საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Deep Purple სოლისტმა იენ გილანმა 90-იან წლებში საქართველოში იქორწინა.
ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა და მისმა ჩიხტიკოპიანმა მეუღლემ, ბრონმა ქორწილი თბილისში 1990 წელს გადაიხადეს, ჯვარიც დაიწერეს და ფაეტონითაც გაისეირნეს.
რიტუალების სასახლეს წყვილი ფაეტონითა და ცხენოსნების მაყრიონის თანხლებით ეწვია, სადაც საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერა.
იენ გილანმა რჩეულთან ერთად რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორ გაიხსენა მუსიკოსმა ქართველებთან, რამდენიმე წლის წინ, ეს დაუვიწყარი დღეები, ნახეთ ქეთი მჭედლიშვილის, გიორგი კიკონიშვილისა და გიორგი კაკაბაძის ინტერვიუში.
იენ გილანი: ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა. კონცერტები ჩავატარეთ კავკასიაში: სომხეთში, დაღესტანში, აგრეთვე რუსეთში, უკრაინაში. ჩემ მეუღლესთან, ბრონთან ერთად თბილისში დაუვიწყარი დრო გავატარეთ და ქორწილიც კი გადავიხადეთ. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. Deep Purple-ის მსოფლიო ტურნე ძირითადად ევროპასა და ჩრდილო-ამერიკაში, აგრეთვე ავსტრალიასა და იაპონიაში იმართებოდა. 1990 წელს კი, ფარფლებიდან წამოსვლის შემდეგ ჩაწერილი სოლოალბომის, Naked Thunder-ის ტურნეს ფარგლებში, საშუალება მომეცა მსოფლიოს ისეთ ადგილებში მემოგზაურა, სადაც იქამდე ნამყოფი არ ვიყავი.

ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუკი ხალხს ჩამოაცილებთ პოლიტიკას, რელიგიას და თავსმოხვეულ იდეოლოგიებს, მიიღებთ ნამდვილ, რეალურ ადამიანებს. რამდენი განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია მსოფლიოში, რამდენი განსხვავებული რელიგიაა… მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს – კულტურა, სპორტი და.ა.შ. ცივი ომის წლებშიც კი აუცილებელი იყო კულტურული გაცვლა-გამოცვლა ადამიანებს შორის. მით უმეტეს ჩემთვის, როგორც როკ-მუსიკოსისთვის ასეთი მოგზაურება ფანტასტიკური აღმოჩნდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი კულტურის აღმოჩენა, ახალი ადამიანების გაცნობა. სწორედ ასეთი აღმოჩენა გახლდათ პირადად ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის საქართველო. ჩემი ცოლი ახლა Deep Purple-ის მენეჯმენტს, პრომოუტერებსა და ჯგუფის წევრებს უყვება ჩვენი, 1990 წლის თბილისურ ვიზიტს დეტალებში. ძალიან ემოციური ქალია და მართალია, ქართველ ფანებთან შეხვედრა უკვე დასრულდა, კიდევ ცრემლები ადგას თვალზე იმ მოგონებების გამო, რაც თქვენს ქვეყანასთან გვაკავშირებს და რაც ამ რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს.

რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ის განვიცადე თქვენს ქვეყანაში, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი – გავეცანი სრულიად ახალ კულტურას, სრულიად სხვა სახის ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საკმაოდ მძიმე წლები გქონდათ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდით, მაინც შინაგანი ბედნიერების განცდით სულდგმულობდით. ხალხი, რომელსაც უყვარს სიმღერა, ცეკვა, ქმნის კულტურას, არის საოცრად მეგობრული, უშუალო, კეთილი და გულწრფელი… და საერთოდ, საქართველოში დავინახე ადამიანური ურთიერთობების ის დონე, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. გულწრფელად გეუბნებით ამას…


მე და ბრონს ქორწილი იქამდე ორჯერ გვქონდა გადახდილი – ერთხელ ამერიკაში (რადგან ბრონი ამერიკელია), შემდეგ კი ჩემს სამშობლოში, ბრიტანეთში.
ქართველებმა შემოგვთავაზეს, ქორწილი თბილისშიც გადაგვეხადა და სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან ამას უფრო დღესასწაულის სახე ექნებოდა, ვიდრე ოფიციალური ქორწინების. მახსოვს, ულამაზესი ქართული ტრადიციული სამოსი, ქართული სუფრა და ხალხური სიმღერები, რომლის მსგავსი მრავალხმიანობა და მუსიკალური ჰარმონია იშვიათად მომისმენია. ჩემს თბილისურ კონცერტზე ქართველ მომღერლებთან ერთად ქართული სიმღერაც კი შევასრულე (“ჩემო კარგო ქვეყანა”). ეს დღეები არასდროს დამავიწყდება…

04/05/2026