საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კახი კავსაძის თავს გადამხდარ სასწაულზე შესაძლოა გაგებული გქონდეთ. ლეგენდარული მსახიობის ძმამ, ოპერის მომღერალმა - იმერი კავსაძემ, ჩვენთან გაიხსენა, როგორ განკურნა კახი უწმინდესის ლოცვამ მძიმე სენისგან.
იმერი კავსაძე: – ეს ისტორია იმდენად დაუჯერებელს ჰგავს, ვინც ჩვენ კარგად არ გვიცნობს, მისი დაჯერება უჭირთ. ვინც გვიცნობს, იცის, რომ მას ჩვენ არ მოვიგონებდით. ეს მოგონილი ამბავი არ არის. ეს ნამდვილად იყო.
კახის ბევრი ნარკოზი ჰქონდა განაკეთები, უამრავი ოპერაცია გადაიტანა, თან მძიმე ოპერაციები. ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებდა.
გერმანიაში მორიგი გამგზავრების წინ, კახის საშარდე ბუშტზე გადაუღეს სურათი და ყვავილივით გაშლილი პოლიპები აღმოჩნდა, ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს… გამგზავრების წინ მივიდა უწმინდესთან. მან დალოცა და გამოაცხადა, ბატონი კახი გერმანიაში მიდის და მოდით, მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცოთო. იქ მყოფმა სასულიერო პირებმა, ყველამ ერთად ილოცეს კახისთვის. ასე დალოცა და გაუშვა პატრიარქმა.

კახი ჩავიდა გერმანიაში, აჩვენა ექიმს გადაღებული სურათი. როდესაც გერმანელმა პროფესორმა ძველი სურათი ნახა, თავიდან გასინჯა და რენტგენი ხელახლა გადაუღეს, ჰოი, საოცრებავ, იქ კვალიც არ იყო დაავადების. კი მაგრამ რატომ ჩამოხვედი? აქ არაფერი არ არისო, უთხრა.
კახი, საერთოდ, მორწმუნე იყო. მას ღმერთის სწამდა და ალბათ, ამიტომ იყო, რომ უწმინდესის ლოცვამ და დალოცვამ, მასზე ამდენად იმოქმედა. მას სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა...
კახი ჰყვებოდა, ეს კაცი ჩემი სურათის ნახვისას გაშავდაო. დაიწყეს ექოსკოპიის კეთება, ვაა, გაოცებულია. დაუძახა განყოფილების უფროსს, მერე პალატის ექიმს, ყველანი გაშტერებული ათვალიერებდნენ თურმე დაავადებულ ორგანოს. მაგრამ წინა დღეს გადაღებული სურათი, ექოსკოპიისას აღარ დახვდათ! აბსოლუტურად გამქრალი იყო ის პოლიპები.
“იმიტომ აღარ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო” – უთქვამს გერმანელი ექიმებისთვის კახის. ისინი გაოცებული უყურებდნენ თურმე.

სასწაულია, აბა, რა არის?
გერმანიიდან დარეკა საპატრიარქოში. უწმინდესს კახის თავს მომხდარი სასწაულის შესახებ გადასცეს. ჩამოვიდა თუ არა, მივიდა პატრიარქთან... მეც ვახლდი. მისაღებში ველოდით. უწმინდესი გამოვიდა თავისი ოთახიდან. კახი მიეჭრა, დაეცა მუხლებზე, მოეხვია და ხელზე ეამბორა. უწმინდესმა თავზე დაუთათუნა ხელი... მაშინ მოუყვა კახიმ ყველაფერი.

მე, კახის და გივი ბერიკაშვილს ტრადიცია გვქონდა, საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე დავდიოდით. ჩვენთან ერთად იყო ქალბატონი გულიკო ჩაფიძეც. ასეთი ჯგუფი იყო... გივის წასვლის შემდეგ, მე და კახის, ეს ტრადიცია დაგვერღვა. ერთხელ მივედით და ისე გაგვიჭირდა, თითქოს რაღაც გვაკლდა. მას შემდეგ გვინდოდა წასვლა და რაღაც გვაჩერებდა, ვერ მივდიოდით.
კახის შემდეგ ვერ მივდიოდი. და გაგანია პანდემიის დროს, თვითონ მოინდომა ჩვენთან, ოპერის მომღერლებთან შეხვედრა. გიორგი ლომისელს დაავალა ორგანიზება. მოკლედ, ტესტები გავიკეთეთ და ნიღბებით მივედით. სოლისტების დიდი ჯგუფი მიგვიღო.
უწმინდესი ვეღარ იყო ისეთ ფორმაში, მე რომ მახსოვდა. თუმცა თბილად შეგვხვდა, ისეთი თვალებით და ისეთი ყურადღებით გვისმენდა ყველას. მე გავხსენი შეხვედრა, კახი ახალი წასული იყო და ძალიან გამიჭირდა. ბოლოს "მრავალჟამიერით" დავასრულეთ - მე რომ "კახის მრავალჟამიერს" ვეძახი, ეს ის არის-მეთქი, გამოვცხადე.
შემდეგ იყო შეხვედრა მოჭიდავეებთან. გიორგი ლომისელის ორგანიზებით, ამ შეხვედრაზეც ვიყავი. ეს იყო ჩვენი ბოლო მისვლა საპატრიარქოში.

პატრიარქის გენიალობა ამაშია, ყველასთან ურთიერთობაში ყოფინიდა ძალა. თითოეული ადამიანი ჰყავდა გულში, მათთან კი ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა. სინათლე შეჰქონდა ყველა ადამიანში. ეს იყო მისი თვისება. უწმინდესისგან წამოსული, საპატრიარქოდან რომ გამოვდიოდი, მეგონა, ფრთები მქონდა და ავფრინდებოდი. მინდოდა ასე მომხდარიყო. ჩვეულებრივი განწყობით ვერ გამოხვიდოდი. კახის ავადმყოფობამდე, ჩვენ ხომ ყოველ კვირას დავდიოდით საღამოს ლოცვაზე, იქიდან გამოსულს კი, მართლა აფრენა გინდოდა...
გულზე მიკიდა უწმინდესის ნაჩუქარი ჯვარი და მექნება სულ. მის გარეშე გარეთ არ გავდივარ.
- ზღვა ხალხი ემშვიდობება უწმინდესს. ამის შემხედვარე რას ფიქრობთ?
- ეს არის ჩვენი ქართული გენი და ის სიყვარული, რომელიც ჩვენში დათესა. ახლა ხომ ყველაფერი მოიმკო. ყველამ დაინახოს, კაციშვილი ხელს ვერ დაგვადებს. ჩვენს ქართულ გენზე და ერზე სიტყვის თქმას ვერავინ შეჰბედავს.
ვცდილობ, უცხო თვალით დავინახო ამდენი ხალხის მსვლელობა. ეს ხომ ფოტოშოპი არ არის, სპეციალურად გაკეთებული ხომ არ არის, როგორ შეიძლება ამდენი ხალხი უწყვეტად მიდიოდეს, მაგრამ ასეა. დიდი გავლენის მომხდენია ეს დღეები. შვიდი საათი ვიდექიო, კაცმა თქვა. ქალები ხელში აყვანილი ბავშვებით... დგანან და ეთხოვებიან უწმინდესს. აი, ეს დათესა უწმინდესმა.
03/20/2026