაუბედურებული გია იყო. მან შვიდწლიანი პატიმრობა მოიხადა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში - ციმბირში. ამას პირადად აკონტროლებდა ირინას მამა, ცნობილი მოქანდაკე - ჯუნა მიქატაძე, რომელმაც დაუნდობლად იძია შური სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა. ციხიდან რომ გამოვიდა, განადგურებული და მორალურად გატეხილი იყო. ისევ სასმელს მიეძალა. მოუშუშებელ იარებს ვერაფერი უამებდა. და ორ წელში გარდაიცვალა კიდეც.

გია ფერაძეგია ფერაძე

დღეს გია ფერაძე 78 წლის გახდებოდა...

გიას ცხოვრება ორადაა გაყოფილი – დაუსრულებელი ზეიმი, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება... შვილები...

და მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... გიას უკანასკნელი როლი. 

40 ფილმი და 29 სპექტაკლი - დიდი თუ პატარა როლი, მაგრამ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი. „განგაში”, „მოიტაცეს თამარ ქალი”, "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", „არასერიოზული კაცი”... 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახლდათ.

მსახიობის უფროსი ძმა, ილია ფერაძე ფეისბუქზე ძმას იხსენებს.

"დღეს, 20 აპრილს ჩემი ძმა - გია ფერაძე 78 წლის გახდებოდა, მაგრამ იგი 1995 წელს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძველმა თბილისელებმა კარგად იცოდნენ მისი ცხოვრების პერიპეტიების და შემოქმედების შესახებ, იმიტომ რომ იგი ძალიან გამორჩეული პიროვნება იყო ქალაქში. გასულ წლებში მას რამდენიმეჯერ გადაუხადეთ ხსოვნის საღამო, რომელსაც დაესწრო ძალიან ბევრი ჩემი და გიას ნაცნობ-მეგობრები. პირველი საღამო გაიმართა მერაბ თავაძის დახმარებით, მის თეატრში და დღეს ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებ წასულ ნაცნობებს კადრებში, მას მერე ხომ 20 წელია გასული.

დღეს, XXI საუკუნეში ჩემი და გიას მეგობრები ძლიერ შეთხელდნენ ამქვეყნად.

გია ფერაძე, ალბათ, იმ ქვეყნადაც ვერ მოისვენებს და ღმერთს შევთხოვოთ ნათელში ამყოფოს საყვარელი, მოუსვენარი თბილისელი" - წერს ილია ფერაძე.

გია ფერაძეგია ფერაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

04/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024