Logo

ინტერვიუ

"უარი თქვით ტკბილეულზე, სიგარეტზე, ალკოჰოლზე" - ირმა სოხაძის რჩევები ქალბატონებს

"უარი თქვით ტკბილეულზე, სიგარეტზე, ალკოჰოლზე" - ირმა სოხაძის რჩევები ქალბატონებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ირმა სოხაძე 70 წლისაა. კარგად გამოიყურება, სულ ცოტა ათ წელს მაინც "იპარავს". როგორც მომღერალი "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ასაკში შესვლისას ბევრი რამ შეცვალა - სიგარეტს არ ეწევა, ტკბილეულზე უარი თქვა, ყოველდღიურად ცურავს... ასეთი მიდგომა გარეგნობაზე ნამდვილად აისახება. რჩევებიც მოგვცა. იქნებ რაიმეში გამოგადგეთ.

ნაწილი მეორე

ირმა სოხაძე: ასაკში შესვლისას ელემენტარულიც რომ გავითვალისწინოთ, უკვე კარგია. უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რაც ასაკში ქალს აზიანებს. მაგალითად, სიგარეტს ვეწეოდი და ასაკში თავი დავანებე. დაახლოებით 30 წელი ვეწეოდი. დიდ სისულელედ ვუთვლი ჩემ თავს იმ პერიოდს, როცა ვეწეოდი.

- მოწევა ხმაზე არ მოქმედებს?

- ხმაზე არა, მაგრამ სუნთქვაზე მოქმედებდა. ის სუნთქვა, რაც მანამდე მქონდა, არ აღმიდგა.

არაფრით არ შეიძლება ალკოჰოლთან მეგობრობა. მე არასდროს მყვარებია, თუმცა ქალებს, ვისაც უყვარს ალკოჰოლი, თვალებზე ეტყობათ, ეს გამომეტყველებაზე ჩანს. ხომ ამბობენ, რომ სადილზე ერთი ჭიქა სასარგებლოაო, მე მიმაჩნია, რომ არ არის მაინცდამაინც სასარგებლო. ფრთხილად მოექცნენ ამ თემას.

ტკბილეული რადიკალურად უნდა გამოთიშოთ რაციონიდან. ნახშირწყლები შევამციროთ. არაფერი ამაში რთული არ არის. რა ვქნა, მიყვარსო, მეუბნებიან. მეც მიყვარდა ტორტიც, შოკოლადიც, მაგრამ ისე ადვილად "გადავაგდე" და მოვიშორე თავიდან, რომ არც მახსოვს და არც მინდა. ტორტი საერთოდ აღარ მინდა. ვუყურებ, არ მინდება, მშვიდად ავიღებ ატამს და შევჭამ. ტკიბილი თუ ძალიან მომინდება, ერთი კოვზი თაფლი ხაჭოსთან ერთად მაკმაყოფილებს, ძალიან კარგია. ყველანაირ ჩიზქეიქს ჯობს.

სიარული ძალიან სასარგებლოა. ყოველდღიურად 6 ათას ნაბიჯს გავდივარ.

აუზი აქვს ჩემს კორპუსს. ამის გამო ყველას შურს ჩემი და მესმის ამ შურის და არ მწყინს. ადრე, რომ გავიგებდი, ვიღაცას ახლოს ჰქონდა აუზი, ჩემი ოცნებაც ეგ იყო, აუზი მქონოდა. სამი წელია აქტიურად ვცურავ. ქოშებით და ხალათით რომ ჩაირბენ და ამოირბენ, როგორია? ძილის წინ ვცურაობ. ღამის 12 საათამდე მუშაობს აუზი და მე ბედნიერი ვარ.

- რუჯის მიღება ასაკში უნდა შემცირდეს?

- რუჯი მიყვარს, მაგრამ ასაკში ვერიდოთ. არ მჯერა, რომ რუჯი კანს აბერებს. მთელი ცხოვრება გარუჯული დავდიოდი. არ მაქვს კანი დაბერებული. მე ორი დღე ტენტის ქვეშ ჯდომა მშველის. ორ დღეში ოქროსფერი ვარ, სამ დღეში - შოკოლადისფერი. მზე არ მწვავს. არ ვწითლდები. გარუჯული კარგად ვგრძნობ თავს.

- კანს როგორ უვლით?

- გასწავლით მთავარს. დილით, ვიდრე საშხაპეში შეხვალთ და ყავას მიირთმევთ, სახეზე კრემი წაისვით. გამოხვედით საშხაპიდან - კიდევ წაისვით. არ არის რთული რუტინა. კანს არ უნდა მოწყურდეს. კანს თუ სწყურია და შია, იმ წუთში ჭკნება. მუდმივად უნდა იყოს დატენიანებული.

არ არის აუცილებელი საცხი 300 დოლარიანი იყოს. ცხოვრებაში არ მქონია ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალება. მე ბოლო დროს საცხს ა და დ ვიტამინს ვაწვეთებ და მომწონს აფუშფუშებული სტრუქტურა. გადაიტანეთ პატარა ფლაკონში და სამსახურში მიდიხართ თუ სადაც მიდიხართ, თან წაიღეთ. დღის განმავლობაში გადაისვით ლოყებზე და ყელზე. რაც ხელში მოგხვდებათ, წაისვით ყველაფერი, მთავარია, არ გამოშრეს კანი. ვისაც არ მოეწონება, თავისი რუტინით გააგრძელოს ცხოვრება.

ირმა სოხაძე

- რომელს საათზე ვახშმობთ?

- მანდ მისაბაძი არ ვარ, აუზიდან რომ ამოვდივარ, ხაჭოს, მაწონს და თაფლს მივირთმევ, ზოგჯერ ზედ დაფქულ სელისაც მოვაყრი. მშიერი დაძინება არ მიყვარს.

- თქვენს სამზარეულოში ყველაზე ხშირად რა მზადდება?

- კოვიდის დროს, სახლში რომ ჩავჯექით, რეზომ აღმოაჩინა, რომ ყველაზე ნიჭიერი საჭმლის კეთებაში ვყოფილვარ. სცენაზე და სამსახურში არ უნდა გამეშვიო, ამბობს. ვამზადებ ყველაფერს - ხორციანი კერძებიდან და თევზიდან დაწყებული, ბოსტნეულის წვნიანებით დამთავრებული, ყველაფერს. პიკანტურს, ლამაზს და გემრიელს. მიყვარს სადილის მზადება. ცხობა არ მიყვარს, რადგან არ მივირთმევ ცომეულს და მგონია, სხვისთვისაც არ არის სასურველი.

- მზადებისას განწყობა მნიშვნელოვანი ინგრედიენტია?

- გადამწყვეტი არ არის. ზოგჯერ მძიმე ხასიათზე მყოფსაც გემრიელი გამომსვლია. მთავარია კონცეტრაცია, არ უნდა მოშორდე. კერძი სრულფასოვანი არ არის, თუ პარალელურად სხვა რამეს აკეთებ.

ირმა სოხაძე

- ქალბატონო ირმა, როგორია თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან 51 წლიანი თანაცხოვრების თავზე?

- იცი, რომ უკვე ძალიან შენიანია, ეს მეგობრობაა. დღესაც არის თემები, რაზეც განსხვავებული აზრი გვაქვს, შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც, მაგრამ ადვილი გადასატანია. შვილიშვილებთან ურთიერთობაზე ვჩხუბობთ ხოლმე. რეზო მათ ყველაფრის უფლებას აძლევს, მე ვუკრძალავ.

ირმა სოხაძე

ძირითადად, მეგობრები ვართ. გამიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.

სახელი რეზო რომ მესმოდა, გული მიჩქარდებოდა. დღემდე რომ ასე ვიყო, მკვდარი ვიქნებოდი, ვერ გავუძლებდი.

რეზო და ირმა

- დღესაც ეპრანჭებით?

- რა ვიცი, აბა. დღეს უფრო მოვწონვარ, ყოველ შემთხვევაში ახლა უფრო გულღიად მეუბნება კომპლიმენტებს, ვიდრე ახალგაზრდობაში. ცხადია, მაშინაც მოვწონდი, მაგრამ არ უნდოდა ეს ხშირად აღენიშნა. ახლა მეტყვის, "ვაა, საღოოლ"! "ამ ასაკში, ყოჩაღ!"

ირმა რეზო

- ეს სტიმულია უკეთ გამოიყურებოდეთ?

- სასიამოვნოა. მე დიდი ხანია სტიმული აღარ მჭირდება. ვიცი, სად, როგორ უნდა ვიყო.

- როგორც მომღერალი სად ხედავთ თავს? რაიმეს ხომ არ გეგმავთ?

- დღეს დალხენილი კონცერტის გაკეთების აზრს ვერ ვხვდები. არ შემიძლია ამის გაგება, ვითომ აქ არაფერი ხდება და ვიმღერო. პარალელურ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ.

- თქვენი სიმღერის ("გაიღიმე") ფრაზაა - ზღაპრის ბოლო კეთილია. ამის გჯერათ?

- აუცილებლად! გჯეროდეთ, გჯეროდეთ, გჯეროდეთ! ზღაპრის ბოლო კეთილია. ადრე თუ გვიან, სიკეთე იმარჯვებს. სიბნელეს სინათლე ჯაბნის.

ირმა სოხაძე

ასევე დაგაინტეერსებთ:

"დღეს მე რუსულად სიმღერა არ მსიამოვნებს!" - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან

ავტორი: თამარ გონგაძე

07/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024