
09/10/2026
უკვე რა ხანია საზოგადოება მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანის“ ნანატრ გაგრძელებას, ფილმ-პროექტს - "ქრისტეს აღდგომას" ელოდება.
როგორც ამბობენ, ეს პროექტი ორნაწილიანი ფილმის სახით გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, პირველი ნაწილის პრემიერა 2027 წელს არის დაგეგმილი, მეორე ნაწილი - მომდევნო წელს.
გიბსონის რელიგიურ თემაზე გადაღებულმა ფილმმა, მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი მიიზიდა და იესოს ჯვარცმის ძალზე დრამატული და დეტალური ასახვით, ქრისტიანი აუდიტორია შეძრა.
ახლა, ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, გიბსონი ამ ჟანრში დაბრუნდა, რათა ისტორია გააგრძელოს, რომლის ეკრანიზაციასაც მორწმუნეები ელოდებიან.
70 წლის მელ გიბსონის სულიერი გარდატეხა უფრო ღრმა სახეს იძენს. ის ფილმის გადაღების დაწყებამდე, ათონის მთასაც ეწვია, ბერებთან ერთად კელიებში ლოცულობდა და მდუმარებდა...
„მე არასდროს მიგრძვნია ღმერთთან ასეთი ძლიერი კავშირი სხვაგან, როგორც აქ“ - თქვა მან წმინდა მთაზე.

მელ გიბსონი ქრისტეს მოციქულებზე: „მე სახარებებს ისტორიად მივიჩნევ. ეს გადამოწმებადი ისტორიაა. ზოგი ამბობს, აი, ეს ზღაპარიაო, ის არც კი არსებობდაო. მაგრამ ის არსებობდა. და ამის კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ ყველა მახარებელი, მოციქულები, რომლებიც იქ წავიდნენ, თითოეულმა მათგანმა, საკუთარი რწმენის უარყოფას, სიკვდილი ამჯობინა. ტყუილისთვის კი არავინ კვდება. არავინ.“
თორმეტი მოციქულიდან თერთმეტი მოწამეობრივად აღესრულა იესო ქრისტეს აღდგომის ქადაგებისთვის. ისინი ჯვარს აცვეს, თავები მოჰკვეთეს, ცოცხლად გაატყავეს და ჩაქოლეს. არცერთ მათგანს არ უარყვია თავისი რწმენა.

გიბსონმა, რომელიც ერთ დროს „ჰოლივუდში ყველაზე გავლენიან ქრისტიანად“ დასახელდა, პოდკასტერ ჯო როგანს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, თავის რწმენაში „ძალიან ქრისტიანი“ გახდა.

გააზიარე სტატია