Logo

სასარგებლო რჩევები

უნდა მივმართოთ თუ არა გასტროენტეროლოგს, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის დროს? - ექიმი ჯაბა ზარქუას განმარტება

უნდა მივმართოთ თუ არა გასტროენტეროლოგს, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის დროს? - ექიმი ჯაბა ზარქუას განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჰალითოზი, ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, დღეს-დღეობით საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და მას, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ორმოცდაათი პროცენტი უჩივის.

ადამიანების ნაწილი სათანადო სერიოზულობით არ აღიქვამს პრობლემას და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტის დაგეგმვის ნაცვლად სხვა დამხმარე საშუალებებს იყენებს - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ.

ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.

კბილი

მაინც რომელი პროფილის ექიმს უნდა ეწვიოთ, როცა ჰალითოზი გაწუხებთ?

საქართველოში ყველაზე ხშირად პაციენტებს ამ პრობლემით გასტროენტეროლოგებთან ამისამართებენ...თუმცა როგორც გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა ამბობს, ეს ტენდენცია მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული და სინამდვილეში გასტროენტეროლოგიური პრობლემები ჰალითოზის გამომწვევ მიზეზებში წამყვან პოზიციაზე სულაც არ გახლავთ.

ექიმი კომპეტენტურ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით განიხილავს იმ მიზეზებს, რომლებიც ჰალიტოზის გამომწვევად შეიძლება ჩაითვალოს.

ჰალითოზის მიზეზი ყველაზე ხშირად უბრალოდ ფიზიოლოგიურია - დილით გამოხატული სუნი პირიდან ბუნებრივია და სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.

რაც შეეხება პათოლოგიურ მიზეზებს, მათგან ყველაზე ხშირი პირის ღრუს მიზეზებია. ეს არ არის მხოლოდ თვალით ხილული მიზეზები, როგორებიცაა დაზიანებული კბილები. ჰალითოზის მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს დაავადებები, გინგივიტი, პერიოდონტიტი, ენის გამალებული შელესვა და ასე შემდეგ...

კბილი

მშრალი პირის ღრუ - ამ პათოლოგიას შეიძლება სხვადასხვა წამლები იწვევდეს, მათ შორის ანტიდეპრესანტები, შარდმდენები, კვებითი დანამატები და ასე შემდეგ.
შემდეგია ტონზილარული მიზეზები - ტონზილიტი - გადიდებული და შეწითლებული ტონზილები, პერიტონზილარული აბსცესები - შეშუპებული ტონზილების უფრო გართულებული ფორმა და ასე შემდეგ.

დენტალური პროთეზები - დენტალურ პროთეზებსაც შეუძლია გახდეს ჰალიტოზის მიზეზი, თუ ის დიდი ხნის წინ შეიცვალა.

შემდეგ მოდის ცხვირის ღრუდან მომდინარე მიზეზები - სინუსიტი, ასევე რესპირატორული მიზეზები - ბრონქიტი და ასე შემდეგ.

გასტროენტეროლოგიური მიზეზები ჩამონათვალში მხოლოდ ამის შემდეგ გვხვდება. ამ მიზეზთა შორისაა:

  • ცენკერის დივერტიკული
  • გასტრო-ინტესტინალური ფისტულა
  • ჰელიკობაქტერიული ინფექცია
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი

თუმცა ამ ბოლო ორი დაავადების კავშირი ჰალითოზთან საბოლოოდ დადასტურებული არ არს.

ასევე მიზეზთა შორისაა სისტემური დაავადებები - დიაბეტური კეტოაციდოზი, მძიმე თირკმლის პრობლემა, ღვიძლის მძიმე დაავადება.

ჯაბა ზარქუას განცხადებით, ეს ისეთი მძიმე დაავადებებია, რომ პაციენტის ჰალითოზამდე აუცილებლად სხვა პრობლემა შეაწუხებს.

არის ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური მიზეზები, მაგალითად, როცა ყნოსვისა და გემოვნების აღქმა იცვლება, პაციენტთან სხვადასხვა ნერვის პრობლემის გამო.

კბილი


და ბოლო არის სუბიექტური მიზეზები. აქ იგულისხმება შემთხვევა, როცა ჰალითოზი სულაც არ არის ჰალითოზი და არის ჰალიტოფობია. ანუ სინამდვილეში უსიამოვნო სუნი არ არსებობს, არამედ ადამიანს ეშინია არ ჰქონდეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

„ალბათ გაგიკვირდებათ „გასტროზე“ აქცენტი რტომ არ არის. მაგრამ ფაქტია,რომ ეს მიზეზი არ არის ხშირი. პაციენტის სადმე გადამისამართებას ბევრიი ფიქრი უნდა. ყველა ზედმეტი ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროში რასაც ვდგამთ, ზედმეტ ხარჯებთან, დაკარგულ დროსთან, იმედგაცრუებასთან, არის დაკავშირებული... ასეთი მიდგომა ფრუსტრაციას იწვევს და ჩივილიც უარესდება.
ასე რომ, საიდანაც არ უნდა მოვუაროთ, რაც უნდა გვითხრან ტვ-ში და რეკლამებში, რაც უნდა აილაპარაკონ, გასტროენტეროლოგებმა და არაგასტროენტეროლოგებმა, სანდო წყაროებში გასტროენტეროლოგიური პრობლემები ჰალითოზის გამომწვევ მიზეზად არ ითვლება.

ეს არის მეცნიერება და ამის იქით, ყველაფერი არის არაფერზე დაფუძნებული ჭორაობა. რასაც შეუძლია ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანოს,“ - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

02/13/2026

გასტროენტეროლოგისუნი პირიდანჯაბა ზარქუაჰალითოზი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024