ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად გვგონია, რომ ბედნიერება რაღაც მიზანია, ადგილი, სადაც ერთხელ მივალთ და იქ დავრჩებით. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. რაც უფრო ვცდილობთ „მუდმივად ბედნიერები“ ვიყოთ, მით უფრო სწრაფად გვიცრუვდება ეს განცდა. რატომ ხდება ასე? პრობლემა ჩვენს ნებისყოფაშია, მოტივაციაში, თუ უბრალოდ „არ გვიმართლებს“?
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამბობს, რომ საქმე ჩვენს ხასიათში კი არა, ბიოლოგიაშია. მისი განმარტებით, ადამიანის ტვინი ბედნიერებისთვის კი არა, გადარჩენისთვის არის შექმნილი და სწორედ ამ ფაქტის გააზრება გვაძლევს გასაღებს იმისთვის, რატომ არ გრძელდება სიხარული დიდხანს და რატომ გვიჩნდება მუდმივად ახალი სურვილები.
"ტვინი ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი. შექმნილია გადარჩენისთვის. და სწორედ აქ იწყება საინტერესო პროცესი. როცა რაღაცას მიაღწევ მცირე დროით სიხარულია და მერე ისევ სხვა სურვილი მოდის. ეს შენი სისუსტე არ არის. ეს ბიოლოგიაა.
ტვინი არ მუშაობს ბედნიერებაზე. ის მუშაობს მოლოდინზე. დოფამინი არ არის მხოლოდ სიამოვნებისთვის. ის არის სიგნალი "რაღაც მნიშვნელოვანი ხდება." როცა მიზანი გარანტირებული ხდება, ეს სიგნალი სუსტდება. სწორედ ამიტომ გვიცრუვდება გული ასე სწრაფად.
სტრესი არ არის უბრალოდ ემოცია. ეს არის სხეულის გადართვა გადარჩენის რეჟიმზე. და ის განადგურებს მხოლოდ მაშინ, როცა უმართავია. კონტროლის განცდა, თუნდაც პატარა, ბიოლოგიური ფარია. ადამიანი არ არის "სუსტი ნებისყოფის არსება". ადამიანი არის გარემოს პროდუქტი. თუ გარემო ქაოსურია, ტვინი ქაოსურად ფიქრობს. თუ გარემო სტაბილურია ტვინი იწყებს ზრდას. ნებისყოფა არ კმარა. გარემო წყვეტს. ყველაზე დიდი ხაფანგი? კონფორმიზმი. არა იმიტომ, რომ "ცუდია სხვების მიბაძვა" არამედ იმიტომ, რომ ცვალებად სამყაროში უმრავლესობა ყოველთვის იმ გზაზეა, რომელიც გუშინ მუშაობდა. რაც რეალურად მუშაობს, მარტივია: ძილი, ტვინი ღამით წერს იმას, რაც დღით განიცადა. მოძრაობა, სხეული ქმნის ნივთიერებას, რომელიც ნეირონებს აკავშირებს. კონტროლის განცდა - "ჩემს ხელშია" ფრაზა ბიოქიმიას ცვლის.
ყურადღება - რასაც აძლევ, ის იზრდება. კითხვა "როგორ ვიყო ბედნიერი." იცვლება კითხვით რა ინფორმაციას "ვაჭმევ" ჩემს ტვინს ყოველდღე? ყურადღება ყველაზე ძვირი ვალუტაა. და ის, ვისაც აძლევ შენსას ნელ-ნელა ქმნის შენს სამყაროს," - წერს ნატა გაგუა.
04/23/2026