Logo

უზრუნველყოფს თუ არა კალციუმი და D ვიტამინი მოტეხილობების პრევენციას? - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

უზრუნველყოფს  თუ არა კალციუმი და D ვიტამინი მოტეხილობების პრევენციას? - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

09/18/2026

ტექსტის ზომა

წლების განმავლობაში კალციუმი და D ვიტამინი ძვლების ჯანმრთელობასთან თითქმის განუყოფლად ასოცირდებოდა. ამ დანამატების მიღებას განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებს ურჩევენ იმ იმედით, რომ ისინი ძვლებს გაამაგრებს და დაცემისას მოტეხილობის რისკს კი შეამცირებს.

კლაცი დე3

სამედიცინო ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური სისტემური მიმოხილვა ამ გავრცელებულ მიდგომას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

2026 წლის მაისში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევრებმა 69 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მონაცემები გააერთიანეს.

მთლიანობაში 153 902 ადამიანი მონაწილეობდა კვლევებში, სადაც კალციუმის, D ვიტამინის ან მათი კომბინაციის მიღებას პლაცებოს ან დანამატების არმიღებას ადარებდნენ.

კლაცი დე3

რა აჩვენა კვლევამ?

ადამიანების უმრავლესობაში კალციუმის, D ვიტამინის ან ორივეს ერთად რუტინულმა მიღებამ მოტეხილობებისა და დაცემის რისკის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ვერ აჩვენა.

D ვიტამინის ცალკე მიღების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის მოტეხილობის რისკი პრაქტიკულად არ შეცვლილა. კალციუმის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი დამცავი ეფექტი არ დაფიქსირებულა. კალციუმისა და D ვიტამინის ერთად მიღებისას კი ზოგიერთი შედეგი სტატისტიკურად უკეთესი იყო, თუმცა რეალური, აბსოლუტური სარგებელი იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ მკვლევრებმა ის კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტად არ მიიჩნიეს.

კლაცი დე3

მაგალითად, კალციუმისა და D ვიტამინის კომბინაციის შემთხვევაში ყველა ტიპის მოტეხილობის აბსოლუტური შემცირება დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტი იყო, ბარძაყის მოტეხილობის შემთხვევაში კი დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტი.

თანაც, ამ ეფექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმა კვლევამ განაპირობა, რომელშიც განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ.

მკვლევრებმა ცალ-ცალკე შეაფასეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, ქალები და კაცები, მონაწილეთა საწყისი D ვიტამინის მაჩვენებლები და საკვებიდან მიღებული კალციუმის რაოდენობაც. საერთო სურათი არსებითად არ შეცვლილა, თუმცა მაღალი რისკის მქონე ჯგუფების შესახებ მონაცემები გაცილებით შეზღუდული იყო.

არავინ უარყოფს, რომ კალციუმი ძვლის ნორმალური სტრუქტურისთვის აუცილებელი მინერალია, ხოლო D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ თუ ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი, ოსტეოპოროზი ან სხვა კონკრეტული ჩვენება არ აქვს, დანამატების რეგულარულად მიღება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მომავალში მოტეხილობა არ დაემართოს, შესაძლოა უსარგებლო იყოს.

კლაცი დე3

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ კვლევათა მხოლოდ მცირე ნაწილში ჰქონდათ მონაწილეებს D ვიტამინის ძალიან დაბალი საწყისი მაჩვენებელი.

69 კვლევიდან მხოლოდ ორში იყო საშუალო D ვიტამინის დონე 25 ნმოლ/ლ-ზე ნაკლები, ანუ მძიმე დეფიციტის მქონე ადამიანებზე მონაცემები ძალიან მწირია.

შესაბამისად, კვლევის შედეგებიდან არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობას აზრი არ აქვს.

The BMJ-ის თანმხლები სარედაქციო სტატიის ავტორებიც ხაზს უსვამენ, რომ D ვიტამინის დეფიციტის, წარსულში გადატანილი მოტეხილობის, ოსტეოპოროზის მკურნალობის ან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ცხოვრების შემთხვევაში არსებული მტკიცებულება არასაკმარისია და ამ ჯგუფებისთვის ცალკე კვლევებია საჭირო.

2026 წლის ივლისსა და აგვისტოში კვლევას ორგანიზაცია Osteoporosis Canada გამოეხმაურა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ კვლევის შედეგები ძირითადად შედარებით დაბალი რისკის მქონე, დამოუკიდებლად მცხოვრებ უფროს ადამიანებს ეხება და ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს ოსტეოპოროზის მქონე პირებზე, ან მათზე, ვისაც უკვე ჰქონდა ე.წ. მყიფე მოტეხილობა, იღებს ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მკურნალობას ან D ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკი აქვს.


წყარო: The BMJ

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

დე ვიტამინიკალციუმიკვლევამოტეხილობაძვლები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026