
10/01/2026
ბევრი პაციენტისთვის ექიმთან პირდაპირი კავშირი დამატებითი უსაფრთხოების განცდას ქმნის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობის პროცესში მოულოდნელი კითხვა ან ახალი სიმპტომი ჩნდება. თუმცა ექიმის მუდმივი ხელმისაწვდომობა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა თავად პაციენტის უსაფრთხოებაზეც აისახოს.
გინეკოლოგი ეკა კვირკველია განმარტავს, რატომ არ მიიჩნევს ექიმის პირადი ნომრის გაზიარებას კარგ პრაქტიკად და რატომ არის მნიშვნელოვანი, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია მკაფიოდ განსაზღვრული, პროფესიული არხებით მიმდინარეობდეს.

"რატომ არ არის ექიმის ნომრის გაზიარება კარგი პრაქტიკა?
ეს არ ნიშნავს, რომ ექიმს პაციენტთან კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს და არც იმას, რომ ექიმისთვის პაციენტისთვის პირადი ნომრის მიცემა თავისთავად უკანონოა.
საკითხი ძირითადად პროფესიულ საზღვრებს, პაციენტის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და ექიმის პასუხისმგებლობის სწორად ორგანიზებას ეხება.
რატომ შეიძლება იყოს პრობლემური ექიმის პირადი ნომრის გამოყენება?
• ხელმისაწვდომობის მოლოდინი - პაციენტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ექიმი ნებისმიერ დროს, მათ შორის ღამით, შაბათ-კვირას ან შვებულების დროსაც, ვალდებულია უპასუხოს - ნებისმიერი შინაარსის ზარს/მესიჯს.
• გადაუდებელი დახმარების უსაფრთხოება - ექიმის პირადი ტელეფონი ან WhatsApp არ არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემა. პაციენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი სიმპტომების დროს დაელოდოს კონკრეტული ექიმის პასუხს და საჭირო გადაუდებელ სამსახურს არ მიმართოს.

• ინფორმაციის დოკუმენტირება - სამედიცინო რეკომენდაციები, დანიშნულებები და შემდგომი გადაწყვეტილებები უმჯობესია ხვდებოდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში - ოფიციალურ ვიზიტებზე - ადგილზე ან ონლაინ - განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში სადაც ექიმებს არაფრის გამო იჭერენ, განსაკუთრებით როდესაც პროვოკატორებს უგზავნიან. სოციალურ ქსელებშუ ჩატარებული კონსულტაცია ამისთვის ყოველთვის შესაფერისი არხი არ არის (განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში და ასევე არ არის პაციენტის პირადი ინფორმაციისთვის ეს უსაფრთხო).
• მონაცემთა დაცვა - პირადი ტელეფონებისა და მესენჯერების გამოყენებამ სამედიცინო ინფორმაციის გაცვლისას შეიძლება შექმნას კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის დამატებითი რისკები.

• პროფესიული პასუხისმგებლობა - მესიჯით ან სატელეფონო ზარით გაცემული სამედიცინო რჩევაც შეიძლება რეალურად გახდეს პაციენტის მკურნალობის ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა ინფორმაცია მიეწოდა პაციენტს, როდის და რა რეკომენდაცია მიეცა.
• ექიმის სამუშაო და პირადი ცხოვრების გამიჯვნა - ექიმსაც სჭირდება დასვენება და პირადი დრო. მუდმივი ხელმისაწვდომობის მოლოდინი ზრდის გადატვირთვისა და გადაწვის რისკს. ექიმის ქრონიკული გადაღლა კი პაციენტის უსაფრთხოების საკითხიცაა, რადგან გადაღლილობასა და პროფესიულ გადაწვას შეიძლება შეცდომების რისკის ზრდა უკავშირდებოდეს.
• უწყვეტი სამედიცინო დახმარება თუ ექიმი კონკრეტულ მომენტში მიუწვდომელია, კლინიკის ოფიციალურ ნომერს ან პროფესიულ საკონტაქტო არხს შეუძლია პაციენტი გადაამისამართოს სხვა ექიმთან ან შესაბამის სამედიცინო სერვისთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში გადაუდებელი დახმარება სპეციალურად არის ორგანიზებული და არ არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული ექიმის პირად ტელეფონზე.
მაგალითად, გერმანიაში:
112 - სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობებისთვის;
116117 - გადაუდებელი სამედიცინო პრობლემებისთვის, რომლებიც სიცოცხლისთვის დაუყოვნებლივ საშიში არ არის, მათ შორის არასამუშაო საათებში სამედიცინო დახმარების მისაღებად.
დიდ ბრიტანეთში:
999 - გადაუდებელი შემთხვევებისთვის;
NHS 111 - სასწრაფო, მაგრამ არა სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო პრობლემებისთვის.
აშშ-ში:
911 - გადაუდებელი შემთხვევებისთვის; ხოლო სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენება შესაბამისი კლინიკები, health system-ები და urgent care სერვისები.
ასევე არსებობს ასისტენტები, ექთნები და ა.შ. ანუ სისტემის იდეა ასეთია: პაციენტს არ უნდა უწევდეს იმის გარკვევა, სად იმყოფება მისი ექიმი, სძინავს თუ არა, შვებულებაშია თუ არა ან შეუძლია თუ არა კონკრეტულ მომენტში პასუხის გაცემა.
სწორედ ამიტომ, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციისთვის უფრო უსაფრთხო და პროფესიული მიდგომაა ოფიციალური საკონტაქტო არხი - კლინიკის ნომერი, პროფესიული ტელეფონი ან შესაბამისი business account - მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო საათებით და გადაუდებელი შემთხვევებისთვის შესაბამისი სერვისების მითითებით.
ექიმის პირადი ნომრის არგაზიარება არ ნიშნავს პაციენტის უგულებელყოფას. პირიქით, ეს არის პროფესიული საზღვრების, პაციენტის უსაფრთხოების და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების სისტემის ნაწილი," - განმარტავს ექიმი.
გააზიარე სტატია