ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მშობლებს ხშირად უჭირთ ბავშვის სურვილსა და რეალურ საჭიროებას შორის ზღვრის გავლება. ზოგჯერ „არას“ თქმა დანაშაულის განცდას იწვევს, თითქოს ბავშვისთვის რაღაცის აკრძალვა სიყვარულის ნაკლებობას ნიშნავს. თუმცა ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის, ყურადღება და მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ასაკის შესაბამისი საზღვრების დაწესება.

უნდა შევუსრულოთ თუ არა ბავშვს ყველა სურვილი და რა შეიძლება მოხდეს, თუ მშობელი კაპრიზებს მუდმივად დათმობით პასუხობს?
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი განმარტავს.
" ბავშვის სიყვარული მისი ყველა სურვილის შესრულებას არ ნიშნავს.
პირიქით, ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე სწორი ფორმა მშვიდად ნათქვამი „არაა“.

ბავშვს სჭირდება არა მშობელი, რომელიც ყველა კაპრიზს უსრულებს, არამედ მშობელი, რომელიც უსმენს, უგებს, მაგრამ საზღვრებსაც უწესებს.
სურვილის არშესრულებისას იმედგაცრუება, გაბრაზება და პროტესტიც ნორმალურია-სწორედ ასე სწავლობს ბავშვი ემოციების მართვას, მოთმინებას, მოცდას და იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის ჩვენი სურვილის მიხედვით არ ხდება.
მეორე უკიდურესობაც არასწორია. მუდმივი აკრძალვა და მკაცრი „არა“.
ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და ასაკის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ამიტომ ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა: მოვუსმინოთ სურვილს, ვაღიაროთ მისი ემოცია, დავაწესოთ გონივრული საზღვარი, ვიყოთ თანმიმდევრული. და თუ "არა“ ვთქვით მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვმა იტირა, იყვირა ან გაბრაზდა, შემდეგ კი "კი“-დ გადავაქციეთ, ბავშვი სწავლობს არა საზღვრებს, არამედ იმას, რომ ძლიერი პროტესტით მათი შეცვლა შესაძლებელია.
ბავშვს ყველაფერი არ უნდა მივცეთ, რასაც ითხოვს-უნდა მივცეთ ის, რაც ბევრად უფრო ღირებულია: სიყვარული, ყურადღება, არჩევანის უფლება და უსაფრთხო საზღვრები," - გვირჩევს პედიატრი.
08/27/2026