საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პატრიარქის და ინგუში ბიჭის ამბავი, ერთი რიგითი ისტორია არ არის. სამყაროს არსზე რომ დაფიქრდები, ის ამბავია...
ამინ შადიჟევმა უწმინდესთან დაკავშირებით, "ზმნას", ისეთი ისტორიები უამბო, რასაც უახლოესი გარემოცვა არასდროს მოჰყვება.
გულწრფელად გვიამბო და თან დასძინა, მიყვარხართ ქართველები, საქართველოს გაუმარჯოსო.
ამინ შადიჟევი: მოგიყვებით, როგორ მმასპინძლობდა უწმინდესი. ძალიან გვიყვარდა ერთად სადილობა. ზოგჯერ ჩვენთან ერთად მისი ახლობელი, სამი-ოთხი ადამიანი სადილობდა. იქ საპატრიაქროში მაცხოვრებელი ახლობლები. თუმცა მახსოვს, რამდენჯერმე უცხო ადამიანიც მჯდარა სუფრასთან.
პატრიარქს თავისი ჭურჭელი ჰქონდა, თავისი თეფში, ჭიქა, მხოლოდ მისთვის მომზადებული საკვები. სხვა დანარჩენს ერთნაირი ჭურჭელი გვედგა, მას - პერსონალური. ზოგჯერ უბრალოდ იჯდა და არ მიირთმევდა, თავჩარგული იჯდა. მე კარგად მყავდა შესწავლილი, უკვე ვიცნობდი. ნელ-ნელა გამომხედავდა, მიყურებდა, მეც თვალს თვალში გავუყრიდი. ასეთ დროს სულ ვეკითხებოდი, უწმინდესო, რატომ არ ჭამ? უკვე გეახელიო, იტყოდა. ვეწინააღმდეგებოდი, არა, უნდა ჭამო-მეთქი. ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც მე ვუბედავდი პატრიარქს. ჭამეთ ახლავე-მეთქი და თუ არ დაიწყებდა ჭამას, მოდი, უნდა გაჭამო-მეთქი და ჩემი ხელით ვაჭმევდი. ძალიან, ძალიან უყვარდა ჩემი ხელიდან ჭამა. დიდი სიამოვნებით აკეთებდა ამას. თითქოს ჩემგან ამას ელოდა. ეს ხშირად ხდებოდა.
გშია? დაგაპურებო, ხშირად მეტყოდა თვითონაც.
ეს საოცარი ისტორიაც უნდა მოგიყვეთ. ერთ-ერთი მისვლის დროს, რეზიდენციასთან ბევრი მანქანა იდგა. დაცვას ვუთხარი, გადაეცით, რომ აქ ვარ, მაგრამ რახან ახლა ამდენი სტუმარი ჰყავს, არ ვაპირებ ასეთ ფორმაში შესვლას-მეთქი. გადასცეს და მეუბნებიან, უწმინდესი გელოდებაო. გზას ვადექი და ამ მიღებისთვის შესაფესად არ ვიყავი გამოწყობილი. მოკლედ, შემიყვანეს.

პატრიაქის მარჯვნივ ცარიელი სკამი იდგა. ჩინოვნიკები ჰყავდა სტუმრად. მივხვდი, სადაც უნდა დავმჯდარიყავი და დავუჯექი მარჯვნივ.
რაღაც დღესასწაული იყო, არ მახსოვს. მითხრა, ადექი, სტუმრებს მიესალმე და მიულოცე ესა და ეს დღესასწაულიო. რაც მითხრა, გავიმეორე.
იყო მილოცვები, სადღეგრძელოები და საუბრები. და გემრიელი სუფრა... შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ამ დროს, არ ვიცი, ეს რა იყო, ისე ძლიერად მომინდა ნაყინი, რომ ერთი კოვზი ნაყინის სანაცვლოდ, რას არ მივცემდი. ვიღიმი, თავს ვუქნევ საზოგადოებას, მაგრამ არაფერი მესმის, მხოლოდ ნაყინზე ვფიქრობ. მაგრამ ამაზე არაფერი მითქვამს.
ამ დროს პატრიარქმა რაღაც უთხრა მონაზონს. ის წავიდა და მალევე დაბრუნდა ნაყინის ფიალით! გადავირიე! უწმინდესმა ჩემი აზრები წაიკითხა! სუფრაზე რომ მოეტანათ ნაყინი, ვიფიქრებდი, რომ მენიუში ჰქონდათ იმ დღეს, მაგრამ მხოლოდ მე მომიტანეს, სპეციალურად მხოლოდ მე...
უწმინდესმა ნელ-ნელა გვერდიდან გამომხედა და ხელი მომითათუნა:
- ამინ, ჭამე. თბილი ღიმილით, რბილი ხელის მოთათუნებით, მოფერებით...
მე ასეთი პატრიარქი მახსოვს სულ...
03/27/2026