Logo

საზოგადოება

თვალთმაქცი რეჟიმის მიერ მოწყობილი საოცდაექვსმაისო კარნავალის ისტორია

თვალთმაქცი რეჟიმის მიერ მოწყობილი საოცდაექვსმაისო კარნავალის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წარმოიდგინეთ 26 მაისი ახლად ოკუპირებულ საქართველოში, 1921 წელს: მეტეხის ციხე პატრიოტებითაა „გამოტენილი,“ მათ შორის — სტუდენტებითა და პედაგოგებით; საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევენ მოწაფეებსაც კი, რათა საქართველოს სამფეროვანი დროშები ხელიდან გამოსტაცონ. კვლა, ტერორი, თბილისი რუსეთის წითელი არმიის მიერ გაძარცვული, პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან წასული.

ასეთ დროს საოკუპაციო რეჟიმმა 26 მაისის აღნიშვნა გადაწყვიტა. საზეიმო სამხედრო აღლუმს ხომ არ ჩაატარებდა? ადგა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კარნავალის მოწყობა გადაწყვიტა, სახალხო სეირნობა გამოაცხადა, თუმცა ხალხი ამ სამარცხვინო ღონისძიებაზე ვერ მიიყვანა.

საბჭოთა ოკუპაციის პირველ ეტაპზე, ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმს რეალობის გათვალისწინება უწევდა.

„ საქართველოში საზოგადოება მიეჩვია სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და თავიდან ჩვენც მისთვის თავი ისე უნდა მოგვეჩვენებინა, ვითომ დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი არ ვიყავით“, — 1921 წლის ბოლოს წერდა მოსკოველ პატრონებს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე.

ფილიპე მახარაძე

ამ თვალთმაქცობის შესაბამისი იყო „საოცდაექვსმაისო კარნავალი.“ შემდგომ წლებში კი ამ დღეს კარნავალის მოწყობაც აღარ დასჭირვებიათ. მერე ბოლშევიკებმა 25 თებერვალი დაადგინეს საქართველოს განთავისუფლების დღედ „მენშევიკთა ბატონობისგან,“ 26 მაისის დღესასწაული კი დიდი ტერორით მისცეს დავიწყებას.

1921 წლის 26 მაისი: დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ბოლშევიკური მასკარადი რუსთაველის პროსპექტზე

გამოიტანეს ლოზუნგები: „გაუმარჯოს ქართველი ხალხის ნამდვილ დამოუკიდებლობას!“, „საქართველოს თავისუფალი გლეხი და მუშა დროშებს ხრიან საქართველოს ახალი გერბის წინაშე, გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“

კარნავალი

გადაწყვიტეს 8 დიდი სურათით აეღწერათ „იმპერიალიზმისგან საქართველოს ხალხის განთავისუფლება.“ სურათები დაამაგრეს ეტლებზე და ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყვეს. სურათები, რა თქმა უნდა, არ იყო 26 მაისის შესაფერი. ისინი 26 მაისის იდეის განადგურებას აღწერდა.

ღონისძიების კულმინაცია შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა ყოფილა, სადაც ფილიპე მახარაძეს ასეთი რამ უთქვამს:

„მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი არაა პროლეტარული პოეტი, მისი იდეები მაინც მისაღები უნდა იყოს მუშებისთვის და გლეხებისთვის. ჩვენ ვდგამთ შოთა რუსთაველის ძეგლს ნიშნად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ შრომას იმ პირებისას, რომლებიც მუშაობენ კულტურისთვის. გაუმარჯოს საქართველოს ხელოვნებას და კულტურას!“

შოთა რუსთაველი

ფილიპე მახარაძის ამ გამოსვლის შემდეგ გუნდს ჯერ „ინტერნაციონალი“ შეუსრულებია, მერე — „დიდება,“ბოლოს სიტყვა მიუციათ გრიგოლ რობაქიძისთვის, რომელიც ბოლშევიკების კარნავალზე ხელოვნების განყოფილების გამგის სტატუსით ყოფილა წარმოდგენილი:

„შოთას ძეგლის დადგმა არის კულტურის სიმბოლო არა მხოლოდ მუშათა და გლეხთა, არამედ მთელი ქართველი ერის, გაუმარჯოს ქართველი ხალხის კულტურას და მის ხელისუფლებას.“

გრიგოლ რობაქიძე

რა მძიმე წარმოსადგენია ბოლშევიკებისგან და რუსეთის არმიისგან აოხრებულ და გაძარცვულ თბილისში, გრიგოლ რობაქიძე ფილიპე მახარაძის გვერდით, თანაც 26 მაისს. იძულებული მდგარიყო და მოთმინებით მოესმინა ერთ-ერთი ყველაზე საზარელი „ქართველის“ სიტვები: „მართალია რუსთაველი არაა პროლეტარული პოეტი...“

ცოტა უფრო ადრინდელ, 1921 წლის აპრილის ერთ-ერთ გაზეთში წავაწყდი ტიციან ტაბიძის პატარა წერილს, რომელშიც პოეზიის აკადემიის შექმნის ინიციატივით გამოდიოდა. ესეც ახლად დაპყრობილ საქართველოში ხდებოდა.

ტიციან ტაბიძე

საფიქრებელია, რომ საზოგადოების ნაწილი ბოლომდე მაინც ვერ იაზრებდა მომხდარს და ეგონა — ბოლშევიკები რუსეთის არმიის თანხლებით მხოლოდ მენშევიკების დასამხობად შემოვიდნენ და არა ქვეყნის და მისი საუკეთესო შვილების ბოლომდე გასანადგურებლად.

გაზეთიგაზეთი

რეალობა მალე გაშიშვლდა. სასტიკი რეპრესიები პირველებმა დამხობილი რესპუბლიკის სახელისუფლებო პარტიის წევრებმა იგემეს, მერე კი ყველას მისწვდა.

ავტორი: ელენე ლომთაძე

06/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024