სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრმა - დიმიტრი ხაჩიძემ თავის რჩეულს ხელი სთხოვა. თითქმის სამ წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, სპორტსმენმა ეს ამაღელვებელი მომენტი ლისაბონში, ქრისტეს ქანდაკების წინ გამოიყენა და დაბნეულ ნინი სურმანიძეს ბეჭედი მუხლმოდრეკილმა გაუწოდა (ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ბმულზე)
მოჭიდავე "ზმნას" მკითხველს ემოციებს ლისაბონიდან უზიარებს.

დიმიტრი ხაჩიძე: 6 დეკემბერს შეჯიბრი მქონდა, ამერიკის და ესპანეთის კლუბები დავამარცხეთ.
ხელის თხოვნა კი, მას შემდეგ დავგეგმე, რაც პორტუგალიის ჭიდაობის კლუბი დამიკავშირდა და მათი წევრობა შემომთავაზა. ძიუდოს მსგავსად, ათი წევრი გუნდური ფორმატით ასპარეზობს. ცხადია, დავთანხმდი და ნინისთან ერთად ჩამოვედი. ვიფიქრე, რომ ლისაბონში ხელის თხოვა დაუვიწყარი იქნებოდა. თანაც ქრისტეს ქანდაკებასთან!

ძალიან მოულოდნელი იყო ნინისთვის. ბეჭედი ხელიდან გაუცდა და დაბნეულობისგან პირველი რაც იკითხა იყო - მართლა?
ვიდეოს უცხო ადამიანი გვიღებდა და ხელის თხოვნის პროცესში, წამებში, იმდენი უცხო ადამიანი მოგროვდა, უხერხულობისგან ვეღარ მივხვდით, რა გვექნა. ტურისტული ადგილია, ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების ირგვლივ ბევრი ხალხი ირევა. თუმცა ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ დააინტერესებდათ, გაიზიარებდნენ ჩვენს სიხარულს და მოსალოცად მოვიდონენ. ამაღელვებელი იყო, ამდენი უცხო ადამიანი მოდიოდა და გვილოცავდა.
***
დიმიტრი ქალაქ ტირანაში გამართული ჩემპიონატიდან, მარტში, ოქროს მედლით დაბრუნდა.
ჩემპიონი მოჭიდავე ბორჯომელია. მშობლიურ კუთხეზე შეყვარებული სპორტსმენის დარწმუნება ვერავინ შეძლო, რომ საქართველოს სახელით ეასპარეზა. ის მუდმივად ბორჯომის სახელით ჭიდაობს.

ჩემპიონობის გემო პირველად შვიდი წლის წინ გაიგო. ევროპის ჩემპიონი კადეტებში 15 წლის ასაკში გახდა. ცხადია, მაშინ კარგად ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა მის თავს. მაკედონიაში პიედესტალზე რომ აიყვანეს და საქართველოს ჰიმნი ჩართეს, მაშინდელი ემოცია დღემდე გამოყოლილი აქვს.
14 მარტს ალბანეთში მოპოვებულ ოქროს მედალს კი, ტაიმაუტის შემდეგ საყვარელ სპორტში დაბრუნებად მიიჩნევს.

ნინი დიმიტრის მუდამ გვერდით ჰყავს და ასპარეზობის დროს განსაკუთრებულ ძალას ჰმატებს.
"ნინი რთულ მომენტებში გვერდით მიდგას. მისთვის პრიორიტეტი არა ჩემი ჭიდაობა, არამედ ჩემი ჯანმრთელობაა. ძალიან მამშვიდებდა ტრავმებისა და ტაიმაუტის დროს. "მე მჯერა შენი" - ესაა ნინის სიტყვები, რომელიც ყოველთვის ძალას მმატებს" - ამბობს დიმიტრი.

12/09/2025