Logo

"უბერებელი, კეთილშობილი, თავმდაბალი" - მერაბი 65 წლის გახდა

"უბერებელი, კეთილშობილი, თავმდაბალი" - მერაბი 65 წლის გახდა

10/15/2026

ტექსტის ზომა

მერაბ სეფაშვილი 65 წლის გახდა. მისი შემხედვარე იტყვით, რომ ამხელა დრო არც გასულა, მის ტემბრს არაფერი დატყობია, მაინცდამაინც არც გარეგნობას; არც ხალხის სიყვარულს მისადმი. ჭეშმარიტ ხელოვანს, ისევე როგორც ხელოვნებას, დრო ვერაფერს აკლებს.

და მაინც რაშია მერაბის უცვლელობის საიდუმლო? კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე "ზმნა"-სთან ამ საიდუმლოებაზე საუბრობს.

ლილიკო ნემსაძე: მე ადამიანი არ მეგულება, მერაბ სეფაშვილის ხმა და პიროვნება არ უყვარდეს. ის დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე.

მისი ამ საყოველთაო სიყვარულის საიდუმლოება მისი ხასიათი, ბუნება, კეთილშობილება და თავმდაბლობაა. ის ხაზგასმით არის უკეთილშობილესი ადამიანი. ეს თვისებები ხდის მას ყველასთვის საყვარელ არტისტად.

ლილიკო ნემსაძე

- გაცნობა გახსოვს?

- მერაბი რომ გავიცანი სტუდენტი ვიყავი. უბრალოდ, მაშინ ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა არ შედგა. მოისმინა სიმღერა და მოეწონა. და შემდეგ უკვე, 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩემი სიმღერები აქტიურად წამოვიდა, მერაბი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩემი სიმღერა შეასრულა და ის გაჰიტდა.

- რომელი სიმღერა?

- "ფიქრებში მეორდები", რასაც მოჰყვა "სიმღერას ვბედავდი", "ჩავა და ამოვა მზე"... მას რეპერტურაში რომანსი აქვს ჩემი. ჯამში ექვსი თუ შვიდი სიმღერა აქვს ჩაწერილი.

- ლილიკო, როდესაც მერაბისთვის წერ სიმღერას, რა არის შენთვის მთავარი?

- ამ ადამიანის უსაზღვრო სიყვარული; უზომოდ დიდი სიყვარული და პატივისცემა. ის სიმღერები, რასაც ის ასრულებს, მხოლოდ მისთვისაა დაწერილი. გამორჩეულია და მეც სულ ვაკვირდები, როგორ ურთიერთობს მსმენელთან. ნამდვილად მისაბაძია, ადამიანურია, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ხალხთან და ამდენი წელია ამიტომაც უყვარს მსმენელს.

- ზუსტად ისე მღერის შენს სიმღერებს, როგორც ჩაფიქრებულია თუ უკეთ?

- ხშირად უფრო უკეთ. წერის დროს შეიძლება ისე ვერ ფიქრობ მის შესრულებაზე, მაგრამ მერე, მერაბის მიერ შესრულებულს რომ ვუსმენ, უკეთ ვხვდები იმ გრძნობას, რასაც ასე ღრმად დებს მერაბი სიმღერაში. თანაც კიდევ რაღაც თავისებურს უმატებს. ამიტომ არის მერაბი - მერაბი. გრძნობების უხილავი ძაფები აქვს გაბმული და ჩადებული სიმღერაში. გამორჩეული მომღერალია.

გავიხსენებ, სიმღერა "ჩავა და ამოვა მზე" რომ დავწერე, მახსოვს, ჩემთან შემოირბინა. მაშინ კასეტაზე ვწერდით სიმღერებს და აშლილ პიანინოზე წამღერებული სიმღერა გავატანე. რა უნდა გაიგოს ამ ჩანაწერით-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ მალე დამირეკა და მითხრა, კლიპს ვიღებო. მერე მისი შესრულება რომ მოვისმინე, აღვფრთოვანდი იმდენად გულში ჩამწვდომად ჩაწერა, რომელზეც ზაზა ორაშვილის ლამაზი კლიპია გადაღებული.

ახლა ორი სიმღერის მონახაზი მაქვს, მერაბმა იცის. მალე დავიწყებთ მასზე მუშაობას. სხვა დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებ.

მერაბ სეფაშვილი

- "ასაკში", რომელიც პირობითი მცნებაა მის შემთხვევაში, როგორია მერაბი?

- მერაბი არ იცვლება, სულ ისეთია, როგორიც იყო, წლები ვერას დააკლებს, ვერც გარეგნულად და ვერც შინაგანად. არც მის ნამღერს ეტყობა ცვლილება. ის ყოველთვის თავის სიმაღლეზეა. უბერებელი და მარად ახალგაზრდაა. ახალგაზრდბსაც ამიტომ უყვართ მისი შემოქმედება.

- არ არის ადვილი 65 წლამდე ჩრდილის გარეშე მოხვიდე. როგორ შეძლო?

- ეს იმ თვისებების გამოა, რაც ზემოთ აღვნიშნე. მისი არაჩვეულებრივი ხასიათის და პიროვნული თვისებების გამოა. მერაბი გამორჩეულია.

დღეგრძელობას ვუსურვებ ჩემს მერაბს. მინდა იყოს ძალიან კარგად, ჯანმრთელად, ბედნიერად. კიდევ ნახევარი საუკუნე იდგეს სცენაზე და ასე უყვარდეს ყველას - დიდსაც და პატარასაც.

ჩემს თავს კი ვუსურვებდი, რომ კიდევ დიდხანს მქონდეს მერაბთან შემოქმედებითი ურთიერთობა.

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026