ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალ Allergy-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომელთა დღიური რაციონის 30%-ზე მეტს ულტრა-დამუშავებული პროდუქტები (UPF) შეადგენს, სასკოლო ასაკში ასთმის განვითარების თითქმის ოთხჯერ მაღალი რისკი აქვთ.
UPF ანუ ულტრა-დამუშავებული საკვები არის ინდუსტრიულად დამზადებული პროდუქტი, რომელსაც ბუნებრივი სახე თითქმის აღარ აქვს და შეიცავს ბევრ არაჯანსაღ ინგრედიენტს — შაქარს, ცხიმს, მარილს, სურნელებს, კონსერვანტებს და სხვას. ეს საკვები იქმნება ქარხნებში ქიმიური პროცესებით, რათა იყოს უფრო გემრიელი, იაფი და დიდხანს შენახვადი, მაგრამ მეტწილად ნაკლებად ჯანსაღი.

რას ამბობს კვლევა?
კვლევა ესპანეთში, SENDO-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მასში 700-მდე ბავშვი მონაწილეობდა. მეცნიერები 4-5 წლის ასაკის ბავშვებს საშუალოდ 3.4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვების რაციონის შესაფასებლად გამოიყენეს NOVA სისტემა, რომელიც პროდუქტებს არა ნუტრიენტების, არამედ მათი დამუშავების ხარისხის მიხედვით აჯგუფებს.
ასთმა ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც სუნთქვას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გარემო ფაქტორები და ცხოვრების წესი არანაკლებ საყურადღებოა. კვლევის შედეგებმა აჩვენა მკაფიო კანონზომიერება: რაც უფრო მეტი იყო ბავშვის რაციონში დამუშავებული საკვების წილი, მით უფრო იზრდებოდა ასთმის დიაგნოზის ალბათობა.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მსგავსი კავშირი სხვა ალერგიულ დაავადებებთან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ულტრადამუშავებული საკვები ფილტვების გაღიზიანებას სპეციფიკური ანთებითი პროცესებით იწვევს, რაც არ არის დაკავშირებული კლასიკურ ალერგიულ რეაქციასთან.
ანალიზისას გათვალისწინებული იყო ისეთი დამატებითი ფაქტორებიც, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის წონა და ეკრანთან გატარებული დრო, რათა შედეგების სიზუსტე მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
კვლევის ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს, შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც ბავშვთა კვებაში დამუშავებული პროდუქტების შეზღუდვას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, ეს სტრატეგია ასთმის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა შეიძლება გახდეს.

წყარო: Wiley
05/15/2026